დღეს, 27 აგვისტოს, გენერალური პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სრულმასშტაბიან დევნას უწოდებს.
თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.
ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეს გაცხადებული დევნა „არ არის არც აგენტების და არც გრანტების კანონი, არც ფარა, ეს სამშობლოს ღალატის მუხლებია. სულ ცოტა, სამი უმძიმესი მუხლით მიდის გამოძიება. იცით ეს რას ნიშნავს? სასჯელები ასეთია: 7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო.
რა მუხლებია ეს:
საბოტაჟი (მ. 318) – საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა (2-4 წელი); ამავე მიზნით ნაგებობის, ტექნიკის, განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება (5-10 წელი); იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (10-20 წელი, უვადო).
უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მ. 319) – ასეთი დახმარება, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის 318-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები (7-15 წელი).
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა (მ. 321 პრიმა): მატერიალური რესურსების შეგროვება იმის შეცნობით, რომ იგი შესაძლებელია გამოიყენონ [318 და 319 მუხლებით] გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩასადენად (6-10 წელი); იგივე ქმედება თუ ის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის (10-15 წელი); თუ ამ ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია (15-20 წელი).
თუ დავაკვირდებით რა ქმედებაში სდებს პროკურატურა ბრალს ამ 7 ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვნახავთ, რომ ზემოთ ჩამოწერილი მუხლების ყველაზე მძიმე შემადგენლობებზეა საუბარი.
საჯარო განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეს ორგანიზაციები:
1. მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ;
2. უზრუნველყოფდნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობას;
3. იყენებდნენ ფინანსებს სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად.
როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა“.
__
დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
ეს არასამთავრობოებია:
- ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
- ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
- ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
- ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“
- ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
- ა(ა)იპ „საფარი“
- ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“






