მთავარი,სიახლეები

112 ქურთუკი და 65 კეპი პოლიციელებისთვის – შსს წერს, რომ უფორმობა იმიჯზე უარყოფითად აისახება

23.01.2025 •
112 ქურთუკი და 65 კეპი პოლიციელებისთვის – შსს წერს, რომ უფორმობა იმიჯზე უარყოფითად აისახება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის გამარტივებული წესით შეძენაზე შესყიდვების სააგენტოდან თანხმობა მიიღო. შსს-მ სააგენტოს 17 იანვარს მიმართა განაცხადით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეებს ქურთუკები და კეპები „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს“.

„უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს, შს სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ ფორმა-ტანსაცმელი, მოცემულ ეტაპზე აღნიშნული უნიფორმა შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია, რის გამოც აუცილებელია ვადაზე ადრე აღნიშნული დაზიანებული უნიფორმის ჩანაცვლება“ – აღნიშნულია შსს-ს განაცხადში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სამინისტრო წერს „შსს მოსამსახურეები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი უნიფორმებით, რითაც თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულებას შეეშლება ხელი. ამასთანავე, აღნიშნული ფაქტი უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე.“

საპოლიციო დანაყოფისთვის 112 ცალი ქურთუკისა და 65 ცალი კეპის შესაძენად სამინისტრო 11 886 ლარს დახარჯავს.

სამინისტროს მოთხოვნა გამარტივებულ შესყიდვაზე სააგენტომ დააკმაყოფილა. ამასთან, სააგენტო მოუწოდებს შსს-ს რომ მან „სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა.“

თუმცა, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. აქედან გამომდინარე, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში [მათ შორის უცნობია ვის გადაუხადა შსს-მ ზემოთ აღნიშნული 11 886 ლარი].

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე 2024 წლის მაისში თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, ვინაიდან ბიუჯეტის ფულის „გამჭვირვალე ხარჯვაზე“ ინფორმაცია პირველ რიგში სწორედ ამ სააგენტოს პორტალზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“ – მოგვწერეს მაშინ შესყიდვების სააგენტოდან.

ეს „შეფერხება“ შს სამინისტროსთვის ამ დრომდე გრძელდება, ანუ კვლავ უცნობია, რას, ვისგან და რა ფასად ყიდულობს სამინისტრო ტენდერის გარეშე. ამ ინფორმაციას არც შსს იძლევა.

შსს მიმდინარე წელს, სხვადასხვა სახის, ჯამში 5 500 კეპს შეისყიდის ტენდერით. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტენდერის ფარგლებში კეპების მიწოდება ჯერ არ დაწყებულა და სწორედ ამიტომ ყიდულობს სამინისტრო 65 კეპს გამარტივებული წესით. აღნიშნული ტენდერი მაისურების და კეპების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული. გამარჯვებულია შპს „ენ თი სი“, რომელთანაც ხელშეკრულება 379 ათას 690 ლარზეა გაფორმებული [აქედან 189 ათას 845 ლარი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია ავანსად].

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პოლიციის იმიჯს უკავშირდება. შსს წერს, რომ უნიფორმის გარეშე პოლიციელი ვერ შეასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ეს „უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე“.

თუმცა, 18 იანვარს 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე სწორედ უფორმო პირებმა დააკავეს და გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ ისინი გადაყვანილები. საბოლოოდ დაკავებულები დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ.

როგორც მათი ადვოკატები აცხადებენ, ახალგაზრდები შეცდომით დააკავეს, თუმცა ისინი 2 200-2 200 ლარით მაინც დააჯარიმეს.

ვრცლად: რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები 2 200-2 200 ლარით დააჯარიმეს

  • რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 57 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე [23 იანვრის მონაცემებით].

აქციებზე ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან. 

__________________________________

მთავარი ფოტო: პროევროპული აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: