მთავარი,სიახლეები

„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

21.09.2025
„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

34 წლის სალომე სალაძე ავსტრიაში ცხოვრობს, ამჟამად ვენის უნივერსიტეტში მუშაობს. 9 წლის წინ აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სალომე სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ძირითადად ტურისტულ მიმოსვლაში შეაფერხებს საქართველოს მოქალაქეებს.

სალომე წლებია ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში საქმიანობს და ავსტრიაში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ხშირი შეხება აქვს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ევროპასთან გამარტივებული მიმოსვლის შეჩერების მთავარი ზიანი ადამიანების ჯანმრთელობასა და პირად ტრაგედიებს უკავშირდება.

ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც ვიზალიბერალიზაციამდე ერთი წლით ადრე ავსტრიაში ახალგაზრდა ქართველი ბიჭი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის საელჩომ მაქსიმალურად სცადა დახმარება, მის ძმებს რვა დღე დასჭირდათ ვიზის მისაღებად – „ამ რვა დღეში ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ანუ ცოცხალს ვერ ჩამოუსწრესო“.

  • სალომე, როდის და რატომ წახვედით ავსტრიაში?

ცხრა წლის წინ, ავსტრიაში წამოვედი უკეთესი განათლების მიღების სურვილით. ვისწავლე პოლიტიკის მიმართულებით. ახლა მეორე მაგისტრატურა დავამთავრე. სწავლის პარალელურად, წლების განმავლობაში ვსაქმიანობდი ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში – ქართულ საკვირაო სკოლაში, გვაქვს სტუდენტური ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც ვარ, ასევე გვაქვს ქართული ცენტრი, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას ავსტრიაში.

ორჯერ ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში – ჩემ მოვალეობაში შედიოდა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების გამართვა, რომლითაც საქართველო უნდა გაეცნოთ ავსტრიელებს; ერთმანეთთან ვაკავშირებდით ქართველ ახალგაზრდებს. ასე დავრჩი ავსტრიაში. 

  • ხშირი მიმოსვლა გაქვთ საქართველოში?

როდესაც აქტიური სტუდენტი ვიყავი, ვახერხებდი  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ საქართველოში ჩამოსვლას. ახლა წელიწადში ოთხი-ხუთჯერაც ვახერხებ ჩამორბენას. გარდა ამისა, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ნათესავი ძალიან, ძალიან ხშირად მსტუმრობენ.

აქაც ვიზალიბერალიზაციასთან მივდივართ, ჩვენი ქვეყნის სწორედ ამ საოცარი მონაპოვარია, რომ ადამიანებს შეუძლიათ დღეს იყიდონ ბილეთი და ხვალ უკვე ევროკავშირში იყვნენ ოჯახის წევრების მოსანახულებლად. 

ავსტრიაში ძირითადად სხვა ტიპის ემიგრაციაა საქართველოდან – სწავლის ან მუშაობის მიზნით ჩამოდიან და ნაკლებად გვაქვს შეხება ეგრეთ წოდებულ არალეგალურ მიგრაციასთან. 

მაგრამ მაგალითად, თუ ავიღებთ საბერძნეთს, იტალიას და სხვა ქვეყნებს, იქ უფრო მნიშვნელოვანია და იგრძნობა ვიზალიბერალიზაციის საჭიროება – არსებობენ ადამიანები, რომელთაც 5, 10 და 15 წელია ოჯახის წევრები არ უნახავთ და ახლა მათთვის გაცილებით მარტივია მშობლებისა და ახლობლების მონახულება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

  • სალომე, სამედიცინო სერვისებისთვის რამდენად ხშირად ჩამოდიან საქართველოდან ავსტრიაში?

საკმაოდ ხშირად. ავსტრია არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა საფრანგეთსა და გერმანიასთან ერთად, სადაც ქართველები ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად მიმართავენ აქაურ მედიცინას. ზოგი ლტოლვილის სტატუსით ბარდება, ზოგი კი დაგეგმილი გამოკვლევისთვის ჩამოდის.

ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში ჩემი საქმიანობის განმავლობაში არაერთ ქართველ პაციენტს მოხალისეობრივად გავყევი თარჯიმნად. ხშირ შემთხვევაში არ იციან გერმანული ენა და ამიტომ, აქ მცხოვრები ქართველები, აი, ასე მოხალისეობრივად ძალიან ხშირად მივყვებით ხოლმე პაციენტებს, რომ დავეხმაროთ ექიმთან კომუნიკაციაში.

ათეულობით პაციენტს გავყევი მე, უშუალოდ, სხვადასხვა საავადმყოფოში, ძირითადად ვენაში არსებული საავადმყოფოებში, სადაც ისინი სხვადასხვა სამედიცინო პრობლემით მკურნალობდნენ.

  • როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ამ ადამიანებზე?

საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვაზე ხშირად მხოლოდ ტურისტული სეგმენტის ჭრილში საუბრობენ, არადა რეალურად საქმე ბევრად უფრო სერიოზულ საკითხებს ეხება – განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მე საკვირაო სკოლაში ვასწავლი ქართულ ენას და ლიტერატურას, ჩემი მოსწავლეებიდან, რამდენიმე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიისა თუ სხვა მძიმე დაავადებისგან. ისინი ახლა აქ ცხოვრობენ, აგრძელებენ მკურნალობას, ხშირ შემთხვევაში, კონტროლს, რომ  დაავადების რემისიაში არ წავიდეს. აქვთ აქ ცხოვრების უფლება, მათ მშობლებს აქვთ აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება, ანუ ღირსეული პირობები შეუქმნა ამ ქვეყანამ.

ავსტრია არ არის გამონაკლისი.

ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც, ასე ვთქვათ, საქართველოდან მოუწიათ წამოსვლა იმიტომ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ისინი გაიმეტა სასიკვდილოდ. მათ ერთადერთი გზა, რაც მონახეს, იყო ის, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში მარტივად ჩამოვიდნენ აქ და ჩაბარდნენ ლტოლვილად. მე, როგორც ქართველს, რომელსაც თავად ეს პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ბევრთან მქონია შეხება, მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო ავსტრიისა და მთლიანად ევროკავშირის მიმართ.

მახსოვს შემთხვევა: ვიზალიბერალიზაციის შემოღებამდე ერთი წლით ადრე აქ ვენაში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის საელჩომ მაქსიმალურად სცადა დახმარება, მის ძმებს, რვა დღე დასჭირდათ ვიზის მისაღებად და ამ რვა დღეში ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ანუ ცოცხალს ვერ ჩამოუსწრეს. ახლა ნახევარ დღეში შეიძლება უბრალოდ აიღო ბილეთი და ჩამოხვიდე.

ეს ეხება სტუდენტებსაც. მე ძალიან ბევრ სტუდენტთან მაქვს შეხება, მათ ვიზალიბერალიზაციის წყალობით აღარ სჭირდებათ საქართველოში ვიზის განაცხადის შეტანა – ისინი ავსტრიაში ჩამოდიან მოწვევით, იწყებენ სწავლის პროცესს და ვიზაზე განაცხადს აქვე აკეთებენ. ბევრი სტუდენტი ზაფხულობით გერმანიაში სამთვიან ან რვათვიან სამუშაო პროგრამებში მონაწილეობს, იღებს ანაზღაურებას და იქ აღებული ხელფასით შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში თავიანთ სტუდენტურ ცხოვრებას იფინანსებენ.

ასე რომ ბევრად უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ვიდრე ტურისტული საკითხია.

  • უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე გიმოგზაურიათ ევროპაში? რამდენად რთული იყო პროცედურულად? 

დიახ, მე წლების წინ, სანამ ვიზალიბერალიზაცია შემოვიდოდა, მანამდე ვიყავი გერმანიაში ერთ-ერთი პროგრამით, სამთვიანი პროგრამით და შემდეგ უკვე ოპერ პროგრამით, ეს არის პროგრამა, როდესაც ოჯახში ცხოვრობ ერთი წლის განმავლობაში და ეხმარები ბავშვებთან, კონკრეტულად ოჯახსა და ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ შენ ენა ისწავლო.

მახსოვს, გერმანიის საელჩოში სანამ შევიდოდი, დაახლოებით 15-20 სახის საბუთი შევაგროვე. ძალიან რთული იყო ვიზიტის დაჯავშნა – რამდენიმე საათი ვეკიდე ტელეფონზე, რომ უბრალოდ ყურმილი აეღოთ. შემდეგ იქ გასაუბრება, რის შემდეგაც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ველოდე გერმანიის ვიზას და არ ვიცოდი, მომცემდა თუ არა. პროცედურულად ეს ნამდვილად ძალიან რთული იყო.

გარდა ამისა, აი, ბატონი კობახიძე, მე პრემიერად ვერ მოვიხსენიებ, ამბობდა, რომ როგორც ადრე ვიღებდით, ავიღებთ ისევ, რა პრობლემა არის ვიზის აღებაო. ვიზის აღება ფინანსებთან არის დაკავშირებული და საქართველოში, ალბათ 30% მაინც თვითდასაქმებულია, თუ ადამიანს არ უფიქსირდება სოლიდური შემოსავალი და სისტემატური შემოსავალი, მას ვიზას  ვერ მისცემენ – ფინანსურად ვერ დაადასტურებს იმას, რომ მას ევროკავშირში დარჩენა არ უნდა.

გარდა ამისა, როდესაც ადამიანს სასწრაფოდ წარმოექმნება ჯანმრთელობის პრობლემა და ყველამ ვიცით საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში რა ხდება, უბრალოდ შეიძლება ადამიანი ვერ გადარჩეს, იმიტომ, რომ დიდი დრო წაიღოს აი, ამ სავიზო საკითხების მოგვარებამ. 

ადამიანები და მათ შორის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, არ შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ იმხელა სიკეთეს, რაც ზოგადად ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას მოაქვს, ვიზალიბერალიზაციას მოაქვს. 

ჩვენ ხშირად ვისმენთ მესიჯებს „ოჯახის სიწმინდესა და ოჯახურ ფასეულობებზე“, მაგრამ ევროკავშირისთვის და მათ შორის, იმ ქვეყნისთვისაც, სადაც მე ვცხოვრობ, ავსტრიისთვის – მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრებაა. ოჯახი ვერ იქნება შეკრული იქ, სადაც ბავშვები შიმშილობენ და მშიერი სხედან გაკვეთილებზე. ვერ იქნება ძლიერი იქ, სადაც დედა და მამა ათასობით კილომეტრის იქეთ არის გადახვეწილი, რომ შვილები არჩინონ. და მით უმეტეს, იქ, სადაც პენსიონერი ნაგავში ეძებს საჭმელს ან არჩევს – წამალი იყიდოს, კომუნალური გადაიხადოს თუ ჩაისთვის შაქარი იყიდოს. ეს არ არის ოჯახის სიწმინდე და ოჯახების დაცვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: