როგორ მუშაობენ დიქტატორული რეჟიმები პროტესტის წინააღმდეგ მოსახლეობაში შიშის დათესვით, მათში თანაგანცდის გაქრობით, რა ეფექტი აქვს შიშს და როგორ შეიძლება მისი დამარცხება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა.
- დავით, როგორ მოქმედებს შიშის დანერგვის და დამორჩილების მექანიზმი ადამიანების ეთიკურ, ემპათიურ ქცევაზე, სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარზე?
შიში პირდაპირ მოქმედებს როგორც თანაგრძნობის უნარზე, ასევე, ზოგადად, ადამიანის ქცევაზე. როცა ხელისუფლება ისეთ ქმედებებს ჩადის ან ისეთ სიტყვებს იყენებს, რომელიც ადამიანში შიშს იწვევს, აქტიურდება ტვინის ყველაზე ძველი, ემოციური ნაწილი, რომელსაც რეპტილიურ ტვინს უწოდებენ.
ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი დიდ სტრესს ან ეგზისტენციალურ საფრთხეს გრძნობს. ხელისუფლება ომის, ყველაფრის წართმევით, არსებობასთან დაკავშირებული შიშებით აგდებს ადამიანს ამ მდგომარეობაში. ასეთ დროს ადამიანი ვერ ფიქრობს მომავალზე, ფიქრობს მხოლოდ გადარჩენაზე.
მას სამი არჩევანი აქვს: ან იბრძოლოს, ან გაშეშდეს, ან გაიქცეს.
ეს შიშის რიტორიკა კი, რაც ახლა არსებობს საქართველოში, ცდილობს ადამიანის გაშეშებას, სოციალურად, პოლიტიკურად, რათა მან ვერ შეძლოს არსებული სიტუაციის შეცვლა.
სწორედ გადარჩენის ამ ევოლუციური იმპულსებით ცდილობს ხელისუფლება ჩააგდოს საზოგადოება რეპტილიურ ფაზაში.
გასაკვირიც არ არის, რომ ასეთ მდგომარეობაში თანაგრძნობის ხარისხიც ქვეითდება და სხვა ადამიანური განცდებიც, რასაც საზოგადოებისგან მოველით.
- რა ხელს აძლევს რეჟიმებს ის მოცემულობა, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ თანაგრძნობის ძლიერი გრძნობა?
არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ხალხში თანაგრძნობისა და დემოკრატიის ხარისხი მჭიდრო კავშირშია. როცა პიროვნება დგას არსებობასთან დაკავშირებული საფრთხეების წინაშე, ის ინსტინქტურად ეძებს ძალაუფლების მქონე პირებს (ხშირად ხელისუფლებას) და ცდილობს მათ მხარეს იყოს, არ შევიდეს მათთან წინააღმდეგობაში.
რაც უფრო დიდხანს ამყოფებ ადამიანს სტრესულ მდგომარეობაში, სადაც ერთ შოკურ მოვლენას მეორე მოსდევს, ბავშვების სიკვდილი, მანამდე კორპუსის ჩამონგრევა იყო, პატიმრებისა და აქტივისტების ცემა… ამ შოკის ფონზე ადამიანს უქვეითდება თანაგრძნობის განცდა.
როცა ეს ხდება, ადამიანი ნაკლებად ეძებს პრობლემების დემოკრატიული გადაჭრის გზებს. დემოკრატია და არსებულ პროცესებში ჩართულობა მოითხოვს ადამიანისგან, თანაუგრძნობდეს სხვას.
- როგორ იყენებენ რეჟიმები პროპაგანდას შიშის დასანერგად და რასთან შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოების მსგავსმა ცვლილებამ?
როცა ტვინი ინფორმაციას ხედავს ბევრ ადგილას, ავტომატურად ეს ინფორმაცია ჰგონია სიმართლე. შესაბამისად, თუ ტყუილს ხშირად, ინტერვალურად გაიმეორებ, ადამიანების ნაწილს შეიძლება დააჯერო, რომ ეს სიმართლეა.
ამასთან, არსებობს კვლევები, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაცია 6-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე რეალური. „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ქმნის ქსელებს ტროლებისა და ბოტების სახით, რითაც ამგვარ ინფორმაციას კიდევ უფრო სწრაფად ავრცელებს. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმდენი დრო რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებზე გადაამოწმოს ინფორმაცია, მარტივად იჯერებს ამ ტყუილებს.
ეს მექანიზმები განსაკუთრებით კარგად მუშაობს მაშინ, როცა ადამიანი არის ღარიბი და დიდი დრო აქვს გატარებული ავტორიტარიზმში.
ასევე მუშაობს მაშინაც, როცა ხარ მუდამ რაღაც მნიშვნელოვნის დაკარგვის შიშში, ამ დროს ვერ ფიქრობ მომავალზე.
რეჟიმები ცდილობენ დააჯერონ ადამიანები, რომ მათ არ შეუძლიათ მომავალზე იფიქრონ, იმიტომ, რომ მომავალი სახიფათოა, სტრესულია და გაურკვეველია.
მომავალი ბუნებრივია, გაურკვეველია, მაგრამ როცა ადამიანი სტრესულ რეალობაშია, მისთვის მომავალი ავტომატურად არის ცუდი და ნებისმიერი ცვლილებაც კი დამატებითი სტრესის გამომწვევია.
ეს სხეულებრივ დონეზე მუშაობს. პრაქტიკის მიხედვით, როცა ადამიანს დიდი სტრესი აქვს, რაც შეიძლება ნაკლები გაურკვევლობა უნდა ჰქონდეს ორგანიზმთან დაკავშირებით, მაგალითად საკვები ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოს, შექმნას სტაბილურობის განცდა.
„ქართული ოცნება“ ქმნის ცრუ სტაბილურობას ამ სტრესის ფონზე. შენ შეიძლება მუყაოსგან გაკეთებული სახლი გაქვს, მაგრამ ეს სახლი სტაბილურად გექნება. ადამიანებს კი უკვე უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ მომავალში შეიძლება სხვა მოვიდეს მთავრობაში და სახლი აუშენოს.
დეჰუმანიზაციაა ზოგადად ის, რასაც „ქართული ოცნება“ უკეთებს ხალხს.
მსგავს რეჟიმებში, ავტორიტეტების ნაკარნახევი ინსტრუქციებით ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი სასიკვდილოდაც გაიმეტოს. ერთ დღეს შენ შეგიძლია მცირე დარღვევა მოსთხოვო ადამიანს, მეორე დღეს უფრო დიდი და მესამე დღეს ეს პირი შენ გამო კიდევ უფრო დიდ დანაშაულს ჩაიდენს. ეს მოლაპარაკებების ტექნიკასავითაა, როცა ადამიანს ჯერ 5 ლარს სთხოვ, რომ სამომავლოდ 100 გამოართვა.
„ქართულმა ოცნებამაც“ ასე დაიწყო, ჯერ გამოფინეს ძალადობრივი ბანერები ქუჩაში და ახლა უშუალოდ მოქალაქეების ცემამდე მივიდნენ.
ნაცისტური გერმანია არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ჰიტლერს პირველივე დღეს საკონცენტრაციო ბანაკები არ დაუანონსებია, ნელ-ნელა მოხდა ეს, ჯერ გაჩნდა სიმბოლოები ქუჩაში- სვასტიკები. ჯერ ნახატის, ფოტოს დონეზე აჩვევ ადამიანს რაღაცას, რომ შემდეგ ის რეალობად უქციო.
- რაშია გამოსავალი და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს?
გამოსავალი ისაა, რომ შენ ადამიანს გაახსენო მისი, როგორც ადამიანის იდენტობა. ზოგადად, შევახსენოთ ერთმანეთს ის ღირებულებები, რაც ჩვენს საზოგადოებაში არის გავრცელებული. ნორმალურ გარემოში სახელმწიფო, ფსიქოლოგების დახმარებით იღებს იმის ვალდებულებას, რომ ადამიანებმა ღირებულებების მიხედვით იცხოვრონ. არსებობს პროგრამები, რითაც ადამიანს ახსენებ, რომ ის რაღაც სხვაც არის და არ არის, მაგალითად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მექანიზმი.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი შეგვიძლია 4 ჯგუფად დავყოთ:
პირველ ჯგუფში არიან მათი უპირობო მხარდამჭერები, რომელთან მუშაობაც ძალიან რთულია და არც პროტესტს არ წაადგება. მაგრამ ასევე არის მეორე ნაწილი – დაშინებული, მესამე-მოსყიდული და მეოთხე ჯგუფში არიან შეშინებული ადამიანები. სწორედ ამ უკანასკნელებთან უნდა ვიმუშაოთ, ღირებულებები უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ მათი შიში ლეგიტიმურია, ამ შიშთან ერთად უნდა ვიმუშაოთ.
ხშირად ამბობენ: შიში დათრგუნე, შიში გაანადგურე – ეს არარეალისტურია. შიშთან ერთად უნდა იმუშაო, რომ ეს გრძნობა ნელ-ნელა გაქარწყლდეს.
როცა ორი ბავშვი მოკვდება და იქ იწყება გარჩევა, როგორი ორმო იყო, იყო თუ არა შემოსაზღვრული… და მოდი საერთოდ არ ვილაპარაკოთ ამაზე, რადგან ბინას არ მოგვცემენ… – ეს არის საზოგადოებრივი კოლაფსი.
„ოცნების ქალაქის“ მჭიდროდ დასახლებული სტრუქტურა ხელს უწყობს პროპაგანდის გავრცელებას. ამგვარ დასახლებებში ძალიან რთულია გამოვიდეს ერთი ადამიანი და განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.
მაგალითად, თბილისში ეს უფრო მარტივია.
მეორე გარემოება ისაა, რომ ეს დასახლება ღარიბი საქართველოს ფონზე კიდევ უფრო ღარიბია. მესამე ისაა, რომ როცა ასეთი სიღარიბე გრძელდება წლების განმავლობაში, აგრესია ბუნებრივი მოვლენაა.
როცა ადამიანი შიშთან ერთად გრძნობს ბრაზს, ამგვარ მოცემულობაში ის ამ ბრაზს ვერ მიმართავს მთავრობისკენ, ამიტომ ეს ბრაზი უნდა წავიდეს სხვაგან. ამ ტრაგედიის შემდეგ კი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ადამიანებმა ბრაზი გამოხატეს იქ მისული მედიისა და სოლიდარული საზოგადოების მიმართ.
ძალიან რთული საზოგადოებრივი რესურსებით ამ საკითხზე მუშაობა და რეცეპტის გამოწერა, თუ რა უშველის ამას. იმედისმომცემი ისაა, რომ მსგავსი პროპაგანდა საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე მუშაობს, ხან დიდზე, ხან – მცირეზე. იმედია, ამ დასახლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მკაფიოდ იტყვიან, რომ ამ ტრაგედიამდე მოვდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და რომ მომავალში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. დაფიქრდებიან, ვინ არის რეალურად ამ ტრაგედიაში დამნაშავე და რა უნდა გააკეთონ, რომ მათი შვილი არ აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ნებისმიერ პროპაგანდაზე იმარჯვებს.
ასევე უნდა მოხდეს პროტესტის გაფართოება სოციალურ საკითხებზე.
ბოლო კვლევებში მოსახლეობის მესამედმა სიღარიბე დაასახელა ყველაზე დიდ პრობლემად. ამიტომ, პროტესტი თუ გაფართოვდება იმ დონეზე, რომ სიღარიბე ერთ-ერთი ცენტრალური თემა გახდება, დავაკავშირებთ ამასთან, რომ ქვეყანა თუ იქნება იზოლირებული და ყველა მეგობარს მოწყვეტილი – სიღარიბე გაასმაგდება, მაშინ, ვფიქრობ, კიდევ ერთი ბრაზის ტალღა იფეთქებს.






