სიახლეები

ბავშვი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

30.05.2012 • 2139
ბავშვი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

ავტორი: ლელა დუმბაძე

არასრულწლოვანი ბავშვები სოცაგენტებმა უფასო კვების პროგრამაში მხოლოდ იმიტომ არ ჩასვეს, რომ დედა არარსებული, საბჭოთა კავშირის მოქალაქეა.   პატარები, რომლებზეც არც საქართველო ზრუნავს და არც რუსეთი, 9 წლის მოზარდი, რომელსაც ერთი დიდი ოცნება აქვს: სწავლა უნდა.  

უკიდურესი სიღარიბის გამო რამდენი ბავშვი არ დადის სკოლაში,ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს

9 წლის მაშინკა კუთხეში ზის და რაღაცას გულმოდგინედ ხატავს. სახეზე ემოცია არ ახატია. ვეკითხები – „რას ხატავ მაშინკა?“, მაგრამ კონტაქტში არ შემოდის. ძალიან სერიოზული და სევდიანი სახე აქვს, არადა ფურცელზე მხიარულ და ფერადტანსაცმლიან გოგონას ხატავს. მაშინკას ქაღალდზე გავლებული კონტურები სუფთა და ზუსტია. „მაშინკა, გინდა ფოტო გადაგიღო? გამიღიმე…“ –  მაშინკა არ იცინის.

ერთადერთი, რაც მისგან გავიგე ის არის, რომ მეგობრები მხოლოდ კლასში ჰყავს: „ეზოში არა“. უყვარს პარკში თამაში და სეირნობა, მაგრამ იშვიათად დადის. ის კარგად სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენაზე წიგნები თითქმის არ აქვს. „ზოგჯერ ვშოულობ, ზოგჯერ ვერა“, – ამბობს მაშინკას ბებია.

მაშინკას მამა ახლახან გარდაეცვალა, დედას კი საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. იურიდიულად ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მოქალაქეა, რადგან ქორწინება არ ჰქონდათ რეგისტრირებული. „პასპორტი რომ არ აქვს, სამუშაოს შოვნაშიც ხელი ეშლება. თბილისში წასვლას და საბუთების შეგროვებას კი ფული სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა“, – ამბობს ბავშვების ბებია.

დედა დილიდან სამუშაოს საძებრად არის წასული, ამიტომ ბავშვების პრობლემაზე ძირითადად ბებია გვესაუბრება. „ყველაფერი ძალიან ძვირია, გადასახადებიც ხომ უნდა გადაიხადო. საკვები სვეტა კუდბას სასადილოდან მოგვქონდა, მაგრამ ის დაიხურა, მერიის სასადილოებიდან კი დედას საჭმელს არ ძლევენ, პასპორტი არ გაქვსო. ეს უსამართლობაა“, – ამბობს ბებია.

მაშინკას და მის ერთ-ერთ დას დაბადების მოწმობა აქვთ, სადაც წერია, რომ ისინი საქართველოში დაიბადნენ, სულ პატარას კი არა. სოციალური დახმარების სააგენტოს აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ თუკი მშობლები არ მოაწესრიგებენ დოკუმენტაციას, ისე ვერც ერთ სოციალურ პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. „მონაცემთა ბაზაში შედის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ამიტომ პასპორტის გარეშე დახმარებას ვერ მიიღებენ“, – ამბობს ეკატერინე კოკაია.

საქართველო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი მეურმიშვილი თქმით, თუკი ბავშვების დედას საბჭოთა პასპორტში ტერიტორიულ ორგანოდ რუსეთი უწერია, მაშინ პასპორტის შეცვლის მიზნით რუსეთს უნდა მიმართოს: „როცა დაზუსტდება მისი მოქალაქეობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით საქართველოს მიმართოს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ჩვენს წერილებს თითქმის არ პასუხობს“.

მაშინკას მშობლებისგან განსხვავებით, ქალბატონ მარინას მოქალაქეობის პრობლემა არ აქვს. თუმცა მისი შვილები სიღარიბის გამო სკოლაში ვერ დადიან. სოციალურად დაუცველ ქალს ექვსი შვილი ჰყავს. აქედან მხოლოდ ერთი, – 14 წლის ბიჭი დადის სკოლაში. ისიც დროგამოშვებით. „ერთი ავად მყავს, ათი წლის ბიჭს კი სკოლაში არასოდეს უვლია“, – ამბობს დედა. მისი მოვალეობა ყოველდღიური სარჩოს მოძიებაა. ბიჭი ეკლესიის შესასვლელთან დგას და მოწყალებას თხოულობს. „მთელი დღე აქ ვარ… ძალიან მინდა ვისწავლო, მაგრამ არ მაქვს ამის შესაძლებლობა“, – გვეუბნება ის. მას არც მეგობრებთან გართობის და თამაშის დრო აქვს: „ძალიან დამღლელია ასე ცხოვრება…“ მისი ერთადერთი წიგნი ბიბლიაა, რომელიც ეკლესიის კარებთან მდგომ ბიჭს სასულიერო პირმა აჩუქა: „მიზნები?… ჯერ არაფერზე არ ვფიქრობ“, -გვეუბნება ის.

იას ოთხი შვილი ჰყავს. ერთი, ხუთი თვის ბიჭუნა ახლახან გარდაეცვალა. როგორც სოცაგენტები ამბობენ, ცუდი კვების გამო. სახელმწიფო მას ახლა მხოლოდ ჩვილის საკვებს აწვდის. სხვა შემოსავალი, როგორც დედა ამბობს, ოჯახს არ აქვს. ბავშვები სკოლაში არ დადიან, ფეხსაცმელი და ჩასაცმელი არ აქვთ. უფროსი მეხუთე კლასშია, შუათანა კი მესამეში. ერთი წელია რაც სოფელში საცხოვრებელი სახლი დაენგრათ და ქალაქში ნაქირავებში ცხოვრობენ. „ვერ მოვახერხე ბავშვების სკოლაში გაგზავნა“, – ამბობს ია. თუმცა, ბავშვები სკოლას სოფელშიც ხშირად აცდენდნენ. „ჩვენს სოფელში სკოლა არ იყო და სამი კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით. ისე ვიღლებოდით, რომ გაკვეთილის მოყოლაც აღარ შეგვეძლო… ერთი წელია საერთოდ არ გვივლია სკოლაში… კი, ძალიან მინდა რომ ვიარო. მათემატიკა მიყვარს, მაგრამ წიგნები არ მაქვს“, – ამბობს ცხრა წლის ნათია. კითხვაზე   — რა გინდა რომ გქონდეს ყველაზე მეტად? –  ნათია ამბობს: „სწავლა მინდა“.

სკოლაში არც 12 წლის მზიური დადის. კითხვა უყვარს, თუმცა სახლში მხოლოდ სოფლიდან ჩამოტანილი რამდენიმე ძველი წიგნი აქვს: „ეს დაბალი კლასებისაა, მეხუთეში არ გამომადგება“.

სიღარიბის გამო რამდენი ბავშვი არ დადის სკოლაში, ამის თაობაზე ზუსტ ინფორმაციას აჭარის განათლების მინისტრი, გია აბულაძე არ ფლობს: „ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ამის თაობაზე სუბსიდიების სააგენტო უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა მოგვმართონ. ჩვენ ვაფინანსებთ რამდენიმე პანსიონს და თუ მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ბავშვს მოუაროს, პანსიონში უნდა მიიყვანოს. რაც შეეხება დოკუმენტაციას, სამოქალაქო კოდექსი მშობელს ავალდებულებს ბავშვზე ზრუნვას და იურიდიულ საკითხები მშობლებმა უნდა მოწესრიგონ. წიგნებიც არის სკოლის ბიბლიოთეკებში, არის შემთხვევები როცა სკოლის დირექტორიც ყიდულობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის“.

გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის (UNICEF) გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 1 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა. 440 ათასი ადამიანი კი უკიდურესად ღარიბია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: