მთავარი,სიახლეები

მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

12.10.2016
მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა.

“ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც საარჩევნო სუბიქტების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა,” – ამბობს საოლქო კომისიის იურისტი, სულიკო შვენთიძე.

ვიდრე საოლქო კომისია საკითხს კენჭს უყრიდა, კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ 58-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომისიას საქმიანობაში ხელს უშლიდნენ და „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ ახდენდნენ კონკრეტულად „სამართლიანი არჩევნების“  და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„როცა დარღვევას ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი,“ – მიმართა კომისიის თავმჯდომარეს მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა. მან სხვა შემთხვევებიც გაიხსენა, როცა მედიით ციალა შავაძემ ასევე “ფსიქოლოგიური ზეწოლა” მოიყვანა სხვა უბანზე მომხდარი დარღვევის გასამართლებლად: “ეს, მგონი, რაღაც ახალი ტერმინი გაჩნდა. თქვენი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება, როცა მხოლოდ მინიმალური სანქციებით შემოიფარგლებით და ამართლებთ დარღვევას, არის წამახალისებელი ფაქტორი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. უბნებში ეუბნებოდნენ კიდეც ჩვენს დამკვირვებლებს, დაწერეთ საჩივრები, მაინც ვერაფერს დაგვაკლებთო. მაგალითად, ჩვენს დამკვირვებელს, ია ხასიას კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ გამოიძახებდა პოლიციას…  თქვენი ეს დამოკიდებულება არ არის მიმართული იქეთკენ, რომ მინიმუმ საუბნო კომისიის წევრების კომპეტენცია გაიზარდოს”.

ხმაურიანი აღმოჩნდა კიდევ ერთი საქმის განხილვა – ბათუმის 85-ე უბანზე, სადაც ძირითადად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა და მსჯავრდებულებმა მისცეს ხმა [სპეციალური უბანი], შესწორების ოქმი შემაჯამებელ ოქმზე ადრეა შედგენილი.  კომისიამ ეს შეუსაბამობა უხეშ შეცდომად არ ჩათვალა და ამ შემთხვევაშიც, პასუხისმგებელი პირების მიმართ გაფრთხილება გამოიყენა. 85-ე უბნის საქმის განხილვის დროს, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხვა წევრებს ოქმების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა და მოითხოვა ოქმები დაუყონებლივ მისთვის მიეტანათ.

„იმიტომ, რომ თქვენ კომისიის თავმჯდომარე ხართ, არ გაძლევთ უპირატესობას კომისიის სხვა წევრებს ოქმების გაცნობის საშუალება არ მისცეთ,“ – მიმართა რეპლიკით ოლქის თავმჯდომარეს მადონა ბერიძემ.

“სამართლიანი არჩევნები” სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ბათუმის ოლქმა მას უარი უთხრა ბათუმის 69-ე ოლქის პირველი უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე. ამ შემთხვევაში, ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ბათუმის საოლქო კომისიამ ამ უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე უარი თქვა.

მხოლოდ ბათუმში 7 უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა გუშინ, 11 ოქტომბერს დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: