პროკურატურის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დასალუქი ნივთიერი მტკიცებულებების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, პროკურატურის ხელთ არსებული მარაგებით შეუძლებელია ამოსაღები ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა“, ამიტომ დამატებით, უტენდეროდ 10 ათას ცალ წებოვან ლუქს შეისყიდიან.
„საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იგეგმება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული ათასობით ვერიფიკაციის აპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათების ამოღება და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც საჭიროებს შესაბამისი წესით დალუქვას.
ვითარების დადგომიდან თავდაპირველად გამოყენებულ იქნა საქართველოს პროკურატურის ხელთ არსებული წებოვანი ლუქები, თუმცა ვინაიდან დასალუქი მასალების რაოდენობა ძალიან დიდია, პროკურატურის ხელთ არსებული რესურსი არ არის საკმარისი არსებული ვითარების აღმოფხვრისთვის. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მასალების დალუქვის დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება“, – წერენ შესყიდვების სააგენტოს პროკურატურიდან.
10 ათას ცალ წებოვან ლუქში პროკურატურა „გადაუდებელი აუცილებლობის გამო“ 6 150 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებაზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერაბაშვილმა შესყიდვების სააგენტოს წერილობით 2024 წლის 13 ნოემბერს მიმართა.
„შესაბამისი წებოვანი ლუქების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერის პროცედურებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ მოწოდების განხორციელება მოითხოვს ხანგრძლივ ვადებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს და საფრთხის წინაშე დააყენებს საქმის ჭეშმარიტი გარემოებების დადგენასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, ხოლო სხვა რესურსი საქართველოს პროკურატურას არ გააჩნია, მოცემული მდგომარეობა ჩვენ მიერ შეფასდა როგორც გადაუდებელი აუცილებლობა…
გთხოვთ მოგვცეთ თანხმობა, რათა გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განვახორციელოთ 10 000 ცალი წებოვანი ლუქის შესყიდვა“, – აღნიშნულია პროკურორის მოადგილის 13 ნოემბრის წერილში.
პროკურატურის ინფორმაციით, „გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა 2024 წლის 5 ნოემბერს. სააგენტოში მომართვის წარდგენამდე განვახორციელეთ ვითარების შესწავლა, გადაუდებელი ვითარების აღმოფხვრის შესაბამისი შესყიდვის ობიექტების მახასიათებლების განსაზღვრა და ბაზრის მოკვლევა.“
საქართველოს პროკურატურამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები.
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მძევლად აიყვანა“, – ვინაიდან, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ მონაცემების გაყალბება/შეცვლა შეეძლება, არადა, მათი მეშვეობით, არჩევნების გაყალბების დადასტურება შეიძლებოდა.
ვრცლად: პროკურატურა: დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები
2026 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული პარტია და კოალიცია. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტიც.
ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქართველოში გრძელდება საპროტესტო აქციებიც.