სიახლეები

შვეიცარიელმა პენსიონერმა ქალებმა მთავრობას დავა მოუგეს ევროსასამართლოში

11.04.2024
შვეიცარიელმა პენსიონერმა ქალებმა მთავრობას დავა მოუგეს ევროსასამართლოში

9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შვეიცარიის მთავრობის წინააღმდეგ. ხმით თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

შვეიცარიის მთავრობას ამ ქვეყნის 2000-ზე მეტი მოქალაქე უჩიოდა. მათი უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ქალია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სათბური ტალღები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს, რაც მათ სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს.

მოსარჩელეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დიდწილად ეკისრება შვეიცარიის ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეასრულა სათბურის გაზების ემისიების მკვეთრად შემცირების ვალდებულება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება კლიმატის საკითხებზე მიიღო.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარიის მთავრობა სათანადოდ ვერ გაუმკლავდა კლიმატის კრიზისს, რაც ადამიანის უფლებების დარღვევად კვალიფიცირდა. ამავე დადგენილებით, შვეიცარიამ ეროვნულ კანონმდებლობაში „კრიტიკული ხარვეზების“ გამო ქალთა უფლებებიც დაარღვია.

სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლიმატის ცვლილებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე.

სტრასბურგში მისვლამდე მომჩივნებმა გაიარეს ქვეყნის ყველა სასამართლო, მათ შორის შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლო.

CNN-ის ინფორმაციით, სასამართლომ  ამ  გადაწყვეტილებით შესაძლოა, აიძულოს შვეიცარია, სწრაფად შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება.

„მსოფლიოს უმთავრესი სასამართლო ამ განაჩენით მნიშვნელოვან მესიჯს ავრცელებს: სახელმწიფოებმა რეალური ზომები უნდა მიიღონ გამონაბოლქვზე, რათა თავიანთი მოქალაქეების უფლებები დაიცვან“, – ევროპული მედია გარემოსდამცველი ადვოკატის, ვასელინა ნიუმენის განცხადებას ავრცელებს.

_____________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: