ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

04.12.2024
ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება.

ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს.

მოსწავლეების აქცია ბათუმში / 4.12.2024

მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ.

მშობელთა მარში ბათუმში / 4.12.2024

მშობლების მარში ბათუმში / 4.12.2024

პარალელურად ბათუმში ქალების აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან.

„ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის…“ – აღნიშნული იყო აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქალების აქცია დღეს ქვეყნის მასშტაბით პოლიციის სხვადასხვა განყოფილებასთან იმართება.

ქალების აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან / 4.12.2024

დღესვე, 16:00 საათზე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება გზავნილებით:

„ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება, ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას.“

ბათუმში აქციას შეუერთდებიან „საზღვაო ჰოსპიტალის“, „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის [ბაუ] ექიმები. აქციაზე გასვლას გეგმავენ ასევე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“, „მედ-ცენტრის“ და „მედინას“ თანამშრომლებიც.

——

რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადაგდეს მთავრობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: