დღეს, 20 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რუმსში“, გაიმართა ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“.
ფილმი ასახავს მოსკოვთან ახლოს, სოფელ დურაკოვოში მცხოვრებ ულტრა-მემარჯვენე მიხეილ მოროზოვის და მისი სამფლობელოს ამბავს, სადაც იგი რუსული იმპერიისთვის ახალ ადამიანს („წმინდა რუსს“) ზრდის.
ჩვენება, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ, გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე“.
დისკუსიას უძღვებოდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
„ასეთი პატარ-პატარა დურაკოვოები, მით უმეტეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ძალიან ბევრია და არც საქართველოა შორს და დაზღვეული ამ საშიშროებისგან. როცა პოლიტიკური კლიმატი არის ძალიან არათავისუფალი, რელიგია კი ძალიან დავიწროებულია და არასწორ პოსტულატებზეა დამყარებული, რადგან შეზრდილია პოლიტიკურ ძალაუფლებასთან.
სწორედ ეს არის ნაჩვენები ამ ფილმშიც“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.
ფილმის მთავარი გმირი ქადაგებს რუსეთის, როგორც იმპერიის სიდიადეს და დემოკრატიასა და დასავლეთს განიხილავს მტრად.
არ მოგწონს? – აიღე ბილეთი და წადი, ხოლო ვინც დურაკოვოში ცხოვრობს, ის ჩემ წესებს უნდა დაემორჩილოს. ასეთია მიხეილ მოროზოვის ფილოსოფია.
„ვითომ რუსული სულიერების, რაღაც მესიანისტური იდეების მიღმაც კი, ძალიან სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება არარაციონალური აზროვნების გამო.
სიმპტომატურია ისიც, რომ სიტყვა ქრისტიანობას მთლიანად ჩაენაცვლა მართლმადიდებლობა რუსეთშიც და სხვათა შორის საქართველოშიც, რაც აჩვენებს თუ რამდენად შეკვეცილია დიდი თვალსაწიერი, რომელიც აქვს ქრისტიანობას.
ფილმში ასახულია ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ჩვეულებრივი საფეოდალოა, სადაც ადამიანები მუშაობენ მოროზოვისთვის და ძალიან შემზარავია, როცა უყურებ ადამიანების და მით უმეტეს ახალგაზრდების, ბავშვების აი ასეთ ზომბირებას და ტვინის რეცხვას“, – ამბობს თეო ხატიაშვილი.
ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდა მაყურებელმა გარკვეული პარალელები გაავლო საქართველოს დღევანდელ რეალობასთანაც, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები რელიგიას ადამიანებზე ზემოქმედებისთვის.
„მე, მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ოჯახის სიწმინდის დღე“ რომ ჩაატარეს და ბათუმში და თბილისში პოლიტიკოსებთან ერთად გამოვიდნენ სასულიერო პირები ქუჩებში, ეს ამბავი გამახსენდა ფილმის ყურებისას. რადგან ნათლად დავინახე, როგორ შეუძლიათ რელიგია გამოიყენონ ხალხზე ზემოქმედებისთვის.
ფილმშიც კარგად ჩანს, რომ ის ადამიანებს ხშირად რელიგიის სახელით ითხოვენ იმას, რასაც საერთო არაფერი აქვს რწმენასთან.
ფეხზე ადგომის დროსაც კი ამ კაცის თანხმობა სჭირდებოდათ, დასხდომის დროს, კითხვის დასმის დროს და როცა ერთ-ერთმა დასვა კითხვა, ისე დაელაპარაკნენ, რომ ამის შემდეგ არასდროს გასჩენოდა კითხვის დასმის სურვილი“, – ამბობდა ერთ-ერთი ახალგაზრდა.
„ამ ფილმში ბავშვი საუბრობდა იმაზე, რომ ყველა რუსმა უნდა იცოდეს იარაღის ტარება და გამოყენება. ჩვენ ვნახეთ რუსეთ-უკრაინის ომში როგორი პატარა ბიჭები გამოიყვანეს, ბევრმა იარაღის სროლას კი არ იცოდა და ამბობდნენ კიდეც ჯოჯოხეთი ვნახეთო. აი, ესაა რუსეთი. მათი რელიგიურობა და ნაციონალიზმი ემყარება მილიტარიზმსაც“, – ამბობს კიდევ ერთი მონაწილე.
დისკუსიის დროს, მოზარდების ნაწილს ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ გაახსენდა, ვიღაცას კი „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟი – „სეთური“, რომელსაც ასევე ჰქონდა შექმნილი მორჩილი ადამიანების „ფერმა“, სადაც მხოლოდ ბატონის ავტორიტეტს აღიარებენ.
დისკუსიაზე დაისვა კითხვა, შეიძლება თუ არა დემოკრატია რუსეთისთვისაც იყოს ორგანული? რაც ფილმის ერთ ეპიზოდში ისმის, რადგან რუსეთში ყოველთვის ცდილობენ ხელოვნურად შექმნან ბელადზე დამყარებული გარემო.
თეო ხატიაშვილის აზრით, დემოკრატია მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ყველა კულტურისთვის შეიძლება იყოს ორგანული.
„მე ვიტყოდი, რომ დემოკრატია არის მუდმივად სწავლების, მუდმივად საკუთარ თავზე, სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებაზე ზრუნვა და სიფხიზლის შენარჩუნების სისტემა, ამიტომ დემოკრატია შესაძლებელია ყველა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კონსერვატორულია ის.
თუმცა დემოკრატია თავისი არსით არის უფრო რთული, რადგან პოსტსაბჭოთა მოქალაქეს ურჩევნია სახელმწიფომ გადაუწყვიტოს პრობლემები. დემოკრატია კი გულისხმობს, რომ როცა აირჩევ, უნდა აკონტროლო და ყოველდღიურად უნდა იყო ჩართული ამ პროცესებში“.
არის თუ არა დურაკოვოიზმისთვის ნიადაგი საქართველოში? – კითხულობენ ახალგაზრდები.
თეო ხატიაშვილის თქმით, მსგავსი საფრთხის წინაშე შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყანაც, რადგან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსეთის მსგავსად პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები ხშირად საუბრობენ დემოკრატიის კრიზისზე, რომ ლიბერალიზმმა თავი ამოწურა, რომ არსებობს სხვა დასავლეთი და ასე შემდეგ.
თუმცა დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ თუ ერთმა ადამიანმა მაინც დასვა კითხვა დემოკრატიაზე, „ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთ დღეს იმ პასუხამდეც მივიდნენ, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინონ“.
ნინო კირთაძის დოკუმენტურმა ფილმმა – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“ 2008 წელს სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო დოკუმენტური ფილმის პრიზი მოიპოვა.
დისკუსიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.
პროექტს ახორციელებს „მედიის განვითარების ფონდი“.