მთავარი,სიახლეები

სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

17.10.2016 • 2492
სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები.

გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია. „ფილტვებისა და ბრონქების ანთებით არიან საავადმყოფოში“, – უთხრა ბავშვების მამამ „ბათუმელებს“.

4 თვის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„ახლა მე კახეთში ვარ, ბავშვი გადმოვასვენე და მამაჩემის გვერდით დავკრძალე. ხვალ ვბრუნდები ბათუმში ჩემს შვილებთან. გადმოსვენების თანხაც ვიღაცა ადამიანებმა მომცეს, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და მკითხა რამდენი თანხა მჭირდებოდა. რომ მივედი, ჩემი ბავშვი ეჭირა ხელში და ტიროდა… სხვებმაც მომცეს ფული. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რანაირად გადმოვასვენე, მანქანა საიდან მოვიდა… ვიღაც უცნობი ადამიანები მეხმარებოდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში ჯ.ტ-მ – ჩვილის მამამ.

როგორც მამაკაცი ყვება, მას საცხოვრებელი არსად არ გააჩნია. „სახლი არსად არ მაქვს. ცოტა ხნით გურიაში ვცხოვრობდი. სახლის პატრონი იყო თბილისში, მაგრამ მერე დაბრუნდა გურიაში საცხოვრებლად და მითხრა, რომ უნდა დამეცალა სახლი. აჭარაში წამოვედი და რამდენიმე თვის წინ ჩაქვში დავსახლდი. ბინა კი ვიქირავე, მაგრამ ფულს არ ვიხდი, ბინის პატრონს ვუთხარი, რომ ფული არ მაქვს, მაგრამ მაინც არ გამომაგდო სახლიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მამამ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი ნაქირავებ ბინაში გადასვლამდე ჩაქვში არსებულ ძველ ფერმაში ცხოვრობდა, სადაც არათუ პატარა ბავშვების, არამედ უფროსი ადამიანების ცხოვრებისთვისაც არავითარი პირობები არ არის.

გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ არც ის და არც მისი მეუღლე არ მუშაობენ: „მეუღლე ბავშვებს უვლის. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, გულის არითმია მაქვს და ორივე მუხლში წყალი მიდგას, მენისკი მაქვს. საჭმელი საერთოდ არ მქონდა ბავშვებისთვის. გუშინ სოციალურიდან იყვნენ მოსულები და მოგვიტანეს საჭმელი“.

ბავშვის შიმშილით გარდაცვალებას თითქოს გამორიცხავენ სოციალური აგენტები, რადგან, მათი თქმით, ჩვილი დაბადების დროს იყო 1.200 კილოგრამი, გარდაცვალების დროს კი 4 კილოგრამს იწონიდა.

აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ქარცივაძის თქმით, ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს იმიტომ არ ჰქონდა, რომ აჭარაში არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, სოციალურმა აგენტებმა ბავშვების საკვებითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ინფორმაცია მიიღეს.

სოციალური სააგენტოს თუ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის იმ თანამშრომლების თქმით, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატარას გადარჩენას ცდილობდნენ, ამბობენ, რომ მათ ბავშვის შესახებ ინფორმაცია მშობლებისგან არ მიუღიათ. „ცოტა ადრე რომ გვქონოდა ინფორმაცია, ალბათ შევძლებდით მის გადარჩენას“, – უთხრა ერთ-ერთმა აგენტმა „ბათუმელებს“.

ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა. აკა თბილისში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად არამხოლოდ სხვადასხვა ნივთებსა და საკვებს აგროვებს, არამედ ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობს და შეგროვილი თანხით შეჭირვებული ადამიანებისთვის საკვებს ყიდულობს.

„გუშინ ჩაქვში ბავშვები შიმშილისგან ცუდად გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი ბავშვი, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა გართულებული დაავადებების გამო. სასწრაფოდ მისახედები არიან და ხვალ წავალ. ერთი თხოვნა მაქვს: იქნებ ვინმემ გამართული მანქანა მათხოვოთ ერთი დღით, რაც სჭირდებათ ყველაფერს ჩავუტან“, – დაწერა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც გუშინვე ჩამოვიდა ბათუმში.

აკა სინჯიკაშვილი იქვე წერდა, რომ “შეიძლება სამკურნალო ფული დასჭირდეთ საავადმყოფოში“ და ასევე გამოაქვეყნა ანგარიშის ნომერი, სადაც შეიძლება თანხის გადარიცხვა.

ანგარიშის ნომერი:

თიბისი ბანკი

GE9TBB7603845061100016

გადაბეჭდვის წესი


ასევე: