მთავარი,სიახლეები

სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

14.03.2024 • 5214
სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა?

„მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს გიორგი კეპულაძე და იმ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2 მილიონამდე ადამიანს ბანკის სესხი ჰქონია. მათ უმრავლესობას კი, ე.წ. ფიქსირებული სესხი აქვს.

„ბათუმელებმა“ გიორგი კეპულაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, ვის ეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება? რა შეიძლება მოითხოვონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ე.წ. ფიქსირებული სესხი აქვთ? 

უკვე მესამე სხდომაა, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. შეიძლება ითქვას, არბილებს მონეტარულ პოლიტიკას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ცვლად, ანუ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი, მათ ავტომატურად, მეორე დღიდანვე შეუმცირდებოდათ სესხზე საპროცენტო განაკვეთი. ისინი ყოველთვიურად უფრო ნაკლებს გადაიხდიან.

ეს ინფორმაცია მსესხებლებმა შეიძლება ნახონ საკუთარი ხელშეკრულების პირველივე გვერდზე. სესხი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში ლარში გაცემული და მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ეს სიახლე არ მოქმედებს.

თუ მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ლარის რესურსი უფრო ძვირი ღირს, თუ დაბალია, გამოდის, რომ ლარის რესურსი უფრო იაფია. ჯამში ეს აისახება საბოლოო საპროცენტო განაკვეთზე.

ვისაც აქვს ფიქსირებული განაკვეთი – ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი, იპოთეკური სესხი, მათაც შეუძლია მოითხოვონ საპროცენტო განაკვეთის შემცირება, თუმცა, პირველ რიგში, უნდა შეხედონ ბანკთან გაფორმებულ საკუთარ ხელშეკრულებას: რა პირობებით აქვთ აღებული სესხი, არსებობს თუ არა საპროცენტო განაკვეთის შემცირების რესურსი.

  • ფიქსირებული სესხის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვონ ადამიანებმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება? 

დიახ. ამას აზრი აქვს გრძელვადიან, იპოთეკურ სესხებზე. სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დაწიოს. სამომავლოდ ვინც აიღებს სესხს, მას, ბუნებრივია, მოუწევს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რადგან ლარის რესურსი გაიაფდა. იმ 185 ათას ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური გადასახდელი ავტომატურად, ასევე მათ, ვინც აიღებს სესხს ლარში, მას შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევს, ვიდრე 6 თვის წინ, ან ერთი წლის წინ.

თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ფიქსირებული სესხი აქვს.

  • არის დათვლილი, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში სესხი? 

„კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო მონაცემებით, გასული წლის ბოლოს, 2 მილიონამდე ადამიანს სხვადასხვა ტიპის სესხი ჰქონდა საქართველოში. ძირითადი, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორია, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხი, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში აღებული სესხი. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია ამდენი სესხი.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს ვადაგადაცილების რაოდენობას – დაახლოებით 367 ათას ადამიანს აქვს 30 დღეზე და მეტი ვადით სესხზე ვადის გადაცილება. გამოდის, რომ დაახლოებით 10 %-ს აქვს 30 დღეზე და მეტი დროით ვადის გადაცილება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში.

გიორგი კეპულაძე

  • თუმცა ბოლო პერიოდში მცირდება რეფინანსირების განაკვეთი და იაფდება სესხი. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უპირატესობა მსესხებელმა აღარ უნდა მიანიჭოს ე.წ. ფიქსირებულ სესხს? 

უნივერსალური რჩევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც უნდათ იცოდნენ ზუსტად, კონკრეტულად რა გადასახადი ექნება თვეში კონკრეტული წლების მიხედვით.

ტენდენცია კი არის შემცირების, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის ისეთი მყიფე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. გრძელვადიან სესხებზე რთულია ამის განსაზღვრა, როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი წლების შემდეგ, როგორი იქნება საშუალო საპროცენტო განაკვეთი.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს იმასაც, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის იანვარში 5.8 %. 

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც იწვევს რეფინანსირების შემცირებას, ეს არის დაბალი ინფლაცია. 2021 და 2022 წლებში გვქონდა ორნიშნა, ანუ საკმაოდ მაღალი ინფლაცია. შესაბამისად, ფასებმა ამ დროს მნიშვნელოვნად მოიმატა.

შემდეგ უკვე საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე, 2023 წელს ინფლაცია გვქონდა დაბალი სამიზნე მაჩვენებელზე. წელსაც იგივე ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდა – ფასები იმდენად გაიზარდა იმ ორ წელიწადში, რომ მეტი ზრდა აღარ მომხდარა. ეს მოცემულობა აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, ანუ გააიაფოს ლარის რესურსი, რაც თავისთავად გამოიწვევს სასესხო პორტფელის ზრდას.

ბანკი, როგორც წესი, თავად სთავაზობს მოქალაქეს ორ პირობას, რომ აი, იქნება ეს სესხი ფიქსირებული, თუ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული. მოქალაქეებს თავისთავად შეუძლიათ ინდივიდუალურად დათვალონ და მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ფინანსური რისკიც თავად უნდა აიღონ საკუთარ თავზე. უნივერსალური რჩევა არ არსებობს.

მოკლევადიან სესხებზე სჯობს, რომ იყოს ფიქსირებული განაკვეთი. გრძელვადიან სესხებს რაც შეეხება, ასეთი სესხები, როგორც წესი, გარკვეული პერიოდი არის ფიქსირებული, შემდეგ – რეფინანსირებაზე მიბმული.

მოკლევადიან სესხებზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთი შეიცვალოს, რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. რაც შეეხება გრძელვადიან სესხებს, აქ მსესხებლებმა უნდა გადახედონ საპროცენტო განაკვეთებს, რა საპროცენტო განაკვეთით ჰქონდათ სესხი აღებული.

გრძელვადიანი სესხი შემთხვევაში 0,5 და 1 %-ით ცვლილებაც კი, მათ მისცემს მნიშვნელოვან შედეგს. ამიტომაც, მომხმარებლებმა უნდა ნახონ ხელშეკრულება, რაც აქვთ ბანკთან გაფორმებული, ნახონ როგორი საპროცენტო განაკვეთია და მოსთხოვონ ბანკს უკეთესი პირობა.

  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 %-მდე შემცირდა. როცა მოქალაქეს ფიქსირებული სესხი აქვს გაცილებით მაღალ პროცენტად აღებული, რა შეიძლება მოითხოვონ? 

საშუალო საპროცენტო განაკვეთი დღეს არის 10.5 – 11% იპოთეკურ სესხებზე. მოსალოდნელია, რომ ეს განაკვეთი დაიკლებს. თუ 11 %-ად აქვს, მაგალითად, ადამიანს სესხი, დიდად ვინმე ამას დაუწევს-თქო, რომ ვთქვა, ამის ნაკლები მოლოდინი მაქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება გაცილებით მაღალ პროცენტად ჰქონდეთ სესხი აღებული. ასეთ დროს ადამიანმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში.

  • ანუ ბანკს მსესხებელმა უნდა აგრძნობინოს კონკურენცია? 

რა თქმა უნდა, უნდა ევაჭრონ ბანკს და თავისთვის საუკეთესო პირობა წამოიღონ. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად არის ეს დასათვლელი. თუ ექნებათ ამის საჭიროება, შეუძლიათ ჩვენს ორგანიზაციასაც მიმართონ – „საზოგადოება და ბანკები“. ჩვენ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შეგვიძლია რჩევა უფასოდ მივცეთ ადამიანებს. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუქგვერდზეც.

  • ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. რამდენად რეალურია ეს მაჩვენებლები და ხომ არ უკავშირდება იმას, რომ საარჩევნო წელია და ხელისუფლება ამ გზით შეიძლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობდეს, არჩევნების შემდეგ კი, შეიძლება ბანკის სესხი ისევ გაძვირდეს? 

მთავარი განმსაზღვრელი, რაც არის რეფინანსირების განაკვეთის დადგენისას, ესაა ინფლაციის დონე და მოლოდინები. როგორც ჩვენ ეროვნული ბანკის პრესრელიზში ვკითხულობთ, შემცირებულია ინფლაციური მოლოდინები. შესაბამისად, ამან მისცა საშუალება ეროვნულ ბანკს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეემცირებინა.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეროვნული ბანკი იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მით უმეტეს საარჩევნო კამპანიისგან და ხელს არ უწყობდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რადგან ეს დააზიანებს ქვეყანას.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები იქნება დამოუკიდებელი და ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, ფასების სტაბილურობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: