საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. დიდ ქალაქებში მდებარე საჯარო ბაღებში ხშირად არ არის საკმარისი ადგილები და ხან ისეც ხდება, რომ ბავშვი სასკოლო ასაკი ბაღის მომლოდინეთა რიგში უწევს.
მაგალითად, ბათუმში 5 წლის ასაკის სულ მცირე 61 ბავშვია საბავშვო ბაღის რიგში, რაც ძირითად შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება მუნიციპალურმა ბაღებმა რამდენიმე წელი ვერ შეძლეს, მომავალი წლიდან კი ეს ბავშვები უკვე სკოლაში წავლენ.
საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, საყოველთაო და ხელმისაწვდომია შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის, ხოლო მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს მისი ბავშვებისთვის მიწოდება.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით, რა გამომწვევები და პრობლემებია სისტემაში და რა გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღის გარეშე რჩებიან
ადრეული განათლების ექსპერტი ანა ჯანელიძე, რომელიც წლებია საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სხვადასხვა კვლევასა და პროგრამაშია ჩართული, არის თანაავტორი გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისა – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა“, „ბათუმელებთან“ საბავშვო ბაღის ფუნქციებზე საუბრისას ის გამოყოფს რამდენიმე მთავარ მიმართულებას:
„ბაღებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ, მათ შორისაა ოჯახების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დედების, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება.
კიდევ ერთი როლი არის კვება – საბავშვო ბაღები დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ბავშვების კვებას იმ რაციონით, რაც ამ ასაკის ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება.
და მთავარი, რაც ბაღს აქვს, რა თქმა უნდა, არის სწავლისა და სოციო-ემოციური უნარ-ჩვევების განვითარების ფუნქცია. ეს საფეხური დიდ როლს თამაშობს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და განათლების პროცესში,“ – განმარტავს ანა ჯანელიძე.
საქართველოში სკოლამდელ განათლებაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ ერთადერთი საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია.
საქსტატს ამ დროისათვის გასული, 2023-2024 სასწავლო მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რაც მოიცავს საჯარო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში (ბაღების), ჩართული ბავშვების (აღსაზრდელების) და სისტემაში დასაქმებული პერსონალის (აღმზრდელ-პედაგოგი / აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე /ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი) რაოდენობას.
მონაცემთა თანახმად, გასული სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოში სულ 141 324 აღსაზრდელი ირიცხებოდა 1 708 საჯარო დაწესებულებაში, სადაც მათ 17 620 პროფესიონალი აწვდიდა შესაბამის სერვისს.
თუმცა საქსტატს არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი დარჩა საბავშვო ბაღს მიღმა.
„ბათუმელები“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეეცადა გაერკვია, რამდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე. ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში ,,ბათუმელებმა” წერილობით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან, თუმცა მონაცემები ამ დრომდე არ მიგვიღია.
2024 წლის ნოემბერში, ინფორმაციის გასაგებად, ალტერნატიულ წყაროდ გამოვიყენეთ ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა, რომელიც მისამართის, ბაღისა და ასაკის მითითებისას ავტომატურად აჩვენებს რამდენი ბავშვია აღნიშნული ბაღის კონკრეტულ ჯგუფში ჩარიცხული და რამდენი – მომლოდინეთა რიგში.
„ბათუმელებმა“ დაამუშავა ბათუმში არსებული 37-ვე მუნიციპალური საბავშვო ბაღის მონაცემები, 3, 4 და 5–წლიანი ჯგუფების მიხედვით, რის შემდეგაც კვლავ დავუკავშირდით საბავშვო ბაღების გაერთიანებას მონაცემების შესადარებლად. უწყებაში გვითხრეს, რომ მიღებული რიცხვი არაზუსტი იქნებოდა, რადგან შესაძლოა შეიცავდეს დუბლირებას, რაც მშობლების მიერ სასურველ ბაღად სამი ბაღის მონიშვნის შესაძლებლობითაა გამოწვეული. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში დაგვიდასტურეს, რომ თავად მარტივად აქვთ წვდომა რეალურ მონაცემზე და მოწოდებასაც დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და ოფიციალური წერილით მიმართვისკენ მოგვიწოდეს.
დუბლირების გათვალისწინებითაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ყველა მშობელმა სამი ბაღი მონიშნა, მონაცემები ცხადყოფს, რომ 14 ნოემბრის მონაცემებით, ბათუმში სულ მცირე 717 ბავშვი ელოდება ბაღში რიგს, მათ შორის მინიმუმ 61 ბავშვი მომავალ წელს უკვე სკოლაში წავა.
ანა ჯანელიძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მკვლევრები ასეთ დროს სკოლამდელ განათლებაში ჩართულობის წილის გამოსათვლელად აღსაზრდელთა რაოდენობას სხვა, მაგალითად, შობადობის მაჩვენებელს ადარებენ.
ჩვენ ვცადეთ მსგავსი შედარების გაკეთება. აღსანიშნავია, რომ რიცხვები 100%-იანი სიზუსტის არ იქნება, რადგან გარდაცვალებისა და მიგრაციის მაჩვენებლებს არ გამოვიყენებთ, თუმცა საერთო სურათს ნათლად ასახავს.
ამ ფორმულის გამოყენებისას შედეგი ასეთია:
2023-2024 სასწავლო წლისთვის, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები (კანონმდებლობით ეს არის 2 წლიდან სკოლაში მისვლამდე, თუმცა ჩვენ ვიანგარიშებთ 2 წლიდან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს), ძირითადად 2018, 2019, 2020, 2021 წლებში დაბადებულები იქნებოდნენ. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამ წლებში აღრიცხულია სულ 191 900 ცოცხლად დაბადებული ბავშვი. ჩვენ კი ვიცით, რომ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში, საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში 141 324 აღსაზრდელი ირიცხებოდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს, საჯარო ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღმა დაახლოებით 50 576 ბავშვი დარჩა, რაც დაახლოებით შესაბამისი ასაკის ბავშვების 26,4%-ია.
უთანასწორობა სკოლამდელი განათლების სისტემაში
ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე უფლება ბავშვებს ორი წლიდან სკოლაში შესვლამდე აქვთ, რის მიწოდებასა და უზრუნველყოფაზეც პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ.
თუმცა ამ პროცესში ცენტრალურ დონეზეც არსებობს შესაბამისი უწყებები, სამინისტროები, მათზე დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ები, სსიპ-ები და ასე შემდეგ, რომლებსაც გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრებათ ამ პროცესში.
მაგალითად, სხვადასხვა სამინისტრო ვალდებულია შექმნას სახელმწიფოს სტანდარტები სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ვალდებულია შეაგროვოს მონაცემები ჩართული ბავშვების რაოდენობის შესახებ და ასე შემდეგ.
ანა ჯანელიძე ამბობს, რომ უთანასწორობა, რომელიც ქართულ სკოლამდელ განათლების სისტემაში არსებობს, დიდი გამოწვევაა, როგორც ხელმისაწვდომობის – ბაღების არსებობის, ასევე, ხარისხის კუთხით.
მაგალითად, საბავშვო ბაღებში მუნიციპალიტეტების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ბაღის აღმზრდელის ანაზღაურება და ისიც, თუ რა ხარჯს იღებს მუნიციპალიტეტი ერთი ბავშვის გამოკვებაზე, მაშინ როცა სტანდარტითაა განსაზღვრული, თუ რა რაოდენობის ცილებს, ნახშირწყლებს, რა ტიპის ვიტამინებს უნდა იღებდეს ამ საკვებით ბავშვი.
უთანასწორობას ამ სისტემაში ცხადად აჩვენებს ის პრობლემაც, რომ ათასობით ბავშვი ბაღში ვერ დადის, რადგან მუნიციპალიტეტი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ უზრუნველყოფს მათ სკოლამდელ განათლებაში ჩართვას, რადგან ბაღებში ან ადგილი არ არის – დიდი ქალაქების შემთხვევაში, ან საბავშვო ბაღი არ არის – არაერთ სოფელში.
ანა ჯანელიძე ამბობს, ხშირად ის ბავშვები რჩებიან სკოლამდელი განათლების მიღმა, რომლებისთვისაც ყველაზე მეტად არის საჭირო სკოლამდელი განათლების მიღება:
„ხშირად, ეს ბავშვები არიან სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, სოფელში მცხოვრები ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
ჩართულობის პრობლემები ძალიან მწვავედ დგას საქართველოს ორ რეგიონში, სადაც სომეხი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მჭიდროდ დასახლებულია და განსაკუთრებით ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს – აქ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მესამედია ბავშვების, ვისაც ხელი მიუწვდება სკოლამდელ განათლებაზე“, – ამბობს ანა ჯანელიძე და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ამ უთანასწორობის შესამცირებლად საქართველოში მიზანმიმართული პოლიტიკა არ არსებობს.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა სოფლისთვის სტანდარტული სკოლამდელი დაწესებულების აშენებას, აუცილებელია ალტერნატიული ხედვის ქონა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს გამოცდილება, რომლის დანერგვაც ქართულ რეალობაში იქნებოდა შესაძლებელი და ბავშვებს მისცემდა შესაძლებლობას, სკოლამდელი განათლების გარკვეული სარგებელი მაინც მიეღოთ.
ანა ჯანელიძე მაგალითისთვის ნახევარგანაკვეთიან ადრეული განათლების ცენტრებს, მობილური პედაგოგის მომსახურებას და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით პროექტებს ასახელებს:
„არსებობს ბევრი მოდელი, რომელიც ადგილობრივი თემის, ოჯახის საჭიროებებს შეიძლება მოერგოს ისე, რომ ბავშვმა ეს მნიშვნელოვანი პერიოდი არ გამოიტოვოს და მიიღოს საბაზისო, მინიმალური სკოლამდელი განათლება.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ადრეული განათლების ცენტრები, სადაც 3-4 საათის განმავლობაში არიან ბავშვები. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თავად წაიღონ საკვები ან ერთჯერადი კვება იყოს უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მიერ.
მსგავსი ცენტრი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში, შესაბამისი წესების დაცვით, გაცილებით მარტივად შეიძლება მოეწყოს სოფელში, სადაც შეიძლება მხოლოდ 5 ან 10 ბავშვია. იმ 5 ბავშვსაც ზუსტად ისევე ეკუთვნის განათლება, როგორც სხვა ბავშვებს.
სოფელში, სადაც 2 ბავშვია სკოლამდელი ასაკის, შეიძლება ასეთი ტიპის მომსახურებაც უადგილო იყოს და დიდი დანახარჯი ჰქონდეს; ასეთ შემთხვევაში არის მოდელი, რასაც მობილურ მასწავლებელს უწოდებენ. მასწავლებელი, რომელიც, ვთქვათ, კვირაში ერთ-ორჯერ მიდის სოფელში და რამდენიმე საათს ატარებს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად და მშობლებს ასწავლის, როგორ შეიძლება გარკვეული უნარები განუვითარონ ბავშვებს, როგორი თამაში უნდა შესთავაზონ და ასე შემდეგ“, – განმარტავს ანა ჯანელიძე.
მისი თქმით, არსებობს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მოდელიც, როცა მუნიციპალიტეტი კერძო სექტორს გამოუყოფს სივრცეს ან დაუფინანსებს კვებას, სამაგიეროდ კი ბაღმა ადგილობრივებს სერვისი უნდა მიაწოდოს ხელმისაწვდომ ფასად.
ანა ჯანელიძე აქვე განმარტავს, რომ ამ მოდელების დანერგვა საქართველოში ძნელია საკანონმდებლო თვალსაზრისითაც. ექსპერტი ამბობს, რომ კანონში ჩანაწერის თანახმად, საჯარო სკოლამდელი დაწესებულება ცხრა საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს და ამის შეცვლაზე დიდი ხანია საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებას თითქოს ბევრი მომხრე ჰყავს, მისი მიღება მაინც ვერ მოხერხდა.
„პოლონეთის მხარდაჭერით დაინერგა ნახევარდღიანი ბაღები საქართველოში, დაახლოებით 18-15 წლის წინ დაიწყო ეს პროცესი და ეს ცენტრები დღემდე არსებობს.
თავიდან ცენტრები პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით იქმნებოდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი-ორი წლის მერე გააგრძელებდა მათ დაფინანსებას. ანუ პირველადი ინვესტიცია, რაც რესურსებს თუ რემონტს სჭირდებოდა, გრანტის ფარგლებში ხორციელდებოდა და შემდეგ უკვე ხელფასს და ყოველდღიური მინიმალური რესურსების დაფინანსებას აგრძელებდა მუნიციპალიტეტი. ბევრ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ეს იყო გამოსავალი.
ვიტყვი, რომ ყველა ცენტრი, რაც დაფუძნდა ამ და სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ისევ ფუნქციონირებს. ზოგან მუნიციპალიტეტები აგრძელებენ მხარდაჭერას, ოღონდ ცოტა ჩრდილოვანია თითქოს ეს სერვისი, იმიტომ, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ საჯარო სკოლამდელი დაწესებულება უნდა მუშაობდეს დღეში მინიმუმ ცხრა საათს“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
როგორ მოწმდება სწავლების ხარისხის საბავშვო ბაღებში
კვლევა სათაურით – „ადრეული განვითარება და განათლება საქართველოში“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2020 წელს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მაშინაც კი, თუ კი ბავშვი ახერხებს ადრეულ განათლების სისტემაში ჩართვას, სისტემა მას შესაბამის ხარისხს ვერ სთავაზობს:
„სკოლამდელ განათლებაში მონაწილეობას არ აქვს მოსალოდნელი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. კვლევამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ვერ გამოავლინა სკოლამდელ განათლებაში მონაწილეობის მიხედვით“, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
კვლევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი ნათია ანდღულაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქართული ადრეული განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს:
„ბაღის ასაკი არის ბავშვის განვითარებაში საკვანძო. ამ ასაკში აქვს ბავშვს კოგნიტურ განვითარებაში ყველაზე მაღალი ნახტომის გაკეთების შესაძლებლობა და თუ ბავშვს შესაბამის გარემოს შევუქმნით, ეს ეფექტი გაჰყვება სკოლაში – უფრო ადვილად, უფრო ხალისით სწავლობს, უფრო თავისუფლად ურთიერთობს თანატოლებთან და უფროსებთან. მეტიც, კარგი ბაღის ეფექტი ბავშვს მიჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სხვა ქვეყნებში ბევრი კვლევაა ჩატარებული ადრეული განვითარების და სკოლამდელი განათლების ეფექტზე. არის კვლევები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში აკვირდება იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც რომელიმე ადრეული განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
შედეგები აჩვენებს, რომ თანატოლებთან შედარებით, ასეთ ბავშვებში მნიშვნელოვნად მაღალია წარმატების მაჩვენებელი, შემოსავლები, პროდუქტიულობა, ეფექტი ეკონომიკაზე ტრილიონებში იზომება და მნიშვნელოვნად აღემატება ადრეულ განათლებაზე გაწეულ ხარჯებს.
საქართველოში უკვე ბევრი ისეთი კვლევა ჩატარდა, ბაღის ეფექტის შეფასების საშუალებას რომ გვაძლევს. ეს კვლევები საქართველოში 2005 წლიდან მოყოლებული ტარდება. ათასობით ბავშვი იღებს ამ კვლევებში მონაწილეობას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაღში სიარული ბავშვის განვითარებასა და სკოლაში წარმატებაზე გავლენას არ ახდენს.
ამ შედეგს ერთი ახსნა აქვს: ქართული ბაღი დღეს თავის ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს. იმიტომ, რომ ბაღი მხოლოდ ბავშვისთვის განვითარების მიზნით არ შექმნილა. მისი დანიშნულება ისიცაა, რომ დედას შრომის ბაზარზე დაბრუნების ან შესვლის შესაძლებლობა მისცეს. ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალებს უნდა ჰქონდეთ სწავლისა და პროფესიულად რეალიზების შესაძლებლობა. ბევრი ქალი ოჯახის მარჩენალიცაა. მაგრამ ბაღი, როგორც ჩანს, ბევრს ვერაფერს სასარგებლოს სთავაზობს ბავშვს“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის მონიტორინგი ასევე მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა.
ანა ჯანელიძე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საბავშვო ბაღების ავტორიზაციაც მუნიციპალიტეტებს უნდა განეხორციელებინათ, თუმცა, რადგან ეს წარმატებით ვერ დაინერგა, ავტორიზაციის ფუნქცია გარკვეული დროით „განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს“ მიენიჭა.
ექსპერტი „ბათუმელებთან“ ბაღებსა და ბაღების გაერთიანებებში კვალიფიკაციის დონეზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ეს ადრეული განათლების ხარისხზე მძიმედ აისახება:
„მთავარი გამოწვევა ალბათ იმ ადამიანების კომპეტენციებია, ვინც ბავშვებთან მუშაობს – აღმზრდელები და აღმზრდელ-პედაგოგები.
მათი კომპეტენციები ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ საკმაოდ მაღალ მოლოდინებს, რასაც სახელმწიფო აყენებს პროგრამული თვალსაზრისით. არც სახელმწიფოს ჩაუდია მსხვილი ინვესტიციები იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ იმ სტანდარტის და კურიკულუმის მიხედვით მუშაობა, რომელიც მათ შესთავაზა განათლების სამინისტრომ“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
მისივე თქმით, პროგრესულია, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული შინაარსობრივი პროგრამა არ არის სავალდებულო ხასიათის და სტანდარტის მიხედვით საბავშვო ბაღს აქვს საშუალება, დასაბუთების საფუძველზე, თვითონ აირჩიოს კურიკულუმი, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ თემს, ფილოსოფიას, ღირებულებებს და ა.შ. თუმცა ის კომპეტენცია, რაც საჭიროა სტანდარტის დანერგვისთვის, ადგილზე საკმარისი არ არის.
მეტიც – ექსპერტი აღნიშნავს, რომ ხშირად არაკომპეტენტური პირები არიან მაკონტროლებლის როლში:
„სამწუხაროდ, ხშირად მუნიციპალიტეტის ე.წ. ბაგა-ბაღების გაერთიანებებში, სააგენტოებში, რეალურად არ არსებობს კომპეტენტური კადრი, ვისაც შეუძლია სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად გაარკვიოს, პროცესი შეესაბამება თუ არა სტანდარტს.
ხშირად გვსმენია საბავშვო ბაღების აღმზრდელებისგან, ვისთანაც გვიმუშავია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომ მეთოდისტი, რომელიც მოდის გაერთიანებიდან და მონიტორინგს უწევს, იმის საწინააღმდეგოს ეუბნება, რასაც ტრენინგებზე ისმენდნენ.
ეს დამაზიანებელია სისტემისთვის და მოტივირებული ადამიანებისთვისაც.
ვთქვათ, 30 პროცენტია აღმზრდელ-პედაგოგების, რომლებიც გადიან ტრენინგებს, უნდათ გამოასწორონ მიდგომები და ამ დროს ეუბნებიან – არა, შენ ეს ასე უნდა გააკეთო. მაგალითად, ძველებურად უნდა ჩაატარო ზეიმი და სამი თვის განმავლობაში ბავშვები ამზადო საახალწლო ზეიმისთვის, ასწავლო ლექსები და მერე მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილესთან ერთად წარმოადგინონ შენმა ბავშვებმა კონცერტი, ზეიმი თუ ასე შემდეგ.
ეს აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის მთელ იმ ღირებულებებთან, რასაც ახალი სტანდარტი გეუბნება – რომ ზეიმისთვის ბავშვი არ უნდა წვალობდეს და ზეიმი უნდა იყოს ზეიმი.
ადამიანები, რომლებიც საბავშვო ბაღის მასწავლებლებს უნდა ეხმარებოდნენ ხარისხის გაუმჯობესებაში, ხშირ შემთხვევაში ისინი ამას არ აკეთებენ. ბევრ მუნიციპალიტეტში მეთოდისტებს საერთოდ არანაირი გამოცდილება, განათლება შეიძლება არ ჰქონდეთ ამ დარგში.
წარმოიდგინეთ ეს ადამიანები ბაღში – როგორ ექნება ნდობა სისტემის მიმართ აღმზრდელ-პედაგოგს, რომელიც, თქვათ, 15-20 წელია მუშაობს საბავშვო ბაღში და ხედავს, როგორ მოდიან დარგის არასპეციალისტები და თავს უფლებას აძლევენ შენიშვნა მისცენ. დიდი უსამართლობა და უნდობლობაა და ეს ალბათ აისახება კიდევაც მათ მოტივაციაზე და საბოლოო ჯამში იმ ხარისხზე, რასაც ვიღებთ საბავშვო ბაღებში“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
მისი თქმით, იშვიათია, რომ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი მუშაობდეს საბავშვო ბაღების გაერთიანების ან სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე და ძირითადად ამ პოსტზე დანიშვნა პოლიტიკური, პარტიული საკითხია.
ანა ჯანელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას საბავშვო ბაღებში ძველი, დაზიანებული წიგნები წარმოადგენს:
„რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ კვლევა ბათუმის, თბილისის და გორის საბავშვო ბაღებში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ჯერ ეს ერთი, ძალიან განსხვავებული სიტუაციაა ბაღებს შორის ერთ მუნიციპალიტეტშიც კი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ მუნიციპალიტეტში ერთ ბაღს შეიძლება ჰქონდეს მეტი წიგნი, მეორე ბაღს – ნაკლები.
ასევე, ხშირ შემთხვევაში ეს არის ძალიან ძველი გამოცემები, მოძველებული, დაფლეთილი, ნაკლები ილუსტრაციებით – ძალიან რთულია, რომ ასეთი წიგნით ბავშვმა სიამოვნება მიიღოს კითხვის პროცესით.
კვლევის მიხედვით, წიგნების დაახლოებით ნახევარი არ იყო ასაკობრივად შესაბამისი, ანუ ასე ვთქვათ, დიდი ბავშვების წიგნები იყო.
ამ კუთხით არის დიდი პრობლემა და ბევრი მუნიციპალიტეტი საერთოდ წლების განმავლობაში არ ყიდულობს საბავშვო წიგნებს ბაღისთვის. სათამაშო შეგიძლია ჩაანაცვლო ბევრი რაღაცით, მაგალითად: ბუნებრივი მასალებით, ხელნაკეთი რაღაც შეგიძლია მოამზადო და ასე შემდეგ, მაგრამ წიგნის ჩანაცვლება ძალიან რთულია, წიგნი ვერაფრით ჩანაცვლდება.
ხაზს გავუსვამ – ეს არ ნიშნავს რომ კითხვა უნდა იცოდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, – არავითარ შემთხვევაში ამას არ ვგულისხმობ; კითხვას იწყებს სკოლაში, სწორედ ექვსი წლის ასაკიდან ხდება ამ უნარების განვითარება, მაგრამ ის წინარე უნარები თუ არ უდევს, მერე კითხვის დაწყება რთულდება და ეს ნაპრალი ხშირ შემთხვევაში იზრდება“ – ამბობს ანა ჯანელიძე.
როგორ შეიძლება ევროპული გამოცდილების გამოყენება
ანა ჯანელიძეს ვკითხეთ, როგორ შეუძლია საქართველოს ევროპული გამოცდილების გამოყენება ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვაში. ექსპერტი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. „ბარსელონას სამიზნე ნიშნულები“, – რაც აწესებს მიზნებს, რასაც 2030 წლისთვის უნდა მიაღწიონ ქვეყნებმა ადრეულ განათლებაში ჩართულობის კუთხით.
„წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ მიაღწიონ გარკვეულ პროცენტულ ჩართულობას. 3-6 წლამდე ბავშვებისთვის ეს არის არის 96%. ჩვენთან ამ დროისთვის ჩართულობის მაჩვენებელი დაახლოებით 76%-ია, ანუ საკმაოდ დიდი ნაპრალი გვაქვს.
ხოლო ხარისხთან დაკავშირებით არსებობს ჩარჩო დოკუმენტი ევროკავშირის მასშტაბით, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის – განსაზღვრულია საბაზისო ხარისხის მიმართულებები, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხი.
საქართველოშიც, სანამ გარკვეული პოლიტიკური ტრაექტორიები შეიცვლებოდა, ეს ჩარჩო დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი იყო, ყოველთვის ვხელმძღვანელობდით მისით სხვადასხვა დოკუმენტზე თუ პროგრამაზე მუშაობის პროცესში. ათი მიმართულებაა ხარისხის, რომელსაც ეს დოკუმენტი განსაზღვრავს.
ახლა არ ვიცი რა ხედვა გვაქვს სახელმწიფოში“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებით ბევრი რამის სწავლა შეუძლია პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან:
„მსგავსი ტიპის სისტემები გვქონდა საბჭოთა წასულიდან გამომდინარე, მაგრამ მათ შეძლეს და ძალიან ბევრი გამოწვევა გადალახეს, რიგ შემთხვევებში სტრუქტურული, ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირიდან, მაგრამ ასევე საკუთარი ძალიან დიდი ძალისხმევითაც.
ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. იგივე ბილინგვური განათლების კუთხით ესტონეთს აქვს ძალიან კარგი მოდელი და ახლა, როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს ბავშვთა ფონდსა და ესტონეთის მთავრობას შორის, რომ საქართველოში განვითარდეს ბილინგვური განათლება – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ბავშვებმა ქართული ენის სწავლა რომ შეძლონ, ადრეულ ასაკში და მშობლიური ენის შენარჩუნებაც“, – ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, როგორც ხარისხის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით, ევროპის რეგიონში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემა საუკეთესოა.
„ყველა მიმართულებით რა გამოწვევებიც არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ანალოგები და გავითვალისწინოთ მათი განვითარების გზა.
კი არ დავაკოპიროთ, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, რაღაცები განსხვავებულია ჩვენთან, მაგრამ სწავლა ნამდვილად შეგვიძლია“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
___
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.