მთავარი,სიახლეები

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

08.11.2024 •
როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში აქვს ჩართული.

  • ზედა ჩხუტუნეთში 200 ერთეული მზის წყლის გამაცხელებელი და 75 ერთეული მზის ელექტროსადგური იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 260 ოჯახს გადაეცა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა და მოსახლეობის თანადაფინანსება მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ბექა ქობულაძე გვეუბნება, რომ მან მხოლოდ 739 ლარი გადაიხადა 10 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურში და დამატებით 400 ლარი – „ჭკვიან“ მრიცხველში.

მზის პანელები და წყლის გამათბობელი ბექა ქობულაძის სახლზე სოფელ ზედა ჩხუტუნეთში

ბექა ქობულაძის თქმით, მზის დანადგარი უკვე 7 თვეა მუშაობს: „ზამთარში ალბათ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, ვინაიდან გეოგრაფიულად, სადაც ვცხოვრობ, მზე ზენიტს დაახლოებით 3 საათისთვის გადადის, მაგრამ როგორც დავაკვირდი ზაფხულში იმდენს გამოიმუშავებს ზედმეტობა მექნება, რაც შესაძლებელია შემდეგ გაიქვითოს“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, „თუ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად [რევერსულად] აღრიცხვის პროცესი კი, არის ე.წ. ნეტო აღრიცხვა, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.“

მაგალითად, თუ მზის ელექტროსადგურით გამომუშავებული დენი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ მოიხმარეთ, ჭარბი დენი [კილოვატები], რაც ქსელში გავიდა, გერიცხებათ დეპოზიტზე. თუ მომდევნო თვეში დავუშვათ მოიხმარეთ მეტი დენი, ვიდრე მზის დანადგარით გამოიმუშავეთ, მაშინ არსებული ტარიფის მიხედვით მხოლოდ სხვაობას [აქ გათვალისწინებული იქნება დეპოზიტზე არსებული კილოვატებიც] უნაზღაურებთ მიმწოდებელ კომპანიას [„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ან „თელასს“, რომლის არეალშიც ხართ].

ანუ, თუ ერთ თვეში 100 კილოვატი გამოიმუშავეთ და მოიხმარეთ 80 კილოვატი, 20 კილოვატი გრჩებათ დეპოზიტზე და მიმწოდებელ კომპანიას, ბუნებრივია, არაფერს უხდით. მაგრამ, თუ მომდევნო თვეში გამოიმუშავებთ ვთქვათ 80 კილოვატს, მაგრამ მოიხმართ 120 კილოვატს, ამ შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ 20 კილოვატის საფასურს გადაუხდით [120(მოხმარებული)-80(გამომუშავებული)-20(დეპოზიტიდან)=20].

თუ გსურთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. მიკროელექტროსადგურის სტატუსი, მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადები, საფასური და აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესები კი სემეკმა 2021 წელს დაამტკიცა.

  • საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით აიღო „მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის“ ვალდებულება, რომელიც მოიცავდა ევროდირექტივებს სწორედ განახლებადი ენერგიების [მათ შორის წყალი, მზე, ქარი] ხელშეწყობის, ასევე ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების და სხვა საკითხების შესახებ.

„ეს დირექტივები ძირითადად ასახულია ჩვენს კანონმდებლობაში. ამჯერად შევეხები იმ რეგულაციას, რამაც საშუალება მისცა მომხმარებელს გამოეყენებინა განახლებადი ენერგიის წყარო – 500 კილოვატამდე, ანუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები. ამ ენერგიის ათვისების ლიმიტი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში ფაქტობრივად ამოწურულია, სადაც 95 პროცენტი მოდის მზის ენერგიაზე და ძალიან ცოტაა ქარის და ჰიდრო სადგურები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დღეს მზის 1 400 სხვადასხვა სიმძლავრის მიკროელექტროსადგურია ჩართული, რომლებიც მომხმარებლების საკუთრებაშია და მათსავე ტერიტორიაზეა განთავსებული. ჩვენ გვქონდა დადგენილი ლიმიტი და ეს ლიმიტი ფაქტობრივად უკვე შესრულებულია „ენერგო-პროს“ არეალში. „თელასის“ არეალში ჯერჯერობით შეუსრულებელია. ახლა კომისია იხილავს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში ლიმიტის გაზრდის საკითხს“, – გვითხრა სემეკის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მზის პანელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში / ფოტო: UNDP/გიორგი ცეცხლაძე

ნუგზარ ბერიძის თქმით, ეს რეგულაცია „მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავად გამოიმუშაოს საჭირო ელექტროენერგია, ჭარბი კი გაიქვითება და ესეც სარგებელია. ამას ჰქვია თვითმოხმარება, მომხმარებელს კი – თვითმომხმარებელი, იგივე პროსიუმერი“.

განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი/პროსიუმერი არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია.

„დღეს, სურვილის შემთხვევაში, თუ გაქვს ტერიტორია ან შესაძლებელია სახურავზე პანელების დამონტაჟება – მიმართავთ ქსელის ოპერატორ კომპანიას შემდგომში მიკროსადგურის ქსელში ჩართვაზე. უშუალოდ სადგურს კი თავად შეიძენთ, რომელშიც გადახდილ თანხას, ანუ კაპიტალდაბანდებას, 5-7 წელში ამოიღებთ. მზის პანელების მომწოდებელი ბევრი კომპანიაა დღეს ბაზარზე და 1 კილოვატის ფასი დაახლოებით 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთი სახლისთვის კი 3-კილოვატიანი სადგურიც საკმარისია, რომლის შეძენა/მონტაჟი 1500-2000 დოლარი ჯდება, იმის მიხედვით, თუ რა კონსტრუქციით და როგორ დაამონტაჟებთ“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

შესაძლებელია ასევე მზის [ან ჰიდრო, ასევე ქარის] მიკროელექტროსადგური გქონდეთ სულ სხვა ადგილზე და დენს სხვაგან მოიხმარდეთ ნეტო აღრიცხვით, თუ, რა თქმა უნდა, ეს მიკროელექტროსადგური ჩართული იქნება საერთო ქსელში.

ამასთან, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას მოაწყოთ მიკროელექტროსადგური თქვენი მოხმარებისთვის, მაგრამ ის არ ჩართოთ საერთო ქსელში.

ზედა ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძე „ბათუმელებთან“ იმასაც ამბობს, რომ მზის ელექტროსადგურით იმდენად კმაყოფილია, გადაწყვეტილი აქვს მისი შეძენა საკუთარი საწარმოსთვის:

„ახლა კალკულაცია გავაკეთე, ასეთი სადგური ბათუმში საწარმოსთვის მინდა. იქ არსებული დაზგა-დანადგარებისთვის საჭირო ენერგიას მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული დენი სრულად გადაფარავს. ბუნებრივია, ეს იქნება უფრო მძლავრი სადგური, რომლის შეძენა-მონტაჟისთვის ახლანდელი გათვლებით 98 ათასი ლარი დამჭირდება“.

ბექა ქობულაძე ამ პროექტის განხორციელებას ბანკის დახმარებით – მწვანე დაფინანსების ფარგლებში გეგმავს.

  • არის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების სხვადასხვა პროგრამა, რომლებშიც ჩართული არიან კომერციული ბანკები, ასევე დონორი ორგანიზაციები. მაგალითად, ცალკე მიმდინარე პროგრამა აქვს ასევე USAID-ს, სადაც კონკურსში განაცხადების მიღება 12 ნოემბერს სრულდება.

რა იცვლება მცირე ელექტროსადგურების მფლობელებისთვის, ანუ პროსიუმერებისთვის

სიახლე ენერგეტიკის სფეროში ამჯერად ისაა, რომ დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც, როგორც სემეკში გვითხრეს, ნიშნავს უკვე „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციას“ ჩვენს კანონმდებლობაში.

„ეს „სუფთა ენერგიის პაკეტია“, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიების, განსაკუთრებით მომხმარებელთა საკუთრებაში არსებული წყაროების განვითარებას. ჩვენ შემთხვევაში წამყვანი რესურსი ძირითადად ჰიდროა, თუმცა ეს ეხება მზის და ქარის ენერგორესურსებსაც.

თუმცა მომავალში იქნება ტრანსფორმაციაც, როცა ნეტო აღრიცხვა შეიცვლება ნეტო ბილინგით, ანუ ნეტო დარიცხვით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი [პროსიუმერი] იღებს გაცემული ენერგიის ფასს და ამ ფასით იქვითავს შემდეგ მოხმარებას. ანუ, უკვე კილოვატ/საათი კილოვატ/საათში კი არ გაიქვითება, არამედ გაცემული კილოვატსაათების ღირებულებით ანაზღაურდება შემდგომში მოხმარებული კილოვატსაათები“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნეტო აღრიცხვა იცვლება ნეტო დარიცხვით, ანუ ჭარბ ენერგიას დეპოზიტზე ვეღარ შეინახავთ და ვერც ერთი-ერთში გაცვლით საჭიროების შემთხვევაში. ნეტო დარიცხვის დროს ჭარბ ენერგიას კომპანია თქვენგან შეიძენს იმ ფასად, რასაც დაადგენს სემეკი, ხოლო შემდეგ, თუ თქვენ დახარჯავთ დენს ქსელიდან, გადაიხდით იმ ფასის მიხედვით, როგორც კომპანია ყიდის დენს მომხმარებლებზე, ანუ იმ დროისთვის არსებული სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.

„რაც შეეხება კომპანიის მიერ თქვენგან ამ ჭარბი ენერგიის შესყიდვის ფასის ოდენობას, ეს სამსჯელო საკითხია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი ჯერ არ ვიცით“, – ამბობს ნუგზარ ბერიძე.

უცნობია, ზუსტად როდის ამოქმედდება ნეტო დარიცხვის სისტემაც, თუმცა, ნუგზარ ბერიძის თქმით, „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის“ იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ნეტო დარიცხვის სისტემა 2027 წლის პირველ იანვრამდე ამოქმედდეს.

ამ სისტემაზე გადასვლისას კი, მთავრობამ ახალი ევრორეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

მზის პანელები სახლის სახურავზე / ქედა, სოფელი მერისი

სემეკის ინფორმაციით, „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ [Energy Community] ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეკომენდაციები გაუწია თვითმომხმარებლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ნეტო-აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლას.“

The Energy Community არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს და მის მეზობლებს, რათა შექმნან ინტეგრირებული პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზარი. საქართველო ამ ორგანიზაციაში 2017 წლიდანაა გაწევრიანებული.

სემეკმა ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების დოკუმენტი 6 ნოემბერს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, რომელიც თვითმომხმარებლის ანუ პროსიუმერებისა და ენერგეტიკული თემებისთვის კომპლექსური მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვას შეეხება, აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადავა ნეტ მეტერინგ-იდან ნეტ ბილლინგ-ზე [ნეტო დარიცხვაზე], ხელისუფლებამ უნდა განიხილოს დამატებითი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც წაახალისებს თვითწარმოებას.“

რეკომენდაციები მთავრობას

  • „განახლებადი ენერგიის წყაროების აუქციონის სქემები: წაახალისოს პროსიუმერები, რომ ძირითადად მოიხმარონ მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია, ხოლო ამავდროულად შექმნას აუქციონის სქემები, რომლებიც კონკრეტულად გათვლილია პროსიუმერებზე ან განსაზღვროს კვოტები პროსიუმერებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ მსხვილმასშტაბიან განახლებადი ენერგიის წყაროების აუქციონებში, რაც პროსიუმერებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ მათი ჭარბი ენერგიის წარმოების სტაბილური და სამართლიანი ფასები;
  • საგადასახადო შეღავათები: გააუქმოს დღგ მიკროელექტროსადგურებზე, რათა შეამციროს პირველადი ინვესტიციის ხარჯები. ეს ზომა უფრო ფინანსურად სიცოცხლისუნარიანს გახდის განახლებადი ენერგიის პროექტებს, განსაკუთრებით საცხოვრებელი და მცირე კომერციული დანადგარებისთვის;
  • დაბალპროცენტიანი სესხები: გააფართოოს დაბალპროცენტიანი სესხების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გათვლილია პროსიუმერებზე. ამ სესხებმა შეიძლება შეამსუბუქოს დანადგარის დაყენების ფინანსური ტვირთი და ხელი შეუწყოს მიკროელექტროსადგურების ფართო დანერგვას;
  • პირდაპირი მხარდაჭერის სქემები: დააწესოს პირდაპირი მხარდაჭერის სქემები მიკროელექტროსადგურებისთვის, რომლებიც შეესაბამება სახელმწიფო დახმარების რეგულაციებს. ეს შეიძლება მოიცავდეს გრანტებს, ფასჩამოკლებებს, ფიქსირებულ ტარიფებს, ფიქსირებულ პრემიებს ან სხვა ფინანსურ დახმარებას, რათა უშუალოდ შეამცირონ ხარჯები;
  • განსაკუთრებული მხარდაჭერა მოწყვლადი და ღარიბი მომხმარებლებისთვის: შეიმუშაოს განსაკუთრებული მხარდაჭერის სქემები, რომლებიც მიმართული იქნება მოწყვლად მომხმარებლებსა და ენერგეტიკული სიღარიბის მქონე პირებზე. სუბსიდირებული სადგურის დანახარჯების ან შემცირებული ტარიფების შეთავაზებით ეს სქემები უზრუნველყოფს ყველა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფისთვის სამართლიან წვდომას;
  • აკუმულატორული სისტემების სუბსიდიები: შესთავაზოს სუბსიდიები აკუმულატორული სისტემებისთვის, რომლებიც პროსიუმერებს დამატებით ენერგიას უტოვებენ შემდგომი გამოყენებისთვის, ზრდის მათ მონაწილეობას გაწონასწორებაში, ამცირებს დამოკიდებულებას ქსელზე პიკის საათებში;
  • ენერგომმართველი სისტემების სუბსიდიები: უზრუნველყოს სუბსიდიები მაღალი დონის ენერგომმართველი სისტემებისთვის, რომლებიც ოპტიმიზირებას უწევენ ენერგოგამოყენებას, ზრდიან ეფექტურობას და ეხმარებიან პროსიუმერებს ბაზრის სიგნალებზე რეაგირებაში;
  • მხარდაჭერა ენერგეტიკის თემებისთვის: განახორციელოს კონკრეტული ზომები ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად. ეს მოიცავს პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, მათ შორის ერთი ფანჯრის კონცეფციას. ენერგეტიკული თემები უზრუნველყოფენ განახლებადი ენერგიის პროექტების კოლექტიურ მფლობელობასა და მართვას, რასაც შეუძლია გაზარდოს მომხმარებლების წვდომა, განსაკუთრებით მოწყვლად და ენერგეტიკულ-ღარიბ მოსახლეობაში.
  • თანამშრომლობითი ვაჭრობა: ექსპლიციტურად[არაორაზროვნად] გაითვალისწინოს კანონმდებლობით პირდაპირი ვაჭრობის ნებართვა, რაც შეუწყობს ხელს დეცენტრალიზებული და მდგრადი ენერგეტიკული ქსელის განვითარებას. შექმნას ხელშემწყობი ჩარჩო, რათა წაახალისოს ინოვაციები შენახვის, ვაჭრობისა და მოთხოვნის მართვის სფეროში.“

ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების დოკუმენტიდან / წყარო: სემეკი

„ამ მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვით საქართველო გააძლიერებს პროსიუმერებსა და ენერგეტიკულ თემებს ფინანსური და მარეგულირებელი ჩარჩოებით, რათა ეფექტურად შეუწყონ ხელი სუფთა, დეცენტრალიზებული ენერგეტიკული მომავლის ჩამოყალიბებას. ეს მიდგომა შეესაბამება სუფთა ენერგეტიკის პაკეტის პრინციპებსა და მიზნებს, რაც უზრუნველყოფს მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების სამართლიან წვდომას“, – აღნიშნულია რეკომენდაციების დოკუმენტში.

  • სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხებზე საჯარო განხილვებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კლიმატის ცვლილების საკითხებს. აქედან გამომდინარე – სუფთა ენერგიის წილის გაზრდას. ევროპის მწვანე შეთანხმების მიხედვით, რომელიც ევროკომისიის პოლიტიკის ინიციატივების ერთობლიობას წარმოადგენს, მთავარი მიზანია ევროკავშირი გახადოს კლიმატ ნეიტრალური 2050 წლისთვის.

ევროკავშირის მიზანია 2030 წლისთვის მინიმუმ 55 პროცენტით შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევები, ხოლო სათბურის გაზების ნეტო გაფრქვევების ნულოვან დონეს, ანუ კლიმატ ნეიტრალურობას 2050 წლისთვის მიაღწიოს.

ამ მიზნის მიღწევა საჭიროებს შესაბამის ქმედებებს ეკონომიკის ყველა სექტორის მხრიდან, მათ შორის არის:

  • ინვესტირება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში
  • ინდუსტრიის მხარდაჭერა ინოვაციების წახალისების მიზნით
  • კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი ფორმების დანერგვა
  • ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია [ნახშირბადის აირების, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის, ატმოსფეროში გამოყოფის შეჩერება ან შემცირება]
  • შენობების მეტი ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და სხვა.

კლიმატის თემებზე მომუშავე ორგანიზაცია Ember-ის კვლევის მიხედვით, „ევროკავშირმა 2023 წელს მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს და პირველად გამოიმუშავა მეტი ელექტროენერგია ქარიდან, ვიდრე გაზით. წიაღისეული საწვავით ელექტროენერგიის გამომუშავება 2023 წელს რეკორდულად 19%-ით შემცირდა, ხოლო სუფთა გამომუშავება ევროკავშირის ელექტროენერგიის ორ მესამედზე მეტს შეადგენდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დააჩქარა წიაღისეულის საწვავზე დამოკიდებულების არსებითად შემცირების გეგმები. მზის დანადგარების და სუფთა ტექნოლოგიების გავრცელების ბუმი აჩვენებს, რომ სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს.“

ამის საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თბოელექტროსადგურების მიერ გაზით გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა იზრდება.

საქართველოს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2017 წელთან შედარებით 2023 წელს 54,3 პროცენტით იყო გაზრდილი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის [სეს] მონაცემებით, 2017 წელს თბოსადგურებმა 2 233 მილიონი კილოვატ საათი, ხოლო 2023 წელს 3 446,5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

მზისა და ქარის ენერგია კი, რომლის საკმაო პოტენციალიც გააჩნია ქვეყანას, ფაქტობრივად აუთვისებელია.

დღეისათვის საქართველოში ქარის ელექტროსადგურები მხოლოდ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ გააჩნია [გორში]. სეს-ის მონაცემებით, 2017 წელს ქარით გამომუშავებული ენერგია 87,8 მილიონი კილოვატ საათი იყო, ხოლო 2023 წელს – 86,12 მილიონი კილოვატ საათი [ანუ 1,9 პროცენტით ნაკლები].

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 6 ოქტომბერს შევიდა. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 24 მლნ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, ხოლო 10 მლნ დოლარი — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი. რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“.

სემეკის ინფორმაციით, „არსებული კვლევების საფუძველზე, საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1 450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავება – 4 160 მლნ.კვტ.სთ.

მთავრობის გათვლებით, „ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებელი“ 35 პროცენტი უნდა იყოს 2030 წლისთვის.

ნუგზარ ბერიძის ინფორმაციით, „ჯამში 2 000 მეგავატამდე ქარის და 2 000 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურები უნდა შევიდეს 2030-31 წლამდე ექსპლუატაციაში. ეს არის კერძო ინვესტიციები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მშენებლობის და რომლებთანაც სახელმწიფოს აქვს გარკვეული ხელშეკრულებები, მათ შორის გარანტირებულ შესყიდვაზე. ამ კომპანიებს საკუთარი ტერიტორიები აქვთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასთან“.

მთავრობის 2030 წლამდე გაწერილ გეგმას აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის განახლებადი ენერგორესურების პოტენციალის  გათვალისწინებით, აღნიშნული გეგმის მიღწევა შესაძლებელია, თუ დარგს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება; ასევე, 2030 წლისთვის იგეგმება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაშვებაც მოქმედებაში და ეს განსაკუთრებული შანსი იქნება ჩვენთვის, რადგან ევროპის მოთხოვნა მწვანე ენერგიაზე იზრდება. ამ კაბელით კი თბოელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის გატანა არ შეიძლება.

მისივე თქმით, საქართველოში გენერაციის 100 პროცენტიდან 75 პროცენტი მოდის ჰიდროზე, დანარჩენი თბოზე და ძალიან ცოტაა ქარზე – სადღაც 1,2 პროცენტი.

რაც შეეხება მზეს, მართალია 100 მეგავატია, მაგრამ ეს არის ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროელექტროსადგურები და ჩვენ არ გვაქვს ცალკე ერთი მზის ელექტროსადგურიც კი. არადა წელიწადში 260 დღე გვაქვს მზიანი და საკმაოდ მაღალია რადიაციის მაჩვენებელიც, რომელიც აგენერირებს ელექტროენერგიას.

მაია მელიქიძე დარწმუნებულია, რომ მალე გვექნება მზის ელექტროსადგური და იმის შესაძლებლობა, რომ ქსელშიც ჩავრთოთ. რაც შეეხება ქარს, აქტიური არის ზამთრის პერიოდში და ჩვენ შეგვიძლია ქარის ნაწილი იმპორტირებული ელექტროენერგიის [რომელიც ზამთარში შემოგვაქვს] დამხმარედ გამოვიყენოთ.

„ქარი და მზე ჰიდროს ვერასდროს ჩაანაცვლებენ,  მაგრამ დაგვეხმარება პიკურ პერიოდში. ჩვენ გვესაჭიროება ასევე აუცილებლად ელექტროენერგიის დამაგროვებლები და სახელმწიფო ელექტროსისტემა [სსე] არის ის პირველი უწყება, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშაობს დამაგროვებლის პროექტზე. ასეთი ელექტროენერგიის შემნახველი ამ დრომდე არ გვქონია და როცა აშენდება მოგვცემს საშუალებას, რომ აი, ვთქვათ ზაფხულში მზის ელექტროსადგურებით დაგენერირებული ელექტროენერგია დავასაწყობოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. ასევე ქარით გამომუშავებული ენერგიაც.“ – ამბობს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კრიტიკულია, ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან იზრდება, თუმცა იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალიც.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენგან პირველად გაიტანა ელექტროენერგია სომხეთმა. აქამდე მსგავსი არ ყოფილა. ამიტომ ძალიან საყურადღებოა ის მოცემულობა, რომ ეს პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აქვს მაქსიმალურად იქნას  ათვისებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ ჩვენ მოგვიწევს იმპორტის განხორციელება რუსეთიდან და აქვე აღვნიშნავ, რომ რუსეთი ელექტროენერგიის საკმაოდ სახარბიელო [დაბალ] ფასს სთავაზობს საქართველოს.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის გაზრდასთან დაკავშირებით მაია მელიქიძე ამბობს, რომ მოცემულობა გვაქვს ასეთი: „დღევანდელ რეალობაში ვერ ხდება რა განახლებადი ენერგოწყაროებიდან ელექტროენერგიის გენერაციის აქტიური ხელშეწყობა, საიდანღაც უნდა მოხდეს ამისი დაკომპენსირება – იმიტომ, რომ მოხმარება იზრდება და მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო… ამ შემთხვევაში თბოელექტროსადგურები მუშაობენ გაზზე, რომელიც შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან. იძულებული ვართ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ან მოვახდინოთ პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან.“

„თუ გენერაციის ობიექტებს არ გავამრავალფეროვნებთ და არ ავაშენებთ, ჩვენ სხვა შანსი არ გვექნება და გვრჩება 2 გზა – ან უნდა გადახვიდე გრაფიკზე ან იმპორტზე. მესამე გზა არის მოახდინო გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან და თბოელექტროსადგურებით აგენერირო ელექტროენერგია. თუმცა ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია.“

  • საქართველო დღეს 13-14 ათას მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს წლიურად. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1 374,6 მილიონი კილოვატსაათით გაიზარდა და 13 717,2 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა [ჯამური დანაკარგებით].

მზის პანელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში / ფოტო: UNDP/გიორგი ცეცხლაძე

ქვეყანაში მზის და ქარის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებულ საკითხზე „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ჯერ პასუხები არ მიგვიღია.

საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში გამოაქვეყნა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებს ეხება.

ამ განკარგულებებით მთავრობა იწონებს კონკრეტული კომპანიების ინიციატივებს და კონცეფციებს სამომავლოდ ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ.

მთავრობა ავალებს ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოსთხოვოს შესაბამის ინიციატორ კომპანიებს „პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების [კვლევების მომზადების] განხორციელების უზრუნველყოფა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად“.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: