მთავარი,სიახლეები

ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება

22.04.2024 • 3803
ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერია 27-28 აპრილს „ბათუმობის“ ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. აქედან 158 164 ლარი ტენდერის გარეშე ჰონორარებში, ხოლო 139 950 ლარი – ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„ბათუმობა“ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ბათუმის კულტურის ცენტრმა კონცერტის მონაწილეებისთვის ანაზღაურების [ჰონორარების] გამარტივებული წესით გაცემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის ჯერ „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლით მიმართა, შემდეგ კი ეს მიმართვა გააუქმა და საფუძვლად „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება“ დაასახელა.

„საბოლოოდ განისაზღვრა ღონისძიებებში მონაწილე თითოეული ბენდი, სტუდია და სოლო შემსრულებლები. მუსიკალური კონცეფცია განისაზღვრა როგორც საავტორო, საკუთარი ცოცხალი მუსიკის წარდგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის. გამომდინარე აქედან, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება.“ – წერს კულტურის ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

ცენტრის განაცხადის მიხედვით არ არის ჩაშლილი რამდენს გადაუხდიან კონცერტში მონაწილეებს, თუმცა ჰონორარების თანხა ჯამში 158 ათას 164 ლარია.

კულტურის ცენტრის განაცხადის მიხედვით, „ბათუმობა 2024“-ში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი შემსრულებლები:

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზებას, ბათუმის კულტურის ცენტრმა 19 აპრილს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეოპროფისთან“ 139 ათას 950 ლარზე გააფორმა.

ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრს 218 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 27 და 28 აპრილს დღის 12 საათზე დაიწყება.

27 აპრილს, 19:00 – 21:00 საათი – ბათუმელი სოლო მომღერლების კონცერტი. მონაწილეობენ:

  • ჯემალ გოგიტიძე, ანრი გუჩმანიძე, მორის მელაძე, სალომე სამადაშვილი, მერაბ დოლიძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, თათია კობალაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ბერიძე, ლუკა ზაქარიაძე, მარიტა ცეცხლაძე, გიორგი ფუტკარაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, ნატო თურმანიძე, ავთანდილ აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი ტუღუში

28 აპრილს, 19:00 – 20:30 საათი – გალაკონცერტი:

  • საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე; სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური გუნდი ზაირა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლი მერაბ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.

ბათუმელი და მოწვეული სოლო შემსრულებლები:

  • კონსტანტინე ყიფიანი, ეთერ ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი, ოთარ ნაკაშიძე, ზვიად ბოლქვაძე, თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე.

____________

ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: