დღეს, 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უკვე მესამე პროცესია, რაც სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უკვე მეორედ თქვა უარი სხდომის გახსნაზე. პროცესი ბრალდებულთა ახლობლებისა და სხდომაზე დამსწრეთა მსურველების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე გრძელდება.
სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკანონოდ არის დატყვევებული რეჟიმის მიერ.
„მიმაჩნია, რომ უკანონოდ ვართ დატყვევებული, მტკიცებულებების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს, ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? როგორი შეუგნებელი მონა უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს არ მისცე დედ-მამის ნახვის უფლება.
რა დააშავა დედაჩემმა მაია ლეკიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. თუ ჩემს მშობლებსა და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლო პროცესზე, მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ.
მინდა, რომ დავტოვო დარბაზი.
და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი, სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო ასეთია და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამე.
საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის და ახლა გთხოვთ, დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ“- ასე მიმართა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს რეზო კიკნაძემ სასამართლო დარბაზში.
სხდომის სრულად გახსნის შუამდგომლობა დააყენა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა. მან შუამდგომლობას დაურთო 130-მდე ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც სასამართლოს შენობასა და ეზოში იყვნენ და ითხოვდნენ სხდომაზე დასწრებას. მიგინეიშვილმა დააზუსტა, რომ სხდომაზე დასწრების სურვილი გაცილებით მეტ ადამიანს აქვს, მაგრამ ეს რაოდენობა იმიტომ წარადგინეს, რომ დარბაზში მხოლოდ ამდენი ადგილია.
ირაკლი შვანგირაძემ ისე თქვა უარი ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ არც კი შეუხედავს მოქალაქეთა ხელმოწერებისთვის.
შვანგირაძემ არც მონიტორები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ დაუშვა დარბაზში.
ნახეთ ვიდეო: