„ჩვენ ვრჩებით უმუშევარი, სასწაული ფასებია ქალაქში, სად უნდა გადავიდეთ?“ – კითხულობს თამაზ ძირკვაძე, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობს. აქ უკვე ყველამ იცის, ავტოსადგურის ადგილზე ორი ცათამბჯენი რომ შენდება.
ბათუმის ცენტრში ძველი და მოუწესრიგებელი ავტოსადგური დიდი ხანია პრობლემაა. ამ პრობლემაში ახლა ის იცვლება, რომ ავტოსადგური აღარ იქნება და მის ნაცვლად ორ ცათამბჯენს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან დაკავშირებული კომპანია ააშენებს. ბიზნესმენობამდე ის პარლამენტის წევრიც იყო „ქართული ოცნებიდან“.
ბათუმის მერიაში დღეს, პირველ აგვისტოსაც ვერ გვითხრეს, რა ელის ავტოსადგურს, სადაც ათეულობით მძღოლი ასრულებს რეისს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ? სად გადაიტანენ სავაჭრო ობიექტებს, რაც ახლა ავტოსადგურის ტერიტორიაზეა: კვების ობიექტებს, ავეჯის მაღაზიას, ათას წვრილმანს, სასადილოებს, საპარიკმახეროებს?
„გაურკვეველია, არ ვიცით, რა იქნება, ჩვენი პატრონი არავინაა ღმერთის გარდა, არავისთან არ გვქონია კომუნიკაცია… პროექტი ვნახე ცათამბჯენების, რა მოსაწონია? გასაგებია, რომ ეს ვიღაც პიროვნებას აინტერესებს“, – გვიყვება ბათუმის ავტოსადგურში ტანსაცმელებით მოვაჭრე თამაზ ძირკვაძე.
მას ვეუბნებით, რომ „ვიღაც პიროვნება“ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეცაა. რას ნიშნავს მისთვის ეს ამბავი?
„ეს ნიშნავს ხალხის ფეხებზე დაკიდებას, ხალხი რჩება უმუშევარი, ამ ხალხს ალტერნატიული ფართობი უნდა, დასაქმება,“ – გვპასუხობს თამაზ ძირკვაძე.
მძღოლებმა, ასევე სადისპეტჩერო პუნქტებში დასაქმებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ მათთან ჯერ არავის ულაპარაკია, სად და რა პირობებში განაგრძობენ მუშაობას.
„არ ვიცი, სად გადავალთ, პროექტი ვნახე ცათამბჯენების… ტერიტორიას როგორ შეეფერება, არ ვიცი, მაშინ წინ ბაზრობაც უნდა აიღონ და მატარებლის ლიანდაგებიც აიღონ, ეს ადგილი და ტერიტორიაც კარგია“, – გვითხრა სოფო კოკობინაძემ.
„ბათუმში არის ერთი ავტოსადგური, რემონტი უნდა გაუკეთდეს და დარჩეს ისევ ავტოსადგურად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან მაკარაძემ. მას ავტოსადგურში 15 წელია ვეტაფთიაქი აქვს.
„ვიდრე სოფლებში გაჰყვება ხალხი ტრანსპორტს, ჩემთან შემოდიან და შინაური ცხოველებისთვის, პირუტყვისთვის ყველაფერი აქ მაქვს, 69 წლის ვარ და ამით ვირჩენ თავს, ახლა მეც უმუშევარი ვრჩები.
აქ ასობით ადამიანია დასაქმებული, სად უნდა წავიდეს ეს ხალხი?
მერიამ ინვესტორს სხვა ადგილი გამოუძებნოს და იქ დაკმაყოფილდეს ინვესტორი. ეს ქალაქის ცენტრია, ყოველთვის აქ იყო ავტოსადგური და ახლაც უნდა დარჩეს. მე არ ვაძლევ რეკომენდაციას ავტოსადგურის დანგრევას,“ – კატეგორიულია ლევან მაკარაძე.
„თუ სხვაგან გადავალთ, იქ ასე იაფი აღარ იქნება იჯარა, მერე ჩვენი ავეჯიც იჯარის მაღალი ფასის შესაბამისად გაძვირდება,“ – ამბობს ზვიად კობიძე, ის ავტოსადგურის მეორე სართულზე ავეჯით ვაჭრობს და ყურადღებას ამახვილებს, ავეჯის შესაძენად ყველაზე იაფი ადგილიც აღარ იქნება მალე ბათუმშიო.
„უკეთესი იქნებოდა რემონტის გაკეთება, მოწესრიგება და გაეზარდათ იჯარის საფასურიც, ქალაქის ცენტრია და ხელმისაწვდომია ყველასთვის. დაახლოებით მესამედია აქ იჯარის გადასახადი, ვიდრე ქალაქში, სავაჭრო ობიექტში რომ იქირაო ფართობი.
დაახლოებით 500 ადამიანი მაინც მუშაობს აქ, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში… ახლა ჩვენ უნდა გავიდეთ და ვეძებოთ ფართობები. არავინ მოსულა ჩვენთან და არაფერი უთქვამს, მაგრამ როდემდე გაგვაჩერებენ, არ ვიცით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზვიად კობიძემ.
„პირველი სექტემბრიდან ჩვენთან იხსნება ავტოსადგური, კომპანიების დიდი ნაწილი ჩვენთან გადმოდიან, უკვე ჯავშნიან ადგილებს, სხვები რას იზამენ, არ ვიცი,“ – უთხრა მალხაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“. ის შპს „ჯორჯიან ენდ მენეჯმენტის“ თანამშრომელი და „მეტრო ჰოლდინგის“ ავტოსადგურის მენეჯერია – „მეტრო ჰოლდინგი“ გოგოლის ქუჩაზე იმ ავტოსადგურის აღდგენაზე მუშაობს, რაც წლების წინ ამუშავდა ქალაქში და საიდანაც „მეტროს“ ავტობუსები გადიოდნენ.
ბოლო რამდენიმე წელი „მეტროს“ ავტობუსები „თბილისი ცენტრალიდან“ გადიან.
„არ ვიცი, რატომ დაიხურა ეს ავტოსადგური [გოგოლის ქუჩაზე], მე მაშინ არ ვმუშაობდი… ახლა ჩვენთან ჯავშნიან ადგილებს და სავაჭრო ობიექტებიც ჩვენთან გადმოდიან, მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები“, – ამბობს მალხაზ თურმანიძე. მან რამდენიმე კომპანიაც ჩამოგვითვალა, ვისთანაც უკვე შეთანხმება „მეტროს“ ავტოსადგურში გადასვლაზე არსებობს: „მეტრო ჯორჯია“, „სითი ბასი“, ომნი ტური“, „ბექა ტური“, ლუქს კარადენიზი“, „გოლდენი“, „აჭარა ტრანსრეგულირება“.
„მოსაცდელი იქნება დაახლოებით 200-250 მგზავრზე გათვლი, შიგნით იქნება ასევე კაფე, მარკეტი, აფთიაქი და ადგილი ბანკებისთვის, ბავშვების გასართობი კუთხე… ცალკე გვაქვს კიდევ 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი სავაჭრო ობიექტებისთვის, აქედან 700 კვ. მეტრი უკვე დაჯავშნილია,“ – გვითხრა მალხაზ თურმანიძემ.
____
ამ თემაზე:
ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს