მთავარი,სიახლეები

„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

27.08.2025
„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს.

ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან.

დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

ეს არასამთავრობოებია:

  1. ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
  2. ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
  3. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  4. ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“
  5.  ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
  6. ა(ა)იპ „საფარი“
  7. ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პროკურატურა არასამთავრობოებთან მიმართებაში იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „მტრული საქმიანობა“, „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა“.

პროკურატურა წერს: ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა  საპოლიციო ძალებთან,  დაპირისპირებაში, რასაც  მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა“.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“.

პროკურატურა ირწმუნება, რომ „აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ  და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად.

ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა არაერთი რეპრესიული კანონი, რაც მძლავრი ბერკეტია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დევნისთვის. ევროკავშირი „ოცნებას“ ამ კანონების გაუქმებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: