კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება

12.10.2016 • 1836
მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება

2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული.

„ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს ნაწილობრივ უარის თქმაც და რაღაცებზე დამატებით დაფინანსების მოძიებაც. ძირითადად, დაბალანსდება ფინანსური დახმარების ხარჯზე. ბიუჯეტის შიგნით შემოსავლების პროგნოზებიც შეიძლება შეიცვალოს,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ ვანაძემ, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ძირითადი პარამეტრების მიხედვით, მომავალი წლისთვის ქალაქის ბიუჯეტში მცირდება პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები და ნაცვლად 3,7 მილიონისა 2,5 მილიონითაა განსაზღვრული. შემოსულობების კლება ასევე გამოწვეულია „სხვა ტრანსფერების“ გამო, რაც პროექტში გაწერილი არ არის. წელს კი ბიუჯეტში ამ სახის ტრანსფერი 38 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

ეს არის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეცტრანსფერი, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ – განმარტავენ მერიაში. „ამ კაპიტალური ტრანსფერის გადმოცემის ვალდებულება აჭარის მთავრობას არ აქვს, მაგრამ ვთანხმდებით ამაზე და სწორედ ამ ტრანსფერის ხარჯზე შემცირდება ნაშთიც,“ – ამბობს არჩილ ვანაძე.

კითხვაზე – საკმარისი იქნება თუ არა აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი მერიის მიერ დაგეგმილი სავარაუდო პროგრამების განსახორციელებლად?  არჩილ ვანაძე პასუხობს: „ეს არის ძალიან ოპტიმისტური ხედვა, ანუ ის ღონისძიებები, რაც, ჩვენი აზრით, უნდა დაფინანსდეს. მაგრამ, შეიძლება იყოს ისეთი პროექტები, პირობითად, ვთქვათ, რაიმე კაპიტალური ობიექტის მშენებლობა და სხვა, რაც გვინდა მომავალ წელს გავაკეთოთ, მაგრამ შემოსავლებიდან გამომდინარე, ალბათ მოგვიწევს იქეთ წელში გადატანა. ეს მონაცემები, სავარაუდოდ, დაკორექტირდება შემცირების მიმართულებით, ვინაიდან ამხელა მოცულობის დაფინანსება 2017 წელს არ იქნება“.

ბათუმის მერია

ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობა

წინასწარი გათვლებით, მომავალი წლიდან თითქმის 4 მილიონი ლარით იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების [მერიისა და საკრებულოს] დაფინანსება. 29 მილიონით უნდა გაიზარდოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამები; 4 მილიონი ლარით შემცირდება კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროს დაფინანსება;  ხოლო 3 მილიონი ლარით გაიზრდება მოსახლეობის ჯანმრთელობის  დაცვა და  სოციალური უზრუნველყოფა.

მომავალი წლიდან ბათუმის ბიუჯეტში აღარ იქნება გრაფა – „თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“, რისთვისაც გასულ წელს 1 მილიონზე მეტი, ხოლო მიმდინარე წელს 25 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

„2015 წელს სახანძრო სამსახურს მერია აფინანსებდა და მაგიტომ იყო მილიონზე მეტი ბიუჯეტში. ეს 25 ათასი ლარი კი რეზერვისტთა ტრანსპორტირების ხარჯია. ჩავთვალეთ, რომ პრიორიტეტებში ეს საერთოდ არ ყოფილიყო და გადავიტანეთ წარმომადგენლობით ხარჯებში. სხვათა შორის, წარმომადგენლობითი, საერთო დანიშნულების ხარჯებში შედის სესხის მომსახურების ხარჯებიც და ამიტომაა გაზრდილი. უშუალოდ მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები სამომავლოდ არ იზრდება,“ – აცხადებს არჩილ ვანაძე.

ბათუმის ბიუჯეტში 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ხარჯები ყოველთვის სჭარბობს შემოსავალს. შესაბამისად, „პრიორიტეტების“ დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, თუ სამომავლოდ მერიას 85 მილიონის მოძიება მოუწევს, 2018-2020 წლებში ეს ციფრი შესაბამისად, 71, 54 და 51 მილიონი ლარი იქნება.

პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი ამოცანები კი არის:

  • ბათუმის ძველი საზღვრების ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
  • ბათუმის სამხრეთ სანაპირო ზოლის ახალსოფელი-გონიო-კვარიათი-სარფის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  • ჩაქვი-მახინჯაური-მწვანე კონცხის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების განვითარების მიზნით „ჩატარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; უნდა მოხდეს ქალაქის სანიაღვრე არხების სისტემის კაპიტალური რეაბილიტაცია და ქალაქის დატბორვის რისკების მინიმიზაცია; ქალაქის საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება; სამგზავრო-სატრანსპორტო მუნიციპალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – ღია/სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, მწვანე საფარის გაზრდა, შესაბამისი მართვის სისტემების დანერგვა“ და სხვა.

კონკრეტულ პროგრამებს, როგორც მერიაში გვითხრეს, ახლა ამუშავებენ. ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი კი, კანონით, 15 ნოემბრამდე უნდა წარედგინოს ბათუმის საკრებულოს. მერია ქვეყნისა და აჭარის ბიუჯეტებიდან მისაღები დახმარებების ზუსტი ოდენობის მოლოდინშია. არჩილ ვანაძის თქმით, „როცა შევთანხმდებით და დახმარების საბოლოო ციფრი გვეცოდინება, მერე გვექნება პროექტები, პროგრამები და მიმდინარე თვის ბოლოს მათი საჯარო განხილვაც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: