განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში პერსონალური ინფორმაციის კონტროლისთვის ოფიცრები შეჰყავთ – ახალი ბრძანება

17.03.2025
სკოლებში პერსონალური ინფორმაციის კონტროლისთვის ოფიცრები შეჰყავთ – ახალი ბრძანება

დღეს, 17 მარტს, პარტია „ლელოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების განათლების მინისტრი სკოლების კონტროლის მიზნით ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნას აპირებს, რომლებმაც სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა უზრუნველყონ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ სკოლებში ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნა „რუსული კაგებეშნიკური მოდელია“, რომელიც სკოლებს ისედაც შეზღუდულ თავისუფლებას კიდევ უფრო შეუზღუდავს.

„საჯარო სკოლებში ეგრეთ წოდებული ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.

რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო  ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად  მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული „კაგებეშნიკური“ მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს  კონკრეტული ძალის,  ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასავრცელებლად.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს თავისუფლად შეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მას ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს სკოლის ავტონომიაში უხეშ ჩარევას და ფაქტობრივად მის უგულებელყოფას? როლანდ შავაძე ამბობს, რომ კი.

ბრძანების მიხედვით, ოფიცერი სკოლის დირექტორის შუამდგომლობით უნდა დაინიშნოს. რამდენად შეძლებენ სკოლის დირექტორები უარის თქმას, თუკი ამის საჭიროებას ვერ დაინახავენ? – ვკითხეთ ისევ შავაძეს. მისი თქმით, საჯარო სკოლის დირექტორების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურობის ნიშნითაა დანიშნული. „ამიტომ მეეჭვება, რომელიმე სკოლას ასეთი გაბედული დირექტორი ჰყავდეს“ – ამბობს როლანდ შავაძე.

საქართველოში 2 086 საჯარო სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამდენივე ეგრეთ წოდებულ ოფიცერს შეიყვანს სკოლებში, რაც თავისთავად გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: