მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას უნდა ამ ქალაქიდან წავიდეთ – მოქალაქების შიში და პროტესტი მშენებლობის გამო

09.08.2024 •
ბათუმის მერიას უნდა ამ ქალაქიდან წავიდეთ – მოქალაქების შიში და პროტესტი მშენებლობის გამო

ბათუმში, თავდადებულის 48 -ში შპს „სეივ ბილდინგი“ 25 სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილის მომზადება უკვე დაიწყო.

სამშენებლო ნაკვეთის გვერდით, #50-ში, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ოჯახები მშენებელ  კომპანიას სამეზობლო მიჯნის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ადგილის მიტაცების მიზნით მოშალა ბეტონის კედელი, რომელიც თავდადებულის #40-ში მდებარე 15 სართულიან კორპუსსა და #48-ში მდებარე დასახლების ეზოებს ყოფდა.

სამეზობლო მიჯნაზე დანგრეული კედელი

15-სართულიან მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ კორპუსს ერთ მონაკვეთში ძირი გამოუთხარა. ამის გამო შიშობენ, რომ მათი საცხოვრებელი უსაფრთხო აღარ არის და სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას. აქ მცხოვრებლები მერიისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ. ისინი წუხან იმის გამოც, რომ არ არის დაცული პარამეტრები და „15-სართულიან სახლს 25-სართულიანი სახლი უნდა ჩამოაფარონ.“ ამბობენ, რომ განაშენიანების ეს პარამეტრები მათთვის მიუღებელია.

„უნდა, რომ კედელი ჩვენს სახლს გაუსწოროს: აღარც მზის შუქი გვექნება, აღარც ჰაერი. სახლის წინ გვექნება ყრუ კედელი“, – ამბობს ბულე ბარათელი.

„ნებისმიერ შემთხვევაში მერია როცა იღებს ამ გადაწყვეტილებას, ხომ უნდა გაითვალისწინოს სამშენებლო ადგილის გარემოებები? – ჩვენ წინ აქ ორი 25-სართულიანი შენდება. აქვე ჩემს ახლობელს სახლის რემონტის უფლება არ მისცეს. როგორ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს არ ვიცი, თუ ერთისთვის 25 და 50 სართული შეიძლება, მეორე ადამიანისთვის საკუთარი სახლის გაუმჯობესება არ შეიძლება? მსგავსი გადაწყვეტილებები მთელი ბათუმისთვის გაუგებარია. ამ ქაოსური, უპარკინგო და უეზოო მშენებლობების გამო, ჩვენი ცხოვრება ბათუმში გაუსაძლისი გახდა“, – ამბობს თამარ დონდუა.

თავდადებულის #50-ში მცხოვრებლები შიშობენ, რომ მათი სახლის გვერდით 25-სართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ არათუ მანქანის გასაჩერებელი, ფეხით გადასავლელი ადგილიც კი აღარ დარჩებათ.

წითლად შემოხაზულია მშენებლობის ადგილი

რენდერი

მობინადრეების ინფორმაციით, ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია გამოიძახეს, დაურეკეს პოლიციასაც. ისინი უსაფრთხოების გარანტიებს, სამეზობლო კედლის აღდგენას და მიჯნის დაცვას ითხოვენ, იმის მიხედვით, როგორც ამას სამშენებლო კოდექსი ითხოვს.

საქმე ისაა, რომ პროექტი „ავარიული სახლების“ ათვისების პროგრამის ფარგლებში უნდა აშენდეს, რაც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. ამ შეღავათების დაშვებაზე ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი გადაწყვეტილებას სათათბირო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს.

ამ საბჭოს ცოტა ხნის წინ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა სამსახურს გიორგი წანაწყენიშვილი ხელმძღვანელობს და ჩვენი ინფორმაციით ის ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოსაც – თუმცა ამ ინფორმაციას მერია არ ადასტურებს და ითხოვს „წერილობით გამოვითხოვოთ“.

რენდერი

 

თავდადებულის #50-ში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ „მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია გააჩერა და ტექნიკის გაყვანა მოითხოვა, მანამდე ვიდრე გაუგებრობები და ნებართვის საკითხი არ გაირკვევა.“

მათივე ინფორმაციით, „კომპანია ორ 25-სართულიან სახლს აშენებს და ჯერ მხოლოდ დემონტაჟის ნებართვა აქვს, პროექტის შეთანხმების პროცესშია.“

დოკუმენტების მიხედვით კი, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, შპს „სეივ დეველოპმენტი“ თავდადებულის #48-ში არსებული სახლების დემონტაჟის შემდეგ ნამდვილად გეგმავს 25-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო შენობაში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოფარეხი, სადაც 26 ერთეული ავტოსადგომი, დამხმარე ფართობები კომუნიკაციების განთავსების მიზნით, სახანძრო ლიფტები, კიბის უჯრედები, სამანქანე პანდუსი მოეწყობა.

პროექტის შესათანხმებლად მერიას კომპანიამ 2023 წლის ოქტომბერში მიმართა და კ2 კოეფიციენტის გაზრდაც მოითხოვა. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2023 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც კომპანიას პროექტის კოეფიციენტი 12.2-მდე გაუზარდა. ამავე ბრძანებაში მიუთითა, რომ გადაწყვეტილება სათათბირო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ამის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში, მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურმა კომპანიას რიგი საკითხების დაზუსტება და წარდგენილ პროექტში ცვლილებები მოსთხოვა – ხარვეზის გამოსასწორებლად კი 15 დღე მისცა. შემდეგ რა მოხდა, უცნობია.

ბათუმის მერიას ვკითხეთ, აქვს თუ არა კომპანიას დემონტაჟის ნებართვა, თუმცა არ გვიპასუხეს. ვკითხეთ მუნიციპალურ ინსპექციასაც, მოსახლეობის ზარის შემდეგ რეაგირებაზე. გვითხრეს, რომ კომპანია გააფრთხილეს შეაჩეროს სამუშაოები, ვიდრე სადავო საკითხები არ გაირკვევა. 

დღეს, 9 აგვისტოს საკრებულოს სხდომის პარალელურად ვცადეთ პირადად დაგვესვა კითხვები ამ საკითხზე მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსისთვის, თუმცა გიორგი წანაწყენიშვილი არ დაგველაპარაკა. როგორც ჩანს, მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის უფროსი საზოგადოებასთან თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს. 

შპს „სეივ ბილდინგი“ 2023 წლის 16 ივნისს დაფუძნებული კომპანიაა, კომპანიის 33/33 პროცენტს ედნარ და სერგო ხიმშიაშვილები ფლობენ, 34 პროცენტი კი შუქრი ზაქარაძის საკუთრებაა.

  • სამშენებლო კომპანიის განმარტება

სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, ედნარ ხიმშიაშვილის ინფორმაციით, „სეივ ბილდინგი“ თავად მშენებელი არ არის და დეველოპერია. უშუალო მშენებელი კი ნებართვის მფლობელის კონტრაქტორია. თუმცა ჯერ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს და მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოებია შეთანხმებული.

„არ ვიცოდი ამ დავის შესახებ, დავინტერესდი და ადგილზეც მივედი. ვესაუბრე მშენებელსაც, კედელი, რომელზეც არის საუბარი ჩვენს საზღვრებშია და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ რეესტრში. თანაც ეს არის ძველი კედელი და მათი კომპანიის აშენებული ვერანაირად ვერ იქნება. კომპანია დაახლოებით ასეთივე კედელს აღადგენს მშენებლობის დასრულების შემდეგ და ტერიტორია იქნება გაყოფილი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას. იქ მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაო და მხოლოდ ერთი ფენაა აღებული. მათი სახლის საძირკველს არ შევხებივართ და ეს ჩანს, კიდევ ერთი მეტრია მათი სახლის საძირკვლამდე. უსაფრთხოების არანაირი პრობლემა იქ არ არის, შემდეგ ეს ნაწილი შეივსება და მოსწორდება. ჩვენ ვაშენებთ ავარიული სახლების პროექტის ფარგლებში, ავითვისეთ ორმოცი ოჯახის ამორტიზებული საცხოვრებელი და ვაპირებთ ერთი კორპუსის მშენებლობას და არა ორს“, – განმარტა მან.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი – ფართობი 1800 კვადრატული მეტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: