მთავარი,სიახლეები

შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

26.09.2025
შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა].

ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

რაც შეეხება ფასებს, შსს აღნიშნულ ტკბილეულში ჯამში მაქსიმუმ 1 მილიონ 28 ათას ლარს გადაიხდის. თუმცა, ეს არის სატენდერო სავარაუდო ღირებულება და საბოლოო ფასი ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

ამასთან, შსს არ იქნება ვალდებული ტკბილეულის ზემოთ მითითებული რაოდენობა სრულად შეისყიდოს [თუმცა, ვერც იმას გავიგებთ, რამდენს შეისყიდის, ვინაიდან სამინისტრო ამ მონაცემებს უბრალოდ არ ასაჯაროებს].

შესყიდული ტკბილეული [2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში] ტენდერის მიხედვით შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:

რამდენი შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეიძინა შსს-მ ბოლო პერიოდში, ინფორმაცია იმ მიზეზით არ არსებობს, რომ შსს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებულ შესყიდვებისა და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს აღარ აქვეყნებს.

აღნიშნული ხელშეკრულებები შსს-მ უნდა ატვირთოს შესყიდვების პორტალზე ველში – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები [CMR].

გასულ წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“

ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“, როგორც ჩანს, 2019 წლიდან დღემდე გრძელდება.

2017 წელს კი, შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზად შსს ასახელებდა იმ ფაქტს, რომ შოკოლადის გარკვეულ პარტიაში აღმოჩნდა ობი და შოკოლადის შიგთავსში მიკრობთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი იყო გაზრდილი; მაშინ სამინისტროს ეს ტენდერი 1 მილიონ 58 ათას 989 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

თუ შევადარებთ, გამოდის, რომ მიმდინარე წელს შსს 5 თვის სამყოფ ტკბილეულში იმდენივეს გადახდას გეგმავს, რასაც შვიდი წლის წინ 10 თვის სამყოფ ტკბილეულში იხდიდა, ანუ მარტო ტკბილეულისთვის საჭირო ხარჯები მინიმუმ გაორმაგებულია [2017-18 წლების 10 თვეში 104,3 ტონა ტკბილეულისთვის 1,058 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი; 2025-26 წლების 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულისთვის კი – 1,028 მილიონი ლარია გამოყოფილი].

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაწყებიდან მოყოლებული პოლიციელებისთვის და სპეცრაზმელებისთვის ბატონის ტიპის შოკოლადებს დამატებითაც ყიდულობდა – ყოველგვარი ტენდერის გარეშე.

ამჯერად, ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის [შოკოლადი გულსართით, გულსართიანი ტკბილეული და კარამელის კანფეტი] შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2025 წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 097 781.80 ლარია.

ამ ტენდერის ფარგლებში შესასყიდია ჯამში 54 488 კილოგრამი სხვადასხვა ტკბილეული [ამაში შედის შსს-ს მიერ შესასყიდი ტკბილეულიც, დანარჩენი ოდენობა კი თავდაცვის სამინისტროს შპს „ სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისთვის“ არის განკუთვნილი]:

ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის დასახელება, ჯამური რაოდენობა და ზღვრული ღირებულება / წყარო: კონსოლიდირებული ტენდერი

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს – 29 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: