ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება.
შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს.

ბათუმის N12 ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაცია ხელშეკრულებით 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაწიეს / ფოტო: 30.09.2025
რატომ დასჭირდა საბავშვო ბაღის შენობას დაახლოებით 5 წელში ხელახალი რეაბილიტაცია? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში არ უპასუხეს და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაგვამისამართეს.
ბაღის შენობას დღეს სწორედ ამ ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ამხანაგობა CIC & KK არემონტებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილობით მიგვემართა.
2023 წლის იანვარში საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ იწყებოდა ახალი პროგრამა, რომელიც „ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს… საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება“.
რადგან ბათუმის N12 ბაღის შენობაზე სამუშაოები ამ პროგრამის ფარგლებში ტარდება, „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა კითხვით – თუ რა პრინციპით შეარჩიეს აღნიშნული ბაღის [და სხვა ბაღების] შენობა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. [მერიის პასუხს მიღების შემთხვევაში სტატიაში ინფორმაცია განახლდება].
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, N12 ბაღი მერიამ 2017 წლის სექტემბერში გახსნა. გახსნამდე კი ბაღის რემონტში 968 883 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ანაგმა“ შეასრულა.

ბათუმის N12 ბაღის გარემონტებული შენობა / 18 სექტემბერი, 2017 წელი / ფოტო: ბათუმის მერია
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ბაღის შენობას 2018 წლის სექტემბერში რაიმე „ხარვეზი და დეფექტი“ არ ჰქონდა.
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2016 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს „ანაგი“-იმ დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს. საგარანტიო ვადის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა… არ ვართ წინააღმდეგი დაუბრუნდეს შპს „ანაგი“-ის დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული 2,5%“ – წერდა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს 2018 წლის მარტში.
ამ წერილისა და ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადების თარიღის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაცია, მისი ბოლო რეაბილიტაციიდან სულ რაღაც 5 წელში გადაწყვიტეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ქალაქ ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე“ ტენდერი პრეისკურანტით 2023 წლის 7 ნოემბერს გამოაცხადა.
აღნიშნული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ვინაიდან ფონდის სატენდერო კომისიამ ერთადერთ მონაწილე პრეტენდენტს, ამხანაგობა CIC & KK-ს დისკვალიფიკაცია მისცა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
ფონდმა ხელახალი ტენდერი იმავე წლის 22 ნოემბერს გამოაცხადა და გამარჯვებულად იგივე ამხანაგობა – CIC & KK გამოავლინა, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის 26 დეკემბერს გააფორმა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, N3, N12 და N26 ბაღების რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება 13 710 410 ლარზეა გაფორმებული; 2025 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ამხანაგობისთვის უკვე გადარიცხულია 6 355 222 ლარი [აქედან 4 113 123 ლარი ავანსად]. უშუალოდ N12 ბაღისთვის კი, ამავე პორტალის მიხედვით, 4 211 548 ლარი დაიხარჯება.
ამხანაგობასა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში, ანუ 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 2025 წლის 19 მარტს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბერი – ბათუმის ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ სამუშაოები დღეს სამივე ბაღში გრძელდება.
რაც შეეხება ვადის ცვლილების მიზეზებს: „საბავშვო ბაღების შენობების დროულად ვერ დაცლა ინვენტარისგან, ვინაიდან მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ასევე, აჭარის რეგიონში მასშტაბური სტიქია, რამაც ხელი შეუშალა მიმწოდებელს სამშენებლო ტერიტორაზე სამუშაოების წარმართვაში“, – აღნიშნულია ცვლილების დოკუმენტში.
„ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და 20 ნოემბერს უნდა დასრულდეს. სტიქიას რაც შეეხება, ამ ზამთარს სამ მეტრიანი თოვლი იყო მთელ აჭარა-გურიაში და ჩაკეტილი იყო… ზოგადად, 20 დღე არ ვმუშაობდით და ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო ეგეც, მაგრამ ძირითადი და მთავარი შემაფერხებელი [N12 ბაღთან დაკავშირებით] იყო ის, რომ შენობა დაიცალა გვიან, სადღაც 2024 წლის ივლისის ბოლოს, თუ აგვისტოს დასაწყისში“, – უთხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში სულხან გოგიბერიძემ, ამხანაგობა CIC & KK-ის თავმჯდომარემ.
„აქ თან არის რეაბილიტაცია და ეს ცოტა სხვა რაღაცაა. ისეთი რაღაცები ჩნდება ხოლმე – მაგალითად, კონსტრუქციული ჩარევები გახდა საჭირო და რეაბილიტაცია არ მიდის ისე მარტივად, როგორც ახლის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ესეც არის ერთ-ერთი შემაფერხებელი, თუმცა… მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 20 ნოემბრისთვის სამუშაოების დასრულება მოვასწროთ. დანარჩენს შევხედავთ, როგორ განვითარდება, ყოველი შემთხვევისთვის უნდა მოვასწროთ“, – ამბობს სულხან გოგიბერიძე.
N12 ბაღის შენობაზე, 2016 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული და უკვე შესრულებული სამუშაოები, მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც მეორდება. მაგალითად: კიბე, პანდუსი, სახურავი, კედლების მოწყობა, კარ-ფანჯრები [ალუმინის და მეტალპლასტმასის], მოაჯირები, იატაკები, საქვაბე, ელექტრობა, წყალსადენი და კანალიზაცია, გათბობა და სხვა.
„კი, ყველაფერი გამოიცვლება. ბაღების ხელახალი რეაბილიტაცია იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ… გადაკეთდა ოთახები, ისა, ესა, იგივე ენერგოეფექტურობა შენობის და სხვა“, – ამბობს სულხან გოგიბერიძე.

თბოიზოლაციის სამუშაოები ბათუმის N12 ბაღის წინა ფასადზე / ფოტო: 30.09.2025
მიმდინარე ეტაპზე პროექტით არის ისეთი სამუშაოებიც, რომელიც შენობაზე არ ჩატარებულა წინა სამუშაოების დროს. მაგალითად: ლიფტები, სახანძრო უსაფრთხოება, ქვაბამბის გაკვრა ფასადზე და სხვა.
შენობის ფასადზე სამუშაოები დაწყებულია და ძირითად ნაწილზე ქვაბამბაც გაკრულია, თუმცა ფასადი დაუცველია და წვიმაც ასველებს. ამხანაგობის თავმჯდომარეს ისიც ვკითხეთ, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ეს სამომავლოდ შენობის ენერგოეფექტურობაზე.
„ეს არის ვენტილირებადი ფასადი და ვენტილირებადი ფასადის მთელი შინაარსი ეს არის, რომ იქ ჰაერმა უნდა იმოძრაოს და სწრაფად შრება. მაგრამ ქვაბამბას ზემოდან აქვს მემბრანაც [შავი რაც არის]. ეს დამცავი მემბრანაა და ისე არ სველდება, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია“, – გვითხრა სულხან გოგიბერიძემ.
შესყიდვის პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ამხანაგობა „CIC & KK“ ერთ ინდმეწარმეს და ერთ შპს-ს აერთიანებს: ი.მ. კობა კაცაძეს – მისი ვალდებულება იყო ქალაქ ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს“, რომლის ვალდებულებაა აღნიშნული პროექტების საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულება. „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი და დირექტორი კი, სულხან გოგიბერიძეა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. მაგალითად, 2023 წელს 85,7 მილიონი ლარი დაიხარჯა; 2024 წელს 225 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი; 225 მილიონი ლარია გათვალისწინებული 2025 წლის ბიუჯეტშიც.
თანხის ათვისებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდია პასუხისმგებელი, რომელიც დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვემდებარეა. ადრე ის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა.
2025 წლის აპრილში ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გადადგა. გადადგომას წინ უძღოდა მისი უწყების – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფა. ქარსელაძე ამ თანამდებობაზე იყო 2021 წლის 22 თებერვლიდან.
2025 წლის 20 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველმა“ „შაბათის ეთერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იკვლევს – სწავლობენ ტენდერებს და საქმე დიდ ფულს ეხება.
„პირველისვე“ ინფორმაციით, ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან, სამშენებლო ბიზნესში წავიდა, ახალი კომპანია კი ყოფილი ჩინოვნიკებით დააკომპლექტა. კომპანიის კომერციული დირექტორი გახდა დავით ტაბიძე – მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი. დღეს, 30 სექტემბერს კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, შპს „ლაგი კაპიტალის“ დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბრალდებულებმა – 2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა – დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ამასთან, ბრალდებულები „თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს“.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით“.






