საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას.
„ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.
საკუთარი ოჯახისა და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ!
შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!
გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარ უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში” და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება … გარდა ერთისა!
მგონი დროა პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარი ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!
პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეული მოქალაქის ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს.
მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: „ვემსახურები საქართველოს“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.






