ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
- აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს 401 500 ლარით, თუმცა ის არ შედგა, პრეტენდენტებმა დისკვალიფიკაცია მიიღეს.
- 2023 წლის მარტში განმეორებითი ტენდერი, გაზრდილი თანხით, 710 000 ლარით გამოაცხადეს. სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მშენებელი 777-7“- ს 2023 წლის 16 მაისს გაუფორმეს 702 900 ლარზე, თუმცა, სააგენტომ ეს ხელშეკრულება მოგვიანებით შეწყვიტა.
- ამჯერად ტენდერი 1 472 159 ლარით არის გამოცხადებული.
რატომ გაძვირდა პროექტი და შეიცვლება თუ არა ადგილი, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს.
„ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, იგივე რჩება, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაზრდას, განახლდა არსებული ხარჯთაღრიცხვა და ამასთან დაემატა 1 თავლა და 1 დამხმარე ნაგებობა. ასევე დაემატა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაც, რაც წინა ტენდერით არ იყო გათვალისწინებული“, – გვითხრეს სააგენტოში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. ინფრასტრუქტურა ღორჯომში 2025 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა მოეწყოს. ამასთან, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული: „სამშენებლო ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით 2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდი ვალდებულების შესრულების ვადაში არ ითვლება. ამ პერიოდში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს.“
ამავე პირობით, სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას ხარჯთაღრიცხვის, სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და პროექტის შესაბამისად, თუმცა „სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“.
აღსანიშნავია ასევე, რომ მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და შესაბამისი კომპენსაციის გაუცემლობის საკითხი წინა ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა.
„საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო და ამ დროისთვის კომპენსაციების პრობლემა მოგვარებულია“, – გვითხრეს ტურისტული პროდუქტების სააგენტოში.
ხელშეკრულების შეწყვეტის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი