მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელმაც პროკურატურის ვერსიით ყოფილ ცოლს სასამართლოს ტერიტორიაზე სცემა, იმ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ძალადობის საქმე განიხილებოდა. ამ შემთხვევაზე უზენაესმა სასამართლომაც იმსჯელა.
ბოლო პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემაში გამამართლებელი განაჩენების გაზრდის მაჩვენებელი მეტწილად ოჯახში ძალადობაზე მოდის. მოსამართლეები განმარტავენ, რომ დაზარალებული ქალი დუმილს არჩევს და საქმეში საკმარისი მტკიცებულება აღარ რჩება.
თუმცა ამ საქმეზე ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. ლიას [სახელები შეცვლილია] უთქვამს, რომ ყოფილმა მეუღლემ მერაბ დ.-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ტერიტორიაზე, პროცესის დასრულების შემდეგ ხელი სახეში დაარტყა, ფეხი – ზურგის არეში.
„2019 წლის ზაფხულში, დღის საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე [გრ.რობაქიძის ქუჩაზე], სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მ. დ-მა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს ლ. ჩ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ლ. ჩ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
პროკურატურის ვერსიით, კაცი ცოლზე მანამდე სისტემატურად ძალადობდა, ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის სექტემბერში მიღებული განაჩენით, მერაბ დ. უდანაშაულოდ მიიჩნია. იგი გამართლდა, როგორც ოჯახში ძალადობის მუხლით, ასევე ოჯახის წევრის მუქარით წარდგენილ ბრალდებაში.
2024 წლის მარტში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ყოფილ ცოლს სცემა, ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნიეს. პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილს საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს.
„საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მ. დ-მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულები. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ საქმეში ზოგ ეპიზოდში წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები, ნაწილში კი დაზარალებულის ჩვენებას, მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით დოკუმენტებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც გავლენას ახდენს მათ სანდოობასა და უტყუარობაზე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ვნახოთ, რა არგუმენტებით გაამართლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ დ.
„უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 2019 წლის ზაფხულში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მ. დ-ს მიერ ყოფილი მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების აღნიშნული ეპიზოდის ირგვლივ ჩვენებას იძლევა დაზარალებული ლ. ჩ., თუმცა ამ ჩვენების შეფასებისას მნიშვნელოვანია, როგორც მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გაკეთებული განმარტება, ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, ლ. ჩ. სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის კონკრეტულ ადგილებზე უთითებს არა როგორც ძალადობის, არამედ, როგორც მუქარის ჩადენის ადგილს.
სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ მოწმეები – ლ. ჩ., მ. ფ, და ნ. ო., რომლებმაც აჩვენეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მ.დ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რასთან დაკავშირებითაც მ. დ-ს ბრალდება არ აქვს წარდგენილი.
წინააღმდეგობრივია დრო დანაშაულის თარიღთან მიმართებითაც: პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. დ-მა ლ. ჩ-ზე ფიზიკურად იძალადა 2019 წლის ზაფხულში, ლ. ჩ.-ს განმარტებით ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება… სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის 21 ნოემბერს. შესაბამისად, აღნიშნულ ეპიზოდში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომ მ. დ-მა ფიზიკურად იძალადა ლ. ჩ-ზე, ასევე თავად დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება ბრალდების მიერ დადგენილი 2019 წლის ზაფხული,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამავე განჩინების მიხედვით, მოსამართლეებისთვის დაზარალებულად მიჩნეული ქალის ჩვენება არ არის სარწმუნო იმიტომაც, რომ ის ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის იძალადა მასზე ყოფილმა ქმარმა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მერაბი ლიაზე განქორწინების შემდეგ, 7 წლის განმავლობაში ძალადობდა.
„აღნიშნულის დასადასტურებლად დაიკითხა დაზარალებული ლ. ჩ-ე, რომლის განმარტებითაც, ,,მ. დ-ი მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აიძულებდა მიეღო ნარკოტიკული საშუალებები, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა ქალებთან, აკრძალული ჰქონდა ბრალდებულის მიერ შეძენილი საკვების და წყლის მიღება“. დაზარალებულის ჩვენებით დაუდგენელია თარიღები, როდის ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი და რამდენად რელევანტურია ეს ფაქტები წარდგენილი ბრალდებით დადგენილად მიჩნეულ პერიოდთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა [ფსიქოლოგიური ძალადობა] უკავშირდება ძალადობის ჩადენას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი და ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ არაერთხელ განიცდის დაზარალებული. იმ მოცემულობაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება, თუ როდის და რა პერიოდულობით ჩაიდინა მ. დ-მა ლ. ჩ-ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები.
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იყო თუ არა იმდენად მოკლე, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ იყო გამქრალი და კვლავ არაერთხელ განიცადა დაზარალებულმა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეშია ექსპერტიზის დასკვნაც – ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებული ქალი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა:
„მართალია აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, მ. დ-ს ქმედებების შედეგად ლ. ჩ-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა ექსპერტის დასკვნა – ტანჯვის განცდის შეფასებისას ეყრდნობა ლ. ჩ-სა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში არსებულ ინფორმაციას, ასევე ლ. ჩ-ს მიერ კვლევის დროს განმარტებას, რომელშიც დაზარალებული ძირითადად ხაზს უსვამს თანაცხოვრების ანუ 2014 წლამდე პერიოდს. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში არაა მითითებული გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანი დროის პერიოდი – 2014 წლიდან 2021 წლის 15 ივნისამდე, რა დროშიც უნდა დაედგინა ექსპერტიზას ფსიქიკური ტანჯვის არსებობის ფაქტი.
…ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და გაამართლეს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.
ამ საქმეზე:
„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?