მთავარი,სიახლეები

რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს

30.05.2012 • 2413
რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს

ავტორი: ეთერ თურაძე

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი, ნიკოლოზ წიკლაური, წინასწარ პატიმრობაშია. დაახლოებით ორი თვის წინ მთავარ პროკურატურაში ჯერ საზღვაო აკადემიის იურისტი რამაზი ხალვაში დააკავეს, შემდეგ კი თავად რექტორი ნიკოლოზ წიკლაური. რამაზ ხალვაში 12 მაისს გაათავისუფლეს.

რა ბრალდება აქვს ნიკოლოზ წიკლაურს წაყენებული? -„ბათუმელების“ ამ კითხვას მთავარ პროკურატურაში წერილობით უპასუხეს: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნიკოლოზ წიკლაურმა, რომელიც „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორის თანამდებობაზე 2010 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 12 მარტამდე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“კუთვნილი ფულადი თანხა.

ჩადენილი დანაშაულისათვის ნიკოლოზ წიკლაურს წარედგინა ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის გაფლანგვა). მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.

სისხლის სამართლის საქმეს ამჟამად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამავე საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ იურისტის რამაზ ხალვაშის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2010 წლის ნოემბრიდან) ბრალეულობა.

კერძოდ, რამაზ ხალვაში დაეხმარა ნიკოლოზ წიკლაურს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ კუთვნილი თანხის გაფლანგვაში. მას 2012 წლის 13 მარტს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, თუმცა ეს ღონისძიება 2012 წლის 12 აპრილს შეეცვალა გირაოთი და იმავე დღეს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შემდეგ სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ანუ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკოლოზ წიკლაურს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარ პროკურატურაში არ გვიპასუხეს, რა რაოდენობის თანხის გაფლანგვას ედავებიან აკადემიის ყოფილ რექტორს.

ნიკოლოზ წიკლაურს აკადემიაში მოქმედი კაპიტანი ირაკლი შარაბიძე ჩაენაცვლა. იგი ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობას ასრულებს.„ბათუმელებთან“ ირაკლი შარაბიძემ თქვა, რომ საზოგადოება ამ კვირაში გაიგებს ახალი რექტორის არჩევნების თარიღს და კანდიდატების ვინაობას. მან პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა, მომავალ არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ, თუმცა საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი ინფორმირებული თანამშრომლის თქმით, აკადემიის რექტორი სწორედ ირაკლი შარაბიძე გახდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: