მთავარი,სიახლეები

13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება

28.08.2025
13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება

საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად.

ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

„საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები.

ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გასაუქმებლად.

ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან. ჩვენს წინაშე საერთო ეროვნული ამოცანაა – არ დავთმოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი, დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დავუბრუნოთ.

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც შედგება საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.

ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: