მთავარი,სიახლეები

„თავშესაფარში ვიყო, თბილ ჩაის დავლევდი საღამოს“ – რა ხდება გერმანულ და ბრიტანულ პანსიონატებში?

14.11.2024 •
„თავშესაფარში ვიყო, თბილ ჩაის დავლევდი საღამოს“ – რა ხდება გერმანულ და ბრიტანულ პანსიონატებში?

„ხელისუფლება იძახის, ეკონომიკა დუღსო. მე, პენსიონერი ქალი, მარტოხელა დედა, შშმ შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვეს, რამდენი ადამიანია კიდევ ქუჩაში ჩემსავით, თავშესაფარსაც კი არ გვაძლევენ“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც ბოლო 2 წელია საპროტესტო აქციაზეა და საცხოვრისს ითხოვს.

მას აქეთ, რაც ხელისუფლებამ მაგული ფუტკარაძის და აქციებზე გამოსული სხვა უსახლკაროების პრობლემები არც კი შეისწავლა, პროტესტის ნიშნად უსახლკარო ქალი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ მუყაოს ყუთში ჩაჯდა.

მაგული ფუტკარაძის თქმით, მან ბათუმის მერიაში თავშესაფარიც მოითხოვა:

„მითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ ღამის თავშესაფარი, ღამით დარჩებით და დღისით უნდა წახვიდეთო. სად წავიდე დღისით? სამსახური რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა, საღამოს მივიდოდი თავშესაფარში, ჩემი ოთახი მექნებოდა, თბილ ჩაის დავლევდი შვილთან ერთად საღამოს…

მაგული ფუტკარაძე ბუკნარში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში სხვებთან ერთად შეიჭრა

მე მხოლოდ ერთი ოთახი მჭირდება, სადაც ჩემს შვილთან ვიცხოვრებდი. ჩემი შვილი 31 წლისაა, მაგრამ შშმ პირია, მეზღვაური იყო, დაზიანება მიიღო… მე მისი მეურვე ვარ ახლა, სასამართლომ მომანიჭა ეს სტატუსი და ამით დამთავრდა სახელმწიფო.

სტატუსის მონიჭების შემდეგ ჩემი ცხოვრება მხოლოდ უარესობისკენ მიდის. ჩემს შვილს მუშაობა არ შეუძლია, დროულად სჭირდება საჭმელი, მედიკამენტები, მე კი, ქუჩაში ვარ, რამდენი ღამე გავათენეთ აჭარის მთავრობის სახლთან, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადად ფულის მოცემით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას.

ამ ბოლოს მითხრეს, 3 ათას ლარს მოგცემთ სარეზერვო ფონდიდანო. სულ ესაა მთავრობის ყურადღება…

ერდოღანი რომ ერდოღანია, ისიც არ ტოვებს ხალხს ასე ქუჩაში, როგორც საქართველოშია. მე თვითონ ვნახე იქაური თავშესაფრები, როცა თურქეთში ვმუშაობდი ოჯახში მომვლელად, ცალ-ცალკე ოთახები აქვთ და საერთო მხოლოდ მისაღებია, სამზარეულო, სველი წერტილები.

ეს მინდა მეც – ერთი ოთახი მქონდეს სადმე და თუნდაც 20 კვადრატული მეტრი იყოს, აღარ ვიცი უკვე, სად მაქვს ჩემი ნივთები, ტანსაცმელი.

ეს წამებაა, ეს არაა ცხოვრება. 4 წელია ვწერ განცხადებებს ყველგან და დადებითი პასუხი არცერთი უწყებიდან არ მიმიღია.

უსახლკაროები დავუახლოვდით ერთმანეთს ამასობაში. როცა ნაქირავები მქონდა ბინა და ვახერხებდი ქირის გადახდას, ვინც სოფელში ცხოვრობს, მაგრამ მეწყერსაშიშ ზონაში, ზოგჯერ დაწერდნენ ფეისბუქის საერთო ჯგუფში: ნახეთ რა მაგრად გაწვიმდა, ღამის გათევა ჩვენს სახლში გვეშინიაო. მე ვუწერდი, ჩემთან ჩამოდით, გავშლი პლედებს, იატაკზე დავაფენ და აქ იყავით, მთავარია, სიცოცხლე გადარჩეს-მეთქი.

ასეა, ჩვენს სახელმწიფოში: ისევ ჩვენ ვიზრუნებთ ერთმანეთზე, ადამიანები, თორემ…,“ – ცრემლი ერევა მაგული ფუტკარაძეს.

როგორი პანსიონატები არსებობს საქართველოში ხანდაზმული, მიუსაფარი ადამიანებისთვის და რა მიდგომა აქვთ ამ კუთხით ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში?

გერმანიის მაგალითი:საქართველოში თუ ოდესმე ასეთი პანსიონატები მოეწყობა, ვერ წარმომიდგენია“ 

„გერმანიაში, პანსიონატში როცა შემოდის ხანდაზმული, პირველ რიგში, მისი ბიოგრაფია უნდა გავიგოთ: როგორია მისი ცხოვრება, რა უყვარს, რა უხარია, რა სურვილით მოვიდა პანსიონში?“ – ამბობს ნინო დუმბაძე. ის გერმანიაში, მედდის პროგრამაზე სწავლობს. ნინო დუმბაძემ ჩრდილოეთ რაინვესტფალიის მხარეში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში სამთვიანი პრაქტიკა გაიარა. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს იმაზე, თუ რა ხდება გერმანულ პანსიონატებში.

ხანდაზმულთა პანსიონატი გერმანიაში, ჰამბურგში. ფოტო პანსიონატის ინტერნეტგვერდიდან

ნინო დუმბაძე

„ოჯახივით სიტუაციაა პანსიონატში – მყუდრო, ადამიანზე ორიენტირებული. ვერც კი წარმომედგინა, მოხუცზე ამდენი რესურსის დახარჯვა თუ იყო სადმე შესაძლებელი,“ – გვიყვება ნინო დუმბაძე. – „ხდება იმის გარკვევაც, როგორი იყო გარემო ოჯახში, ცდილობენ ისეთივე გარემო შეუქმნან პანსიონატში, მისი პირადი ნივთებიც კი მოაქვთ…

თითოეული ხანდაზმულის შემთხვევაში ცალ-ცალკე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის და ინტერესების შესაბამისად. მაგალითად, საექსპერტო სამსახური განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის სირთულის პაციენტია კონკრეტული ხანდაზმული და რა სახის მკურნალობა, მზრუნველობა სჭირდება. ცხადია, პანსიონატში მოდიან მოხუცებიც, რომლებსაც არაფერი აწუხებთ, მაგრამ მარტოობა აღარ შეუძლიათ და ურჩევნიათ პანსიონატში გადმოსვლა.

ხანდაზმულთან მუშაობს სოცმუშაკი, რომელმაც უნდა შეადგინოს აქტივობების გეგმა: თუ სამზარეულო და ცხობა უყვარს, შეუძლია ეს აკეთოს, თუ მხატვრული ლიტერატურა უყვარს, კითხვის კლუბი არსებობს, სადაც წიგნებს წაიკითხავ, სხვებთან ერთად იმსჯელებ, თუ არ შეგიძლია კითხვა, წაგიკითხავენ. თუ თეატრი უყვარს მოხუცს, სოცმუშაკი მას დაგეგმილ ღონისძიებაზე წაიყვანს…

ხანდაზმულთა პანსიონატი მაინციში – ფოტო პანსიონატის ინტერნეტგვერდიდან

რაც შეეხება მედდას – ექიმის გარდა, მომვლელებთან ერთად, პანსიონატებში მუშაობენ დიპლომირებული მედდები. აქ მედდა ექიმისგან გამიჯნულია და ის ცალკე თავის დიაგნოზს სვამს: მაგალითად, მედდამ უნდა განსაზღვროს, ხანდაზმულის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა უნდა იყოს მისი გადაადგილების მაქსიმალური მანძილი დღეში, როცა ადამიანის ფიზიკური უნარები შეზღუდულია, დღეში რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი და ასე შემდეგ…

ნომერ პირველი ამ ჩამონათვალში არის თავად ხანდაზმულის ადამიანი რესურსი: შესაძლოა, მაგალითად, თავად მას სურს ჩააცვა, წყალი დაუსხა, მაგრამ პერსონალს არ გაქვს ამის უფლება, თუ თავად შეუძლია იმავეს გაკეთება, თავად უნდა გააკეთოს. შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ თავად უნდა გააკეთოს.

მთავარი ფოკუსია ასევე ხანდაზმულის ინტერესების შესაბამისად მოქმედება. ზოგიერთს, მაგალითად, მოხუცს აკითხავდა ოჯახის წევრი, მაგრამ ის ამბობდა, რომ სიმყუდროვე ურჩევნია, არ მსურს შეხვედრაო.

ფიზიოთერაპევტი მუშაობს თითოეულთან, ავარჯიშებენ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ფიზიკური ძალა, კარგად იკვებონ, გამხიარულდნენ. მოდიან, მაგალითად, პერიოდულად ადამიანები მუსიკალური საკრავებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, რომ მოხუცები გაართონ,“ – გვითხრა ნინო დუმბაძემ.

ხანდაზმულთა პანსიონატი გერმანიაში, კიოლნი – ფოტო პანსიონატის ინტერნეტგვერდიდან

რა უჯდება გერმანელ ხანდაზმულს პანსიონატში ცხოვრება? – ფასი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურება სჭირდება მოხუცს, სად მდებარეობს ეს თავშესაფარი. გერმანიაში დასაქმებულებისთვის სავალდებულოა მოვლის დაზღვევის გადასახადის გადახდა. ამ გადასახადებით სახელმწიფოში მოვლის ფონდი ივსება. როცა უკვე ხანდაზმული ადამიანი მოვლის საჭიროების წინაშე დგება, ის თავად ირჩევს: მომვლელი აიყვანოს, ან ე.წ. შინმოვლის პროგრამით ისარგებლოს, თუ პანსიონატში წავიდეს.

პანსიონატებში ცხოვრების შემთხვევაში, ღირებულების ნაწილი ფონდიდან იფარება, ნაწილს კი, ბენეფიციარი ფარავს. თუ ხანდაზმული სოცდაუცველია, მაშინ სხვა პაკეტები აქტიურდება.

„საშუალო ხარისხის მდგომარეობის შემთხვევაში, თვიური გადასახადი შესაძლოა იყოს 1555 ევრო, აქედან დაახლოებით ნახევარს იხდის სადაზღვევო ფონდი,“ – გვიხსნის ნინო დუმბაძე.

გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნინო დუმბაძე გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას: „სავსეა პანსიონატები, ხალხი რიგშია, როგორც ჩანს, გერმანიაც არ ელოდა ამდენ მოხუცს. თუ 1991 წლის სტატისტიკით გერმანიაში 65 წელს გადაცილებული დაახლოებით 12 მილიონი ხანდაზმული იყო, 2022 წლის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 18,7 მილიონამდეა გაზრდილი, აქედან დაახლოებით 5 მილიონი კი მოვლის საჭიროების მქონეა.

ამ დროისთვის გერმანიაში სულ 800 ათასი ადამიანია 11 680 პანსიონატში. იგრძნობა სახელმწიფოს მიდგომა: სახელმწიფო, პირველ რიგში, ხელს უწყობს ხანდაზმულს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში დარჩენას და მოვლას,“ – აღნიშნა ნინო დუმბაძემ „ბათუმელებთან“.

ხანდაზმულთა პანსიონატი ჰესენში – ფოტო პანსიონატის ინტერნეტგვერდიდან

  • საქართველოში პანსიონატები დეფიციტია, თუ ადგილი მოგიწია, სახელმწიფო დღეში 30 ლარს გადაიხდის: „ეს იგივეა აჭარული ხაჭაპური რომ შეჭამოთ 2 ლარად“ 

პანსიონატებში არსებული რთული პირობების მიუხედავად, რასაც სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებს, ხანდაზმულები რიგში არიან, მაგალითად, ბათუმში მხოლოდ ღამის თავშესაფრები არსებობს – ერთი მუნიციპალური, მეორე რელიგიური ორგანიზაციის „კათარზისის“ დაფინანსებით, სადღეღამისო ხანდაზმულთა პანსიონატი კი, მხოლოდ საპატრიარქოს აქვს მოწყობილი. ამ პანსიონატს ბათუმის მერია აფინანსებს და რიგია.

„დეფიციტურია ეს დაფინანსება: 30 – 35 ლარი დღეში, 80 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ რაღაცას ჰგავდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ვახანია, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკის დოკუმენტი და გეგმა ხანდაზმულების ხანგრძლივი მოვლის კუთხით არ გააჩნია.

საქართველოში არსებობს პანსიონატები, სადაც თვეში მომსახურების ღირებულება დაახლოებით 1000 ლარია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს დაფინანსება ხარჯს ფარავს. პანსიონატების ნაწილში კი, დღიურად 70-80 ლარია. ამ შემთხვევაში სხვაობა ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა უნდა დაფაროს.

მართალია, საქართველოში ისე დიდხანს ვერ ცოცხლობენ [სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელი], როგორც გერმანიაში [სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელი], თუმცა საქართველოში 65 წელს ზევით მყოფთა სტატისტიკა უკვე 20 %-ს გასცდა.

„ჩვენთან არ არსებობს არანაირი ერთიანი სტანდარტი. არსებობს სახელმწიფოს ორი – თბილისის და ქუთაისის პანსიონატი, ამას გარდა, სახელმწიფო ყიდულობს სერვისს კიდევ 16 სათემო ორგანიზაციიდან, მაგრამ აქედან გულწრფელად რომ გითხრათ, ერთია ნორმალური – გურიაში, ანასეულის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურება. ეს სახლი იაპონიის გრანტით გაკეთდა თავის დროზე, კარგი მენეჯერი ჰყავს – მარინა თოფურია და გრანტების მოძიებასაც ახერხებს.

სახელმწიფო ნომინალურის დაახლოებით მესამედს აფინანსებს მხოლოდ, ეს იგივეა, აჭარული ხაჭაპური რომ მოგიტანონ სადმე 2 ლარად.

ჩვენი მონაცემებით, დღეს საქართველოში, დაახლოებით 75 ათასი ადამიანია მოვლის საჭიროების მქონე, აქედან სავარაუდოდ 50 ათასს სჭირდება შინმოვლა, 25 ათასი კი, შესაძლოა იყოს პანსიონატში. ჩვენ რეალობაში კი, შინმოვლაშია დაახლოებით 5 ათასი, დაწესებულებებში – 2 ათასი ხანდაზმული.

ჩვენი დიდი ძალისხმევითა და ჩართულობით, პარლამენტმა 2016 წელს მიიღო დაბერების სახელმწიფო კონცეფცია, ასევე მიიღეს 2017 და 2018 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმიდან 65 ამოცანა შესრულდაო, გვითხრეს, მაგრამ არ არის ეს სიმართლე – საპენსიო რეფორმა პარალელურად ისედაც ტარდებოდა.

ახლა საერთოდ გეგმის გარეშე ვართ.

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა ტიპის მომსახურებებია საჭირო დაწესებულებებში. ვთქვათ, საავადმყოფოდან გამოწერეს ადამიანი, რეანიმაციაში იყო და გაწერეს სახლში, სად უნდა წავიდეს? რატომ ჰგონია ყველას, რომ ყველამ იცის პოლიტიკა და მოვლა?“ – კითხულობს უჩა ვახანია.

ექსპერტი გვესაუბრება ევროპის ქვეყნების მოდელებზე, სადაც პანსიონატები მოვლის საჭიროების მიხედვით განსხვავებულია: მაგალითად, მხოლოდ პანსიონატში ცხოვრება სჭირდება ხანდაზმულს, თუ სჭირდება მედდა და სამედიცინო კომპონენტი?

უჩა ვახანია

„ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით საგრძნობია ის, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. მინახავს სახლები, სადაც დღე-ღამეში გადასახადი 100 ევროდან იწყება, არის 320 ევროც, მაგალითად, შვეიცარიასა და საფრანგეთში. ამ თანხას, ძირითადად, ფარავს სახელმწიფო, მაგრამ ევროპულ სახელმწიფოებს ძალიან უყვართ თანაგადახდა.

სწავლობენ დეკლარაციებს, ვის რა დანაზოგი აქვს. მაგალითად, თუ ხანდაზმულს აქვს დანაზოგი 25 ათასი ევრო, თანაგადახდა შესაძლოა ამ ფულიდანაც. თუ ეს თანხა ჩამოვა 10 ათასამდე, არის სტანდარტი, რომ ამის იქეთ აღარ აქვთ უფლება თანაგადახდა გაგრძელდეს – მინიმუმი ხანდაზმულს საკუთარ ანგარიშზე უნდა დარჩეს.

გერმანიის მოდელი გამორჩეულია: აქ კანონით არის სავალდებულო მოვლის გადასახადის გადახდა, რაც წლიური 1.7 %-დან გაიზარდა 2.05 %-მდე.

მიჩნეულია, რომ ოჯახშია მაინც ყველაზე თერაპიული გარემო. შესაბამისად, პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ ხანდაზმული რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საკუთარ სახლში, თუ ეს შესაძლებელია. გარდა ამისა, ფაქტია, რომ შინმოვლა ბევრად იაფია, ვიდრე მოვლის და ზრუნვის სახლები.

ავსტრიაში, მაგალითად, ასეთი სტანდარტია, თუ ხანდაზმულს დღეში 2.5 საათზე მეტი სჭირდება მოვლა, უნდა გადავიდეს მოსავლელ დაწესებულებაში. არის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ადგენენ მოვლის სიმძიმეს და ამის შესაბამისად ხანდაზმულს აძლევენ მოვლისთვის საჭირო თანხას. დგება პერსონალური ბიუჯეტი. აქ არსებობს, როგორც ვიცით, არაფორმალური მომვლელების ჩართვაც. სხვათა შორის, ნიდერლანდები, მაგალითად, ახერხებს საკმაოდ მკაცრად გააკონტროლოს ნამდვილად იხარჯება თუ არა ფული მოვლაში, გერმანიაში გაძლევენ ამ ფულს მოვლისთვის, მერე უკვე შენი გადასაწყვეტია…,“ – გვითხრა უჩა ვახანიამ.

ექსპერტის აზრით, როცა მსოფლიოში სწრაფი დაბერების ტენდენციაა და სწრაფად დაბერებადი ქვეყანა გახდაც საქართველოც, ხელისუფლებამ სხვადასხვა ღონისძიება უნდა დაგეგმოს, თუმცა საქართველოში ხელისუფლებას ამ მიმართულებით გეგმაც კი არ აქვს.

საქართველოს ხელისუფლებას არც კითხვებზე პასუხი აქვს. „ბათუმელები“ ხანდაზმულთა პანსიონატების პრობლემაზე სალაპარაკოდ საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ.

„მაგალითად, საქართველოში დემენციითაა დაავადებული 30 ათასი ადამიანი, დემენცია, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად ხანდაზმულებს აწუხებთ. მათ ძირითად შემთხვევებში ვერაფერს სთავაზობს სახელმწიფო… დღეს მსოფლიოში 55 მილიონია დაავადებული დემენციით, 2050 წელს ეს მაჩვენებელი იქნება 120 მილიონი.

ბოლო 100 წელიწადში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაორმაგდა. ევროპის ქვეყნებში 81 წელს გასცდა უკვე საშუალო ასაკი. მოვლის და ზრუნვის სახლები, რომლებზეც ვსაუბრობთ, იქ მიდიან ადამიანები 90, 100 წლის ასაკიდან,“ – დასძინა უჩა ვახანიამ, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარემ.

  • სახალხო დამცველი: „ხანდაზმულებს არ მიეწოდებათ მინიმალური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან…“ 

ხანდაზმულთა რამდენიმე დაწესებულებაში მონიტორინგი ბოლოს სახალხო დამცველმა 2022 წელს ჩაატარა. ომბუდსმენის შეფასება მკაფიოა, მინიმალურ სტარტის მომსახურებაც კი არ არის იმ დაწესებულებებში, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენო.

ნახეთ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებული დაწესებულება არ იცნობს ხანდაზმულებზე სახელმწიფო ზრუნვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და თავის მხრივ, არც სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ამ ტიპის დაწესებულე(ბე)ბის თაობაზე, შესაბამისად, არ მოწმდება და კონტროლდება ხანდაზმულთა დაწესებულებების მიერ მინიმალური სტანდარტების შესრულება;
  • დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან;
  • ხანდაზმულებს არ მიეწოდებათ მინიმალური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც მათი უფლებების დარღვევის საფრთხეს შეიცავს და შესაძლებელია გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას;
  • დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას;
  • დაწესებულებაში ირღვევა კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, ერთფეროვანი და არასრულფასოვანია. არ არის დაცული საკვების ენერგეტიკული ღირებულებების ბალანსი;
  • მონიტორინგის შედეგად შემოწმებულ დაწესებულებებში ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი ინფორმირებული არ არის საკუთარი უფლებების შესახებ;
  • ხანდაზმულთა სათემო სერვისებში გათვალისწინებული არ არის ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ფსიქიატრიული მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება, არ არის დანერგილი ხანდაზმული ბენეფიციარის ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგული კვლევის და სტრესის დაძლევაზე, კოგნიტიური, სოციალური და ყოფითი უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფსიქოსოციალური ინტერვენციების პრაქტიკა.
  • ხანდაზმული ბენეფიციარების ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა არ ხდება სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. არ აქვთ შემუშავებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის შიდა რეგულაციები, არ ჰყავთ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში შესაბამისი შტატი და სტანდარტების შესაბამისად არ ხდება ძალადობის შემთხვევების ამოცნობა და რეგისტრირება;
  • ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ხანდაზმულთა პანსიონატებში არ უნდა ირიცხებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარები, ბენეფიციართა შორის მაღალია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა სიხშირე;
  • ხანდაზმულთა დაწესებულებებში დაბალია ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე მათი უფლებების შესახებ
  • როგორ უვლიან მოხუცებს დიდ ბრიტანეთში? 

როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები პანსიონატებში – ამ მიმართულებით კვლევა 2023 წელს ჩაუტარებია „ჯანმრთელობის დაცვის და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრს“. კვლევის „ხანდაზმულთა სახლების, მომსახურების ბაზრის კვლევა საქართველოში“ მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 80 ათას ადამიანს სჭირდება ხანგრძლივი მოვლა.

„ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა სპეციალიზებული
დაწესებულებები – ხანდაზმულთა პანსიონატები და სათემო ორგანიზაციები. პანსიონატები [თბილისის და ქუთაისის] უფრო ე.წ. საექთნო სახლებს შეესაბამება, ხოლო სათემო ორგანიზაციები შეესაბამება მხარდაჭერილ საცხოვრისებს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული დაწესებულებების პარალელურად ფუნქციონირებს რამდენიმე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა რეზიდენტული დაწესებულება, ასევე, რამდენიმე არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომელთა ნაწილი შეიძლება ფინანსდებოდეს რელიგიური და/ან საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ, ნაწილი კი ბენეფიციართა დაფინანსებით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში ნახავთ დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას:

„საინტერესო დიდი ბრიტანეთის მაგალითიც, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების კუთხით. დიდ ბრიტანეთში ორი ტიპის სახლები არსებობს: საექთნო სახლები და რეზიდენტული დაწესებულებები. ზოგიერთი სახლი ორივე ტიპს აკმაყოფილებს და სთავაზობს როგორც საცხოვრებელ, ასევე საექთნო მოვლას. სახლებს მართავენ კერძო კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, ან ზოგჯერ ადგილობრივი საბჭოები.

ხანდაზმულთა სახლები გაერთიანებულ სამეფოში უზრუნველყოფენ ზრუნვას და დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ საექთნო და პერსონალური ზრუნვა მთელი დღე-ღამის განმავლობაში რთული სამედიცინო მდგომარეობის, ხანდაზმულობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ეს დაწესებულებები შექმნილია ბენეფიციარების სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

საექთნო სახლები სთავაზობენ მაღალი დონის მოვლას საცხოვრებელ სახლთან შედარებით. საექთნო სახლები უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების ბაზისურ სერვისებს, კერძოდ მედიკამენტების მიცემას, ნაწოლების მოვლას და სხვა საექთნო ჩარევებს.

ხანდაზმულთა სახლებს, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი თანაფარდობა პერსონალისა და რეზიდენტის მიმართ, ვიდრე შინ მოვლის დროს არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანდაზმულთა სახლებში ბენეფიციარებს ხშირად აქვთ უფრო რთული სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც მოითხოვს კვალიფიციურ საექთნო ზრუნვას. საექთნო პერსონალი, მათ შორის რეგისტრირებული ექთნები და ექთნის თანაშემწეები, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ზრუნვაში და მოვლაში.

ხანდაზმულთა სახლები სთავაზობენ ბენეფიციარებს კეთილმოწყობილ გარემოს და მაღალი დონის მომსახურებას, მათ შორის კარგად არის მოწყობილი სასადილო კუთხე, სარეაბილიტაციო ოთახები და სოციალური აქტივობებისათვის სივრცეები. ამის მიზანია მაცხოვრებლებისთვის კომფორტული და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.

ხანდაზმულთა სახლში მოხვედრამდე მოხუცები ჩვეულებრივ გადიან საფუძვლიან შეფასებას მათი მოვლის საჭიროებების დასადგენად. ეს შეფასება ეხმარება ბენეფიციარს, რომ მასზე მორგებული სერვისები მიიღოს და დაწესებულებამ უზრუნველყოს სათანადო დონის მოვლა.

ხანდაზმულთა პანსიონატი დიდ ბრიტანეთში, სოფელ ჩედერში

სახელმწიფო მარეგულირებელი – CQC  ყოველწლიურად აქვეყნებს სახლების რეიტინგს [არა ადეკვატური; გაუმჯობესებას საჭიროებს; კარგი; გამორჩეული], რათა დაეხმაროს
მზრუნველობის მაძიებლებს შეადარონ სახლების მომსახურება და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

რაც შეეხება პერსონალს, დიდ ბრიტანეთში არ არსებობს თანაფარდობა, ან რაიმე სახის კონკრეტული რეკომენდაცია, მოთხოვნა ბენეფიციარების რაოდენობის ერთ პერსონალზე. მთავარია დაკმაყოფილებული იყოს CQC-ის ძირითადი მოთხოვნები.

დიდ ბრიტანეთში არსებობს Care UK პროვაიდერების დიდი ქსელი 40 წლიანი გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულების მოვლას. Care UK-ში ყველა ბენეფიციარს ეპყრობიან ინდივიდუალურად, რათა მათ შეძლონ იცხოვრონ სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებით.

ხანდაზმულთა სახლებს აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა, ელეგანტური ავეჯი, სველი წერტილები, ლუქსი ოთახები და ექთნების 24-საათიანი სისტემა. ბევრი ოთახი გადაჰყურებს ბაღს, ხოლო პირველ სართულზე მდებარე ოთახებს აქვთ კარები, რომლებიც პირდაპირ ბაღში გადის.

„მოხუცები ამბობენ, რომ მათ უნდათ სახლი და სახლის მსგავსი გარემო, შესაბამისად ამას ვთავაზობთ. დაწესებულებაში ასევე გვაქვს პაბი, რომელიც არის ცენტრი და გამოიყენება ყველაფრისთვის, მათ შორის ტესტირებისათვის, კარაოკესთვის.“

ყველანაირი ინფორმაცია დაწესებულებების შესახებ არის გამჭვირვალე. ასევე ხანდაზმულთა სახლი სთავაზობს განსხვავებულ სერვისებს, როგორიცაა სილამაზის სალონი, იოგას ოთახი, ბაღი, ასევე დამატებითი სამედიცინო სერვისები: ქიროპოდია, ალტერნატიული თერაპია, დენტისტი, ნამასტე, აფთიაქი, მეტყველების თერაპია.

ბრიტანეთში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას, რომელიც გულისხმობს ადამიანების ღირსეულად და პატივისცემით მოპყრობას, ასევე მათი გამოცდილების მოსმენას და მომავლის მიზნების დასახვას. ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა ეხმარება მათ იცხოვრონ უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით:

  • მოვუსმინოთ მოხუცების სურვილებსა და მიზნებს და დავახმაროთ მათ რეალიზაციაში.
  • მოხუცების ცხოვრებისეული ისტორიების ჩაწერა ისტორიების წიგნებში და მიმდინარე აქტივობების მორგება და შეთავაზება მათ სასურველ გართობებთან და გატაცებებთან.
  • ჭამის დროს არჩევანის შეთავაზება, მათ შორის თეფშების მიწოდება დემენციით დაავადებული ადამიანისათვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
  • გარკვეული რისკების გამოყენება მოხუცების დასახმარებლად და წასახალისებლად, რომ იცხოვრონ რაც შეიძლება დამოუკიდებლად.
  • სივრცეების უზრუნველყოფა, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ სოციალიზაცია ან დასვენება დამოუკიდებლად, მათი სურვილებიდან გამომდინარე.
  • მაცხოვრებლების წახალისება, შეასრულონ ყოველდღიური დავალებები, როგორიცაა ბაღის მოვლა.
  • ოჯახები ასევე დიდ როლს ასრულებენ ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვაში, რომელსაც დაწესებულება სთავაზობს ხანდაზმულებს. დაწესებულების გუნდები მუშაობენ ოჯახებთან ერთად, რათა უკეთ გაიცნონ მოხუცები და უზრუნველყონ სრულფასოვანი ზრუნვა, რომელიც ორიენტირებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებზე. ბევრი ხანდაზმულთა დაწესებულება უზრუნველყოფს ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილია ოჯახის წევრებისათვის და ახლობლებისათვის.

ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებს სხვადასხვა ფასი აქვთ ინგლისში. კერძოდ ინგლისში ხანდაზმულთა სახლის საშუალო ყოველკვირეული ღირებულება 2022/23 წლებში იყო 785 ფუნტი [2650 ლარი], ხოლო საექთნო სახლში საშუალო გადასახადი იყო 1045 ფუნტი კვირაში, ზოგან არის 800 ფუნტი კვირაში.

თუმცა ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და ხანდაზმულის საჭიროებებზე. ინგლისში, თუ მოქალაქის კაპიტალი აღემატება 23,250 ფუნტს, მაშინ სრულად უნდა გადაიხადოს თავისი მოვლის საფასური. თუ კაპიტალი ამ მაჩვენებლის ქვემოთაა, შესაძლოა მიიღოს დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მაგრამ ბენეფიციარს მოუწევს გარკვეული თანხა თავად დაფაროს.

ხანდაზმულთა სახლში ყოფნის ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა დაწესებულების მდებარეობა, მოვლის საჭირო დონე და სხვა. ამასთან, დაწესებულებებს აქვთ თავიანთი ტარიფები. ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკურმა პირებმა შეიძლება მიიღონ ფინანსური დახმარება მთავრობისგან ხარჯების დასაფარად.

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: