Batumelebi | რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე – Batumelebi
RU | GE  

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე

იმ 747 პედაგოგს შორის, რომლებიც საგნობრივ გამოცდაზე გავიდნენ, ბარიერი მხოლოდ 173-მა პედაგოგმა დაძლია. სპორტის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდაზე პირველად წელს, ივლისში გავიდნენ. 70 ქულიდან გამსვლელი 43 ქულა იყო. იმისათვის, რომ სპორტის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა დააგროვოს. რა ევალებათ სპორტის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმით და რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს თანამედროვე სკოლები?

ბათუმში (აჭარაში) სპორტის რამდენმა პედაგოგმა ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, ამის მონაცემები არც განათლების სამინისტროს აქვს და არც ბათუმის რესურსცენტრს. თუმცა, ბათუმის რესურსცენტში გვეუბნებიან, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი სპორტის მოქმედ მასწავლებლებს არ უნდა ჰქონდეთ.

53 წლის ელენე ურუშაძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია. მან საგნობრივი გამოცდა ივლისში ჩააბარა, თუმცა უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჯერ არ მოუპოვებია. ამისთვის, როგორც პედაგოგი გვეუბნება, კიდევ 9 კრედიტის დაგროვება სჭირდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სპორტის მასწავლებელს მოეთხოვება დაწყებითი, საბაზისო და საშუალო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის უნარ-ჩვევები.

„მე ჩოგბურთელი ვარ, გავლილი მაქვს ევროკავშირის ტრენინგები მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთის ტრენინგები, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი გვიტარებდა. დარეგისტრირებული ვარ 5-კრედიტქულიან ტრენინგზეც და პროფესიული უნარების ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მივიღებ,“ – გვეუბნება ელენე ურუშაძე.

პედაგოგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის პედაგოგმა კარგად იცოდეს  ბავშვის ანატომია: „ხერხემლის ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი, კუნთები, მათი განვითარება, აქტიური და განმავითარებელი ვარჯიშები, პულსის გამოთვლა ასაკის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმები.

სპორტის გაკვეთილი მეშვიდეა, მაგრამ ბავშვები თითქმის ყოველთვის ესწრებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც პასიურობენ, მაგრამ მაინც ვცდილობ რაიმე ფორმით ჩავრთო პროცესში. ბევრს არ აცვია სპორტული ტანსაცმელი, მაგრამ უარს არ ვეუბნები და თუ თამაში უნდა მოსწავლეს, მაინც ვათამაშებ.“

ელენე ურუშაძის თქმით, ბათუმში „სამი თუ ოთხი სპორტის მასწავლებელია, ვინც საგნობრივი გამოცდა ჩააბარა“. არის ისეთი სკოლები, სადაც სპორტის გაკვეთილებს მნიშვნელობა არ ენიჭება.

ქეთი ქობალია, სპორტის ექსპერტ-კონსულტანტია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი თქმით, სპორტი ყველაზე რთული ჩასატარებელია – ინფრასტრუქტურას მოითხოვს. სპორტის მასწავლებლები  კომპლექსური პრობლემის წინაშე დგანან, რადგან სკოლების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

„არის სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სპორტული დარბაზი, არ აქვთ ეზო, ან მარტო სტადიონია  და ცუდ ამინდში კლასში უწევთ ბავშვებს ყოფნა. არის შემთხვევები, როცა გაკვეთილების ჩატარება სააქტო დარბაზში უწევთ სპორტის მასწავლებლებს. არის შემთხვევა, როცა სპორტულ დარბაზშია გამოსაცვლელები, მაგრამ სხვა ფუნქციით აქვთ დატვირთული და იქ შესვლა შეუძლებელია,“ – გვეუბნება ის.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სპორტის გაკვეთილები სავალდებულოა ყველა საფეხურზე. დაწყებით საფეხურზე, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, გაზრდილია სპორტის გაკვეთილების რაოდენობაც. თუმცა, სპორტის გაკვეთილი სკოლებში მაინც მეორეხარისხოვან გაკვეთილებად რჩება.

„ამაში დამნაშავეა არა მხოლოდ სკოლა ან სახელმწიფო, არამედ მშობელიც, რადგან ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ამ გაკვეთილის მნიშვნელობა და რატომღაც არ უკავშირებენ ჯანმრთელობას. მშობელი მიიყვანს ისეთ სკოლაში ბავშვს, სადაც არ ტარდება მათემატიკა? მაგრამ სადაც სპორტი არ ტარდება, იქ მიჰყავთ. არც კი აპროტესტებენ, თუ სპორტის გაკვეთილი არ ტარდება. აი, ეს არის პრობლემა,“ – ამბობს ქეთი ქობალია.

სკოლაში სპორტის გაკვეთილი ძირითადად ბოლოა. ქეთი ქობალიას აზრით, სასურველია სპორტის გაკვეთილი პირველი იყოს ან მინიმუმ მესამე. მაგრამ დილის გამამხნევებელი ვარჯიში ქართულ სკოლებში, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება, ამიტომ განტვირთვისთვის და ჯანმრთელობისთვის სასურველია, რომ მესამე ან მეოთხე გაკვეთილი იყოს სპორტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  მონაცემებით, 2016 წელს გამოკვლეული 24 ათასი ბავშვიდან, სქოლიოზი 281 ბავშვს გამოუვლინდა. პროგრამა სამი წელია ფუნქციონირებს და მთლიანობაში, სქოლიოზის 1248 შემთხვევაა გამოვლენილი 15 წლამდე ბავშვებში.

„კვირაში სპორტის ორი გაკვეთილი არც არის საკმარისი, დაწყებით კლასებში ყოველდღიურად საჭიროა სპორტით დატვირთვა, რადგან ბავშვის ნორმალური მდგომარეობაა მოძრაობა. ამ ასაკში 5-6 საათი მერხთან ჯდომა არის ტანჯვა. ბავშვის ხერხემლის კუნთები არ არის განვითარებული, რის გამოც ყალიბდება სქოლიოზი.  სპორტის პოპულარიზაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკა, მეტი რეკლამა“.

ქეთი ქობალიას განმარტებით, სპორტის პედაგოგებს, ვისაც საგნობრივი გამოცდების ჩაბარებამდე პროფესიული უნარ-ჩვევების გამოცდა ჰქონდათ ჩაბარებული, პირდაპირ მიენიჭათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ვისაც ეს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს, საგნობრივი გამოცდის შემდეგ მათ უნდა გაიარონ 5-კრედიტიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს თანამედროვე მიდგომებსა და შეფასებებს, ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლებისა და შეფასების მეთოდებს. ასევე მოუწევთ 4-კრედიტქულიანი ორი შიდა სასკოლო დაკვირვების გაკვეთილის ჩატარება.“

სპორტის საგნობრივ გამოცდაზე ზაფხულში 1029 პედაგოგი დარეგისტრირდა. გამოცდაზე 747 გავიდა, რომელთაგან ბარიერი 173-მა პედაგოგმა დაძლია.

შეფასებისა და ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გავიდნენ როგორც მოქმედი, ასევე პედაგოგობის მსურველი მასწავლებლები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com