„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, მიკვირს, რომ გადავრჩი… არავინ გვცემს პასუხს იმაზე, რომ მდინარეშია უკვე დენის ტრანსფორმატორი, აქციას გავმართავთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები როინ დიდმანიძე.
მოქალაქის თქმით, გუშინწინ, 21 ივლისს, ის თევზაობას თავის სოფელში, მდინარე ჭოროხზე აპირებდა, როცა დენმა დაარტყა. ადგილი, სადაც როინ დიდმანიძე თევზაობს, გვერდითაა სატრანსფორმატორო პუნქტთან, რომელიც მდინარით იფარება.
„ბამბუკი გავშალე თუ არა, ძაბვამ დამიჭირა, გამიქნია დენმა შორს და მაგით გადავრჩი, გონება დავკარგე, ბამბუკის ჯოხი დაიწვა… კიდევ კარგი, ბიძაშვილებმა დამინახეს და გადამარჩინეს, ხელები მაქვს დახეთქილი,“ – გვითხრა როინ დიდმანიძემ.
მარადიდი ის სოფელია, სადაც სახლები, ეზოები, თხილის ბაღები, თუ საფლავები წყლით იფარება. მოსახლეობის თქმით, მდინარე ჭოროხი წლების წინ დააგუბეს, როცა ხეობაში „კირნათი ჰესი“ მოეწყო, თუმცა ბოლო 3 თვეა წყლის დონე ისევ იმატებს და აზარალებს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-გან რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ.
მოსახლეობის თქმით, ჰესის მფლობელი კომპანია სოფელს არ უსრულებს კონკრეტულ დაპირებებს, რაც ეხება, როგორც გზების და მოშლილი ღობეების აღდგენას, ისე სკვერის და სტადიონის მოწყობას მარადიდში.
როინ დიდმანიძე ამბობს, რომ ჰესის მფლობელი კომპანია მოსახლეობას სატრანსფორმატორო პუნქტის უსაფრთხო ადგილზე გადატანასაც დაჰპირდა, მაგრამ არც ეს დაპირება შესრულდა.
როინ დიდმანიძის თქმით, ტრანსფორმატორი მდინარეში დგას. ამ მდინარეში თევზაობისას მას დენმა დაარტყა და შემთხვევით გადარჩა
„ამ სადენებსაც რომ შეუდგა წყალი, გვითხრეს, გამოვყავით ადგილი და გადავიტანთო, მაგრამ არც ეს პირობა შეგვისრულეს. მე სულ ამ ადგილას ვთევზაობდი და ისევ აქ გამოვედი,“ – დასძინა როინ დიდმანიძემ.
„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არც ამჯერად უპასუხეს კომპანიაში „აჭარა ენერჯი 2007“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით კი, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა ჯერ ბრალი არავისთვის არ წარუდგენიათ.
რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელსაც ეს სატრანსფორმატორო პუნქტი ეკუთვნის, აქ გვითხრეს, რომ მოკვლევა დაიწყეს და მის დასრულებამდე ვერაფერს გვეტყვიან. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ამ სატრანსფორმატორო პუნქტში ისევ არის ძაბვა და ის გამორთული არ არის.
___
ამ თემაზე:
„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში