ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა.
თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა.
არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია აკვირდებიან არჩევნებს, ასევე – ცნობილი საერთაშორისო მისები.
ცესკოს ვებგვერდის მონაცემებით, საჩივრები მცირე რაოდენობით დაუწერიათ პარტიებს: „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“. როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე დარღვევები ვერც იმ ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი არ არის.
ცესკოს თანახმად, 24 საჩივრიდან 3 საჩივარი „ოცნების“ წარმომადგენლებს დაუწერიათ. სამივე საჩივრით „ოცნების“ წარმომადგენლები „ლელოს“ წარმომადგენლებს უჩივიან და ვიდეოგადაღების წესების დარღვევას ედავებიან.
„ლელოსა“ და გახარიას პარტიის საჩივრებში კი, ძირითადად, უბნიდან ასი მეტრის რადიუსში სიებიანი პირების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვაზე, უბანთან აგიტაციაზე, პარტიის წარმომადგენლისთვის ხელშეშლაზე, ხმის მიცემის წესის დარღვევაზე, რეგისტრატორების მაგიდების განლაგებასა და სხვა, მსგავს საკითხებზეა საუბარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ოცნების“ მასშტაბური რეპრესიების ფონზე, ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.






