„პენსიის გაზრდა 200 ლარით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, – ეს წინასაარჩევნო დაპირება პოლიტიკურ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეკუთვნის.
როგორ და რა სახსრებით აპირებს გახარიას პარტია პენსიის გაზრდას, „ბათუმელები“ ამ საკითხზე გახარიას პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ბექა ლილუაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ბექა, რას ჰპირდება პენსიონერ ამომრჩეველს „გახარია საქართველოსთვის“?
„გახარია საქართველოსთვის“ აქვს წინასაარჩევნო პროგრამა ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მოხდა ასაკობრივი პენსიის ინდექსაცია, რითაც პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში პენსიის ზრდა გახდა საკანონმდებლო ვალდებულება. დაინერგა ზრდის კონკრეტული წესი. ეს საქმე გვაქვს ბოლომდე მისაყვანი.
ახლა [წინასაარჩევნო] პროგრამით პენსიონერებს ვეუბნებით, რომ შესაძლებელია არსებული პენსიის 200 ლარით ზრდა. მიზანმიმართულად ვის რამდენი ექნება, ამის კონკრეტიზაცია ცოტა რთულია, იმიტომ, რომ მაღალმთიან რაიონებში სხვა არის პენსია, 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებს სხვა პენსია აქვთ და ა.შ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ჯგუფისთვის 200-ლარიანი საბაზისო პენსიის ზრდა და შემდეგ ყოველწლიურად გარანტირებული 100-ლარიანი ზრდა, ეს არის ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ფუნდამენტურად დავიწყებთ საპენსიო სისტემის გადახედვაზე მუშაობას, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ბევრ ევროპულ სახელმწიფოშია მიღებული, შეიქმნება ე.წ. pay as you go [წინსწრებით გადახდის] სისტემა.
ახალგაზრდა დასაქმებულები იზრუნებენ იმაზე, რომ უზრუნველყონ ასაკიანი თანამოქალაქეების დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობები და ამასთან ერთად ეს სისტემა ყოველთვის ისე მუშაობს, რომ დღევანდელი დასაქმებულების უზრუნველყოფას მომავალი თაობა მოახდენს. არ მინდა ძალიან ღრმა წიაღსვლებში შევიდე, ეს მოქმედი სისტემისგან განსხვავებული სისტემაა.
დღევანდელ პენსიას არ აღვიქვამთ როგორც პენსიას. ეს არის ფაქტობრივად სოციალური შემწეობა, ამიტომ ეს უნდა დაკონვერტირდეს სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს დამსახურების შესაბამისად პენსიის მიღებას.
ეს არის ჩვენი გეგმა, მოკლედ რომ ვთქვათ.
ჩვენ ასევე სადისკუსიოდ გვინდა გამოვიტანოთ თემა საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით.

ბექა ლილუაშვილი
- როცა ამბობთ, რომ გაათანაბრებთ, აქ გულისხმობთ საპენსიო ასაკის აწევას თუ დაწევას [საქართველოში ქალები 60 წლის ასაკში ხდებიან პენსიონერები, კაცები კი – 65 წლის ასაკში]?
ეს არის ისეთი მასშტაბის საკითხები, რომლის საზოგადოების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტა უპასუხისმგებლო იქნება. დღეს სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა ორივე სქესს შორის არის განსხვავებული. ქალები დაახლოებით 8-9 წლით უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, ეს არის სტატისტიკა და ამავდროულად პენსიას იღებენ 5 წლით ადრე.
იდეალურ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. უბრალოდ ახლა ჩვენ ამ საკითხს მიზანმიმართულად არ ვეხებით. თუ როგორ მოხდება გათანაბრება, ამას გადავწყვეტთ საზოგადოებასთან ერთად.
- როცა 200-ლარიან ზრდაზე საუბრობთ, კონკრეტული ფინანსური გათვლები თუ გაქვთ გაკეთებული, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. თუ გავითვალისწინებთ პენსიონერების ყოველწლიურ ზრდას, ეს დაახლოებით არის 940 ათასი პენსიონერი მომდევნო წლებში. ეს ზრდა მოითხოვს თითქმის ორ მილიარდ ლარამდე თანხას. ამ ორი მილიარდი ლარიდან ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს იდენტიფიცირებული დაახლოებით 400-500 მილიონი ლარი, რომელიც მიმდინარე ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციით არის შესაძლებელი.
დარჩენილ მილიარდ-ნახევარს რაც შეეხება, ჩვენ ამაზე საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გვისაუბრია, მათ შორის გიორგი გახარიას პრემიერობის დროს. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს საგადასახადო შეღავათები, რომელიც 90-იანი წლებიდან სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების, პოლიტიკოსების თუ სხვა ადამიანების ლობირებით არის შექმნილი. ეს შეღავათები აბსოლუტურად უსარგებლოა და საბიუჯეტო დანაკარგებს იწვევს. სწორედ ეს თანხები არის სოციალურ უზრუნველყოფაზე მისამართი, ამიტომ ამ წყაროებიდან ვგეგმავთ, რომ ეს დაფინანსება მოვიპოვოთ.
თუმცა, ესეც რომ არ იყოს… ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში იზრდება ეკონომიკური პერსპექტივები. როდესაც ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება და ინტეგრაციის პროცესზე დაიწყება მოლაპარაკებები, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება საქართველოში.
ამას რომ თავი დავანებოთ, არსებული პროგნოზებითაც, რაც ქვეყნის ძირითადი განვითარების დოკუმენტშია ასახული, 5-7 პროცენტიანი ზრდა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ნომინალური შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ათი მილიარდი ლარით ზრდის.
აქამდე ვსაუბრობდი ალტერნატივებზე, სულ რომ არ გაიზარდოს სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი იზრდება და ეს გაზრდილი რესურსი, ცხადია, შესაძლებელია მიემართოს ამ მიმართულებით.
- რომ შევაჯამოთ, თქვენი დაპირებაა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიას გაზრდით პირველსავე წელს 200 ლარით და მომდევნო წლებში 100-100 ლარით…
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო გარანტიები პენსიის ზრდის, რაც ჩვენი [გახარიას გუნდის] გაკეთებულია, 200-ლარიანი ზრდა უზრუნველყოფს იმას, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების და ინფლაციის პარამეტრების პირობებში, ყოველწლიურად ასი ლარის ფარგლებში ეს ზრდა მოხდეს. ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს.
რაც შეეხება 200-ლარიან ზრდას, კი ბატონო, ეს არის გადაწყვეტილების მიღების ბერკეტების ხელში აღმოჩენის შემდეგ. თუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გვექნება ამის შესაძლებლობა, შესაძლებელია ამ საკითხის ბიუჯეტში ასახვა.
ამავე თემაზე:
პენსია 1000 ლარი – როგორ შეძლებს ამ საარჩევნო დაპირების შესრულებას „ძლიერი საქართველო“?






