სიახლეები

15 000 ტონა რუსული დიზელი ბათუმში – შემოსავლები ირწმუნება, რომ გემი და ტვირთი სანქცირებული არ არის

05.08.2025
15 000 ტონა რუსული დიზელი ბათუმში – შემოსავლები ირწმუნება, რომ გემი და ტვირთი სანქცირებული არ არის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოში გემით რუსული საწვავი შემოიტანეს, თუმცა აცხადებს, რომ არც ეს გემი და არც ტვირთი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არის.

ინფორმაცია, რომ გემმა საქართველოში რუსული საწვავი შემოიტანა, თავდაპირველად ენმ-ის ერთ-ერთმა, ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.

რას ამბობს შემოსავლების სამსახური?

“შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CAPIBARA”, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 15 000 ტონა დიზელის საწვავი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

რა ინფორმაცია გაავრცელა ლევან ხაბეიშვილმა?

“ივანიშვილი არ ჩერდება! ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით. მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ, 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…”, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა და ზემოხსენებული სქემის ხელმძღვანელობაში სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი დაადანაშაულა. შემოსავლების სამსახური თავის მხრივ ხაბეიშვილს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში.

“შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით, სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია (მათ შორის 2022 წელს სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ბათუმის პორტიდან თითქოს „გაპარვის“ შესახებ) არის მორიგი დეზინფორმაცია“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: