მთავარი,სიახლეები

„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე

26.12.2024 •
„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე

„აუცილებლად უნდა ჩადგეთ ცოცხალ ჯაჭვში. ამას თუ არ გააკეთებთ და მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ, ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს, მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული, რომ თქვენ არ გახდით ამ ერთიანობის ნაწილი“, – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე. მას „ცოცხალი ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, რომლის მოწყობაც შაბათს, 28 დეკემბერს, დღის 3 საათზე ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

„ცოცხალი ჯაჭვი“ ბათუმში „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან დაიწყება. ჯაჭვის მოწყობით მოქალაქეები ერთიანობის და პრინციპულობის დემონსტრირებას მოახდენენ, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას არ დაუშვებს. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2008 წელს როცა მოეწყო ჯაჭვი, მახსოვს თეატრის წინ ვიდექი…

ცოცხალი ჯაჭვი ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენ რომ ერთიანი ვართ, ერთმანეთის გვერდით, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს უნდა ვაჩვენოთ ევროპასაც. ევროპამ ნათლად უნდა დაინახოს, რომ ვირჩევთ ევროპულ მომავალს.

ჯაჭვი აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. ჩვენ, ჯაჭვში მდგომი ადამიანები, შესაძლოა, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, მაგრამ ერთიანები ვართ. ვფიქრობ, რომ ეს აგვავსებს დადებითი ემოციით, დადებითი ენერგიით.

მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის მოთმინებით და კულტურით, რასაც ვუყურებ. ნამდვილად ეს მშვიდობიანი აქციებია. ცოცხალი ჯაჭვიც ჩემთვის ამის სიმბოლოა – სიმშვიდის და სიმდგრადის, რომ ჩვენ მშვიდობით შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა.

მე მჯერა, რომ ერთიანობას შეუძლია დაამარცხოს ბოროტება, ძალა მართლაც ერთობაშია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მზადაა, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის.

რა არის ახლა მთავარი? მთავარია არ დავიღალოთ, არ დავნებდეთ. „ოცნებასაც“ ეგ უნდა, რომ გადაგვღალონ. მათ განცხადებებში იგრძნობა ცინიზმი და ირონია, ცდილობენ, ქართველ ხალხს დაუკარგონ შეგრძნება, რომ მათი ხმა არ ისმის. მაგრამ ყოველი ადამიანის ხმა ისმის. ისმის არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ამიტომაც, ჩვენ ბოლომდე უნდა ვიდგეთ. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, – გვითხრა მეგი კობალაძემ.

___

ამ თემაზე:

„ერთობის ჯაჭვი“ ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებიდან დაიწყება

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: