„როცა შემიყვანეს ბათუმის სამმართველოში, რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული. სხვა არხზე გადართვა მოვითხოვე. „ტვ პირველი“ ხომ არ ჩაგირთოთო. უბრალოდ, რუსული არხი გადართეთ-მეთქი. შემდეგ „ჯიდიესზე“ გადართეს, ფილმი გადიოდა. ცდილობდნენ ინფორმაცია არ მიმეღო, გარეთ რა ხდებოდა“, – გვიყვება მათე ცენტერაძე, ბათუმელი აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.
მათე ცენტერაძე 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. იმ დღეს პოლიციამ ბათუმში სულ 12 ადამიანი დააკავა. იზოლატორში მომხდარი ამბების მოყოლის შემდეგ მათემ გვითხრა, რომ დაკავება ერთ-ერთი იყო იმ შიშებს შორის, რაც მას ამ დრომდე ჰქონია:
„საკუთარი თავი ბორკილებით არ წარმომედგინა. გამოსვლის შემდეგ, როცა დაკავების კადრები ვნახე, მივხვდი, რომ ეს შიშიც გადავლახე“.
- პოლიციის სამმართველოში
„ძველებური, საბჭოთა შენობაა, მოუწესრიგებელი საპირფარეშო. გრჩება შთაბეჭდილება, რომ იქ ყველაფერი ძველი და გაფუჭებულია“, – ასე აღწერენ პროევროპული აქციების მონაწილეები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინტერიერს. აქ სხვადასხვა ოთახში ანაწილებენ დაკავებულებს, ვიდრე იზოლატორში გადაიყვანენ. მათე ამ ოთახებს კაბინეტებს უწოდებს:
„ერთ-ერთში მომიწია გაჩერება. ვცდილობდი გამეგო, როგორ იყვნენ სხვა დაკავებულები, მესმოდა მათი ხმები. პოლიციელები დაბნეულები და არეულები მოძრაობდნენ, თითქოს არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ“.
„თითის ანაბეჭდები აიღეს, სკანერი არ მუშაობდა. ხან კითხულობდა, ხან – არა. ნახევარ საათზე მეტი მოანდომეს“, – გვიყვება ვაჟა დარჩია. ის ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“.
- ოქმის შევსება – ვინ ასწავლის პოლიციელებს ოქმის შევსებას
დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პროცედურა დაკავების ოქმის შევსებაა. არაერთი დაკავებული გვიყვება, რომ პოლიციელებისთვის ოქმის შევსება არცთუ მარტივი საქმე ყოფილა. მათგან გავიგეთ, რომ ოქმის შესავსებად ბათუმის მთავარ სამმართველოში „თენგოს ეძებენ“, მისი გვარი არ ვიცით.
„თენგომ იცის“, „თენგოს ჰკითხეთ“ – იხსენებენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, რომლებსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე სამმართველოში გარკვეული დროის გატარება მოუწიათ. როგორც ჩანს, თენგო პოლიციელებს ხმოვანი შეტყობინებებით ასწავლის, როგორ შეავსონ დაკავების ოქმი.
„აღმოჩნდა, რომ არის ვიღაც უხილავი ხელი, თენგო, რომლის გარეშეც, პოლიციელები ვერ ახერხებდნენ იმის დაწერას, რომ თურმე ვეძახდით მონებს, ძაღლებს, რუსებს და ასე შემდეგ. ეს, სინამდვილეში, აქციის არც ერთი მონაწილის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ასე შეადგინეს ეს ფეიკოქმები“, – გვიყვება ვაჟა დარჩია.
ვაჟამ ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ სამტრედიის იზოლატორში, ჯამში 5 დღე გაატარა. მას ჯერ უთხრეს, რომ სტიკერის დაკვრის გამო დააკავეს, თუმცა იმ დღეს აქციაზე ვაჟა დარჩიას სტიკერი არ ჰქონია. ოქმში ჩაწერეს, რომ ის პოლიციელებს შეურაცხყოფდა – ღორებსა და რუსებს ეძახდა.
„დაკავების ოქმს ვინც ავსებდა, არ იცოდა რა ჩაეწერა, ვოისი [ხმოვანი შეტყობინება] გახსნა „ვოთსაფში“ და იქიდან იწერდა. კარნახობდენ: „არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება“ და ასე შემდეგ. ამის დაწერაც კი არ შეეძლო. დაატარებდა ჩემი დაკავების ოქმს, იქნებ ვინმეს მოეფიქრებინა, რა ჩაეწერა.
შემდეგ დაწერეს შაბლონურად – პოლიციელზე დაუმორჩილებლობა და მსგავსი. ამიტომაც ოქმზე ხელი არ მოვაწერე. ჩემს სასამართლოზე გავიგე ამ დაკავების ოქმში დამატებით ინფორმაციაზე, რაც შემდეგ მიუწერიათ“, – გვიყვება მათე ცენტერაძე.
ვაჟა დარჩიამ გვიამბო იმაზეც, რომ პოლიციელები დიდხანს ეძებდნენ ფურცლებს ოქმების დასაწერად: „ფურცლები, ფურცლები, სად არის ბიჭო, ფურცლებიო – დარბოდნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ მუშაობს სამმართველოში გამართულად. კომპიუტერთან, სადაც ოქმი შემიდგინეს, რიგი იდგა, სხვა კომპიუტერებში ოქმის დაწერა ალბათ არ ხერხდებოდა“.
კერენ ესებუა ზუგდიდში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. იმ დღეს დააკავეს მარიამ სიჭინავაც. ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, შემდეგ კი ოქმში დაამატეს 174-ე პრიმა მუხლი, როგორც ახსნეს პიროტექნიკის გამოყენების გამო:
„სამმართველოში შემიყვანეს ოთახში, სადაც იყვნენ ქალი პოლიციელები. ისინი კარგად იქცეოდნენ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პატივისცემით მოგვექცნენ. სამმართველოში ყოფნის დროს გვესმოდა, როგორ მოვიდნენ ჩვენ მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები, გვესმოდა მათი გამამხნევებელი შეძახილები, რა დროსაც ფანჯრებთან არ მიგვიშვეს. ალკოტესტი გავიარეთ. ჩვენთან ოქმიც ჩვეულებრივად შეავსო დამკავებელმა, უპრობლემოდ. როცა წამაკითხეს, ადგილზე გავიგე, რომ დაამატეს 174-ე პრიმა მუხლი, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. მინდოდა ადვოკატთან გასაუბრება, რაც, ვფიქრობ, განზრახ გააჭიანურეს.“

კერენ ესებუა
- საპირფარეშო
მათეს თქმით, მან სამმართველოში საპირფარეშოთი ისარგებლა, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო:
„მრცხვენია, რომ პოლიციელებს, რომლებსაც სისტემა ფარად იყენებს დღეს, არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები. დღევანდელი პოლიცია არც იმსახურებს, თუმცა შემდგომში აუცილებლად გამოსასწორებელია.
კაბინეტში, სადაც შემიყვანეს, იყო ერთი დივანი, იქ მომათავსეს. კიდევ ორი მაგიდა და ორი კომპიუტერი. იქ იყო სეიფიც, რომელსაც ყველა ფუნქცია ჰქონდა, ყავას და შაქარსაც აქ ინახავდნენ.
რუსული არხის ნახვა, სადაც სიმღერები გადიოდა, სამმართველოს შენობაში მართლა შემაძრწუნებელი იყო. მეტი მნიშვნელოვანი იქ არაფერი არ ყოფილა“.
კერენი გვიყვება, რომ საპირფარეშოსთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნიათ: „უბრალოდ, ის არის, რომ ძალიან ცუდი საპირფარეშოები აქვთ. მიგყვება ქალი პოლიციელი, რომელიც თავადაც თავს უხერხულად გრძნობს და ცდილობს ზურგით დადგეს“.
დაკავებულები ხაზგასმით აღნიშნავდნენ სასამართლოში გადაყვანიდან პროცესის დაწყებამდე მანქანაში ლოდინის პერიოდს. „საშინლად გვშიოდა. 14:00 საათსა და 20 წუთზე გადაგვიყვანეს და 22:30 წუთზე დაიწყო პროცესი“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
- გინება და ცემა სამმართველოში
„შემოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რამაზ კახაძე. მითხრა – მაინც ხომ დაგაკავეთ, შე… ასეთოო, ანუ შემაგინა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გავიდა და უკან დაბრუნების შემდეგ ყავა ან ჩაიო – შემომთავაზა. ვუპასუხე, შენი გაკეთებული ყავა და ჩაი არ მჭირდება-მეთქი.
შემდეგ შემოვიდა სხვა ორი პოლიციელი, შედარებით კეთილგანწყობილი, მათ დაიწყეს დაკავების ოქმის შევსება, ცდილობდნენ ჩემს დამკავებლებად გაესაღებინათ თავი.
მკითხეს, რაზე დაგაკავესო. გამეცინა, შემთხვევით ჩემ მოწმეობას ხომ არ აპირებთ-მეთქი. არა, ღმერთმა დამიფაროს, მე და შენ სუფრასთან უნდა დავსხდეთ, ბათუმი პატარა ქალაქია და კიდევ შევხვდებითო. სასამართლოზე როცა მივედი, სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა ჩემი „მოწმე“, რომელიც რეალურად არის ცრუ მოწმე ჩემთვის, სასამართლოსთვის კი სისხლის სამართლის დამნაშავეა“, – გვიყვება მათე.
მათე „სპეცოპერაციას“ უწოდებს მომენტებს, როცა მის მიმართ ჯერ სამმართველოში, შემდეგ იზოლატორში კეთილგანწყობა გამოიჩინეს:
„იყვნენ პოლიციელები, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობდნენ თბილად მომპყრობოდნენ. სპეცოპერაციას ვუწოდებ მე ამას, იმიტომ, რომ ეს იყო სრული სპექტაკლი, რასაც აკეთებდნენ.
გადაყვანის დროს მოვიდნენ ახალგაზრდა პოლიციელები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მათი განათლების დონე იყო ძალიან დაბალი, პროფესიონალიზმის დონეც. მობილურის ეკრანზე ეყენათ შსს-ს ლოგო და ჩემს გვერდით სქროლავდნენ ტიკტოკს. ამოვარდებოდა ვიდეო: შიშველი ქალები, პოლიციელი, შემდეგ შიშველი ქალები. ეს არის ის სამყარო, რაშიც პოლიციელები არიან გამოკეტილები და მეც თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ეს ხალხი საერთოდ სხვანაირად ფიქრობდა, უფრო სწორად სხვანაირად აფიქრებინებდნენ ამ ყველაფერს“.
მათეს ვკითხეთ, რას გულისხმობს, როდესაც იყენებს სიტყვას -„აფიქრებინებენ“. იგი გვიყვება, რომ იყო მომენტები, როცა არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ პოლიციელი იყო მხარე, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ ისინი პოლიტიკის ნაწილი არიან:
„პოლიტიკა იმდენად არის შესული შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმდენად ცდილობენ, რომ ჩანერგონ რწმენა პოლიციელებში, რომ ცუდი ხალხი ვართ და ჩვენი ბრძოლა არ არის სამართლიანი. ვფიქრობ, ძალიან ბევრს მუშაობენ რიგით პოლიციელებზე და ასრულებინებენ, რაც სურთ უფროსობას“.
ვაჟა დარჩიას თქმით, ბათუმის პოლიციის სამმართველოში ყოფნისას ორჯერ გაიგონა ჩხუბის, დაპირისპირების ხმა: „სამმართველოს ჰოლში ისმოდა ძალიან ცხარე დაპირისპირების, კამათის ხმა. შემდეგ გავიგე, რომ მალხაზ ირემაძეს სცემეს“.
- „ჩემი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ ჩაუქრათ“
მათე გვიყვება, რომ მისი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ გაუჩერდათ:
„პოლიციის მანქანა ქრებოდა გზაში. მატარებლის ლიანდაგზე რომ ჩაქრა, ვუთხარი, ჰა, ახლა რას შვებით, გადადით ან მე გადამიშვით-მეთქი. პირველად ლანჩხუთის იზოლატორში ჩავედით, დიდხანს მოგვიწია მანქანაში გაჩერება, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა დაკავებულების შესახლება იზოლატორებში. პირველად გხვდება ბადრაგი, რომელიც მართლა კეთილგანწყობილია, მათი მოვალეობაა, რომ ასეთები იყვნენ.
ლანჩხუთის იზოლატორში ექიმი არ ჰყავდათ. უნდა დაერეკათ სასწრაფოსთან და ჩვენი გადაყვანის დროსაც სასწრაფო დაგვხვდა, რომელიც შემდეგ სხვა გამოძახებაზე წავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ველოდეთ, როდის დაბრუნდებოდა“.
გადაყვანის მომენტზე ვაჟა დარჩიამაც გაამახვილა ყურადღება. მან გვითხრა, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებიდან ოთხი – თავად ვაჟა, მალხაზ ირემაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და მათე ცენტერაძე 48 საათის გასვლის შემდეგ ლანჩხუთიდან სასამართლოში „ესკორტით გადაიყვანეს“:
„მინივენში ოცამდე პოლიციელი გვდარაჯობდა. მე, მათე, გოდერძი და მახო ვიყავით. თავი ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილე მეგონა. წინ მიდიოდა პატარა მანქანა და გაუთავებელი ინფორმაციის გაცვლა იყო – აქ ჩაუხვიეთ, აქ სუფთაა, აქ არა და ასე შემდეგ“.
კერენს კბილის ჯაგრისი არ მისცეს. აუხსნეს, რომ ვინც 24-48 საათით არის დაკავებული, წესები მისთვის ჯაგრისის გაცემას არ ითვალისწინებს.
- იზოლატორში
ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებმა ახლა უკვე იციან, რომ ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ფოთის იზოლატორია.
„სხვებიც ამბობენ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გაგვიმართლა, რადგან ფოთის იზოლატორში წაგვიყვანეს. იქ ბადრაგის დამოკიდებულებაც კარგი იყო, არ იყვნენ აგრესიულები, გვეუბნებოდნენ, ნუ იფიქრებთ, რომ კრიმინალებად გთვლით, ჩვენი ცხოვრება აქ არ დაწყებულა, უბრალოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ქუჩაში რომ შეგხვდებით გვინდა კარგი დამოკიდებულება გქონდეს ერთმანეთის მიმართო.
საკანში ციოდა, ლეიბისმაგვარი იყო რაღაც, თითქმის ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ რკინაზე იწექი“, – გვიყვება ლუკა ნაცვლიშვილი. ის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს.
„ლანჩხუთის იზოლატორში საპირფარეშოდან მოდიოდა აუტანელი სუნი. სენაკის იზოლატორში კი ვიმყოფებოდი სიგარეტის მწეველებთან, რის გამოც ძალიან ჭირდა სუნთქვა“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი.

გოდერძი ფრანგიშვილი
ფოთის იზოლატორში დიდი საკანი დამხვდა, სამი საწოლით, მარტო ვიყავი და ყველა დავისაკუთრე – გვიყვება კერენი. როცა გაიგო, რომ 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გააგრძელე, გადაწყვიტა დროის ეფექტურად გაყვანაზეც ეფიქრა. ის საკანში ვარჯიშობდა, საუბრობდა ინგლისურად, ამბობდა ლექსებს და მღეროდა:
„ვღიღინებდი, ინგლისურად ვლაპარაკობდი, სხვები, რომ არ შემეწუხებინა კონტექსტით. დავიწყე ფიქრი, რომ სისტემა ამ ხერხით ცდილობს გაგვტეხოს, შემდეგ მივხვდი, რომ ეს რეალურად საჭირო გამოცდილებაა, მექნება ცოდნა რას ნიშნავს შიგნით ყოფნა, საჭირო გამოცდილებაა. ვვარჯიშობდი, გაწელვებს ვაკეთებდი, არ ვიყავი მოდუნებული.“
- საკანს, საკვებს და ძილის შესაძლებლობას ყველა დაკავებული ერთნაირად აღწერს
„საკანი ძალიან პატარა ოთხი იყო, ორსართულიანი საწოლი დგას, საპირფარეშოა მხოლოდ გამოყოფილი ამ პატარა ოთახში.
ორი სკამია, რომელიც ჩამაგრებულია იატაკზე, შუაში მაგიდაა, სხვა არაფერი არ არის.
გაქვს ფანჯარა, რომელიც ატარებს მზის სინათლეს, მაგრამ მეორე იზოლატორში როცა გადამიყვანეს, იქ ფანჯარა გადიოდა დასასვენებელ ოთახში და რეალურად დღის სინათლე არც შემოდიოდა.
რკინის დიდი კარია, პატარა ფანჯარა აქვს, საიდანაც გახედვა არ შეგიძლია, ბადრაგი ყოველ ხუთ წუთში აქედან გამოწმებს. ყოველ ხუთ წუთში რეკავს მაღვიძარა, ამ პატარა ღია ფანჯრიდან ათვალიერებენ, რამეს ხომ არ აშავებს პატიმარი“, – ამბობს მათე ცენტერაძე.
- „შუქი ღამითაც თვალებში განათებს“ – ძილი იზოლატორში
„არ გაქვს ბალიში, არ გაქვს თეთრეული, საწოლზე გიწევს ძილი და ყველაზე ცუდი რაც არის, შუქი არასდროს არ ქრება. შეუძლიათ, რომ დაუწიონ, მაგრამ არასდროს არ ქრება და განათებს თვალებში, პრაქტიკულად შეუძლებელია ძილი.
შუქი თვალებში გირტყამს და გამორთვა არ შეუძლიათ, დაწევის მიუხედავად მაინც შემაწუხებელია. ყოველ მეორე დღეს, დილის ათ საათზე შემოდის დამლაგებელი. ძალიან გაგვიჭირდა ძილი“, – ამბობს ლუკა. – „როცა გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში და ბევრი საფიქრალი გაქვს, დღის განმავლობაშიც ვეღარ ხარჯავ ენერგიას, ძილი გიჭირს“.
- რუსული სუპი „მივინა“, „პაშტეტი“ და გემრიელი ჩაი
„კვებას რაც შეეხება, ლანჩხუთის იზოლატორში ამანათების შემოგზავნა შეიძლებოდა და არ გამისინჯავს არაფერი იზოლატორის საკვებიდან. სამტრედიაში ბადრაგები ატყუებდნენ, ამათ იმდენი რამე აქვთ, უკან გაგატანენო – შესაბამისად გვიწევდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის საკვებით გვესარგებლა.
შეგიძლია აირჩიო სამი საკვებიდან ერთ-ერთი: ეს არის პაშტეტი, ხორცის კონსერვი და წვნიანი ერთჯერადი ქაღალდის ჭიქებში. ამ საკვების აღება შეგიძლია მხოლოდ ერთხელ. ანუ, დილით თუ აიღებ წვნიანს, მერე წვნიანს ვეღარ შეჭამ და უნდა ჩაანაცვლო.
ჩაი შეგიძლია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ შეუკვეთო. ჩაი მართლა გემრიელი აქვთ. ამას ამბობს ნებისმიერი, ვინც იზოლატორიდან გამოდის.
საკვები არის მართლა საშინელი, ერთი პური ორ ადამიანზე მთელი დღის განმავლობაში. ალუმინის დეფორმირებული თეფშებია, როგორც ფილმებში. პაშტეტი არ გამისინჯავს, მივხვდი, რომ იქნებოდა საშინელება, ხორცის კონსერვი შემოდის ალუმინის დეფორმირებული თეფშით. ალბათ იშიმშილებს ადამიანი, რომელიც ვერ ჭამს მსგავს საკვებს. 60 დღემდე გაზრდა ამ ყველაფრის, საშინელებაა“, – ამბობს მათე.
ლუკა ნაცვლიშვილის თქმით კი, მეგობრებს ფოთის იზოლატორში საკვების შეგზავნის პრობლემა არ ჰქონდათ. „იმდენი შემოგვიგზავნეს, ბადრაგიც შოკში იყო, ასეთი არაფერი გვინახავსო.
ფოთში ერთი პიცერიაა, რამდენიმეჯერ გამოგვიგზავნა პიცა. კოლოფზე მხარდასაჭერი წერილი იყო. ძალიან გამითბა გული“, – ლუკა ნაცვლიშვილი.
- ხმა, რომელიც იზოლატორის საკანში აღწევს
„შემოდის სხვა პატიმრების ხმები, თუ ბადრაგს ესაუბრებიან.
მახსოვს მაღვიძარას ხმა, რომელიც ყოველ 5 წუთში რეკავს, რომ ბადრაგი გააფრთხილოს, ჩამოვლის დროაო. ამ ხმას თანდათან ეჩვევი და მელოდიასავით ჩაგესმის, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მაღვიძარა ვეღარ მაღვიძებდა.
ყველაზე კარგი ხმა გავიგონე სამტრედიის იზოლატორში. როცა იქ მიმიყვანეს, მითხრეს, რომ ერთ საკანში ქალი იყო, თან დაამატეს, აქციების მონაწილე არ არისო. როცა ამ გოგონას ხმა გავიგე, ბადრაგს დავუძახე, რომ წყალი ჩაერთო ჩემთვის, წყალს ბადრაგი გირთავს გარედან ხელის დასაბანად და ამ ხმის გაგონებაზე იმ გოგომ დაიყვირა საკნიდან – ბათუმელი აქტივისტები ხართო? – ვპასუხობ, რომ კი, შენ საიდან ხარ-მეთქი, ზუგდიდიდანო! მარიამი ხარ სიჭინავა-მეთქი? – კი, თქვენ გენაცვალეთო – იქიდან დაგვიძახა. ჩვენც იგივე დავუძახეთ“.
ლუკა ნაცვლიშვილმა გვიამბო, რომ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, ფანჯარა ახლოს იყო და იქიდან აღწევდა წვიმის და ქარის ხმა: „სხვათა შორის, წიგნის კითხვას ძალიან უხდებოდა ეს გარემო“, – ამბობს ლუკა.
საკნების გახსნის და ჩაკეტვის, გასაღებების გადატრიალების, ბოქლომების ჩხაკუნის ხმა, მცირე გადალაპარაკებები: „ჩაი გინდა? – შაქარი რამდენი“, „ხელი მომიწერე“…
„ისმის მაღვიძარას ხმა და იწყება შემოვლა, ღია სარკმლიდან გიყურებენ 5 წუთში ერთხელ, რამდენჯერმე გავძახე, აქ ვარ არ წავსულვარ-მეთქი. ბოლოს თვითონაც იცინოდნენ, კიდევ აქ ხარ კაცოოო“, მეხუმრებოდნენ“, – იხსენებს კერენი.
- „წარმოიდგინეთ, ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“
პოლიციის სამმართველოს აღწერისას პროევროპული აქციების მონაწილე ლევან ხორავა გვთავაზობს გავიხსენოთ ქართულ ფილმი – „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“. მისი თქმით, ეს მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, რა ნახეს სამმართველოში დაკავებულებმა. ლევან ხორავა ოფიცერია, მას უმუშავია ძალოვან სტრუქტურაში.
„რაღაც პერიოდში შემოვიდა მოდაში, რომ პოლიციის ჩაცმულობა, აღჭურვილობა, შენობები გამჭვირვალე და ლამაზი უნდა ყოფილიყო. სამმართველოში მივაქციე ყურადღება, აი, რაღაც დივანი რომ დევს და წლების შემდეგ სოფელში რომ წაიღებ ისეთი – როგორ გითხრათ, „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“ ხომ გახსოვთ, რა გარემო იყო… ეს არის მიახლოებით.
ძველი საბჭოთა მილიციის შენობაა“.
ლევან ხორავა გვიყვება იმასაც, რომ სამმართველოში იყო დაბნეულობა და უხერხულობაც: „ეს იგრძნობოდა. ასე რატომ დაიჩაჩანაკეს თავი, არ ვიცი“.
ლევან ხორავა, როგორც სისტემის ყოფილი თანამშრომელი, საკანში ცალკე იყო. პოლიციელებს სთხოვა, თანამშრომელი ვარ და ცრუ მოწმეებად არ დამიდგეთო:
„ვუთხარი, რომ იქ კამერები იყო და ყველაფერი გადაღებულია, ხვალ და ზეგ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ, ამიტომ ცრუ მოწმეებად ნუ დამიდგებით-მეთქი. ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. არ ვიცი, როგორია მათი სინდისის მდგომარეობა, ერთი პოლიციელი მართლა ძალიან ნერვიულობდა ჩემ პროცესზე, ცუდადაც გახდა. შუბლის ძარღვი არ ჰქონდა გაწყვეტილი. მაგრამ ფაქტია – შედეგი იყო ის, რომ დადგნენ ცრუ მოწმეებად“.
- საკანში სათვალის გარეშე და არამწეველი მწველებთან ერთად
„11 დღე ერთ საკანში ვიყავით და ერთმანეთი არ გვინახავს“, – ხუმრობენ ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე. ისინი ლანჩხუთის იზოლატორში ერთ საკანში იყვნენ. მათ საკანში სათვალე არ შეატანინეს, უთხრეს, რომ ეს იზოლატორის წესებს ეწინააღმდეგება. ორივე მათგანი ამბობს, რომ სათვალის გარეშე ძალიან რთული იყო.
ვაჟა დარჩია, მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი სამტრედიაში გადაყვანის შემდეგ ერთ საკანში შეიყვანეს. ვაჟა და მალხაზი ხშირად ეწეოდნენ.
„როგორც გაირკვა საქართველოს არც ერთ დროებით მოთავსების იზოლატორში არ არის არამწეველების ოთახი. ყველა საკანს საერთო სავენტილაციო სისტემა აქვს. მაგალითად, ლანჩხუთის იზოლატორში თუ რომელიმე საკანში სიგარეტს ეწეოდნენ, ჩემს საკანში ცივი ჰაერი ქროდა. ძილის დროს თავზე ვიფარებდი ნაჭერს, რომ თავი დამეცვა ცივი ჰაერისა და მუდმივი შუქისგან.
როცა ცივი ჰაერი ჩერდებოდა, მოდიოდა ცხელი ჰაერი, რაც ცუდად მხდიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტანში ატანდა, შიგნიდან მაშრობდა, მაქედან დამეწყო ხველება, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილე“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი. ისიც პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ჯერ ლანჩხუთის იზოლატორში წაიყვანეს, მოსამართლის გადაწყვეტილებისა და ხუთდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მისჯის შემდეგ კი – სენაკის იზოლატორში.
გოდერძი ვეგეტარიანელია და წუხს იმაზეც, რომ ციხეში არ არის ჯანსაღი, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები: „ვიკვებებოდი მხოლოდ ოჯახის წევრების მიერ შემოგზავნილი საჭმლითო“.
დაკავებულებიდან ყველა მათგანს საუბარი სურს რამდენიმე მომენტზე – წუხან, რომ პოლიცია პროპაგანდის მსხვერპლია, როცა აქციის მონაწილეებში მათთან დაპირისპირებულ მხრეს ხედავენ.
ლუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მამა პოლიციელი იყო და კარგად იცის, რა არის პოლიციის მუნდირი:
„მამა მეუბნებოდა, იცოდე, არც ერთ პოლიციელს, რომელიც მაქ დგას, სინამდვილეში მაქ დგომა არ უნდაო. მე ვფიქრობ პოლიციელს არ უნდა უწევდეს ივანიშვილის დაცვა, ამაში მონაწილეობა“.





