დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო გაიმართა ბათუმში, სადაც დაცვის მხარის მოწმეები დაკითხეს.
სასამართლოს დასრულებისას მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს ფურცელი აჩვენა წარწერით – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“.
მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ე.წ „ფარას“, ახალ რუსულ კანონს, რომელსაც „ქართული ოცნება“ 31 მაისს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ აამოქმედებს.

30 მაისი, მზია ამაღლობელის გზავნილი – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“
ახალი, რეპრესიული კანონით „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს აიძულოს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, – ყველას, ვისაც აქვს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რაიმე ტიპის ფინანსური მხარდაჭერა მიღებული, დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური გავლენის აგენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი დევნით ემუქრება.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში საიამ გაასაჩივრა. საია მიიჩნევს, რომ „ამ კანონის ბუნდოვანი შინაარსი, ასევ, განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად“.
საია ასევე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მიერ მიღებული „ფარა“ ვერანაირად ვერ ჩაითვლება ამერიკული კანონის იდენტურად, რადგან აშშ-ში ანალოგიური კანონი ასე არ მოქმედებს, „იქ კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას“- აცხადებს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.






