მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდები მოწამლეს პროპაგანდით, რომ რუსი მტერია, ასაკოვანი ხალხი ხმას არ აძლევს ოპოზიციას – რუსული მედია საქართველოზე

12.09.2024 •
ახალგაზრდები მოწამლეს პროპაგანდით, რომ რუსი მტერია, ასაკოვანი ხალხი ხმას არ აძლევს ოპოზიციას – რუსული მედია საქართველოზე

„ახალგაზრდები [საქართველოში] მოწამლულები არიან პროპაგანდით – რომ რუსი მტერია… რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, ჩემ გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – ეს განცხადება რუსული პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში, რადიო Sputnik-ის პროგრამულმა დირექტორმა, გია სარალიძემ საქართველოში წინასაარჩევნო განწყობების შეფასებისას გააკეთა.

რუსი პროპაგანდისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას:

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდები დიდწილად მოწამლულები არიან პროპაგანდით, რომელიც თითქმის 30 წელია იღვრება იქ – რომ რუსი მტრებია, რომ გზა ევროპისკენაა, რომ ახლა ისინი აირჩევენ სხვა მთავრობას და ეგრევე ევროპაში აღმოჩნდებიან. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, განათლების ხარისხი იმდენად დაეცა ამ ხნის განმავლობაში და იმის უნარი, რომ როგორმე ადეკვატურად შეაფასო ზოგიერთი რამ, რაც ხდება მსოფლიოში… ისინი, როგორც ჩანს, არც თუ ისე აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის. ამიტომ, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი წინააღმდეგია [მთავრობის მიერ მიღებული კანონების]. რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, შემიძლია გითხრათ, ჩემს გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – თქვა გია სარალიძე.

გუშინ რუსეთის საგარეო დაზვერვამ თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალი დეტალები დაამატა და თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებას გეგმავს: – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პირობები არ არსებობს, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.

„სპუტნიკის“ პროგრამული დირექტორი რუსეთის დაზვერვის სცენარის უტყუარობის დასამტკიცებლად, საქართველოს მთავრობის ნარატივს იმოწმებს და ამბობს:

„რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება მხოლოდ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში ბევრს და დეტალურად საუბრობენ. საქართველოში, საუბარი იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიციის დასავლელი კურატორები ისარგებლებენ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუ მეტი არა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მწვავდება ვითარება“.

ეს ის ამბავია, როცა ოპოზიციამ გამოიყვანა ახალგაზრდები და მათი ხალხი და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა იქ, როცა იღებდნენ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, ან როგორც იქ მას ეძახიან გამჭვირვალობისა და პოლიტიკური აქტივობის შესახებ [კანონი]; ამაზე ბევრს საუბრობდნენ საქართველოში, რომ ეს იყო რეპეტიცია მთავარ მოვლენებამდე, ხოლო მთავარი მოვლენები, რა თქმა უნდა, არის საპარლამენტო არჩევნები“.

პროპაგანდისტები საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს ბედს, რადგან სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს „პოლიტიკურ ვექტორს, რომლითაც გააგრძელებს საქართველო განვითარებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: