მთავარი,სიახლეები

„2 მოცეკვავე გახდა ცუდად“ – ვინ აუკრძალა „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა | ანსამბლის განმარტება

15.03.2024
„2 მოცეკვავე გახდა ცუდად“ – ვინ აუკრძალა „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა | ანსამბლის განმარტება

შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, სასახლეში არ მივიდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისინი „გზიდან გააბრუნეს“.

„ბათუმელები“ ანსამბლის ხელმძღვანელს, ბადრი დარჩიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ვისი მითითებით დაბრუნდა ანსამბლი გზიდან და რატომ?

ბადრი დარჩიძე სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ გზაში ანსამბლის ორი წევრი გახდა შეუძლოდ, მეორე მხრივ კი დასძენს, რომ მათ კულტურის ცენტრისგან ნებართვა არ ჰქონდათ და ამიტომ დაბრუნდნენ უკან.

„ორი მოცეკვავე გახდა ცუდად. გარდა ამისა, კიდევ არ იყო წერილი, რომ ნებართვით წავსულიყავით და ამიტომ დავბრუნდით უკან.

ნებართვა უნდა ყოფილიყო შუახევის კულტურის ცენტრიდან. ანსამბლი როცა გადის, უნდა იყოს წერილობითი მიწვევა და ამის საფუძველზე რაიონის ცენტრი აძლევს ნებართვას, რომ გავიდეს ღონისძიებაზე და არ იყო ეს წერილი“, – ამბობს ბადრი დარჩიძე.

მას ვკითხეთ, თუ არ იყო მიწვევის წერილი და არც თანხმობა, მაშინ რაზე დაყრდნობით მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე?

ბადრი დარჩიძემ გვითხრა, რომ ისინი „გადმორეკილ ზარებს“ დაეყრდნენ.

„ნინო რაზმაძე დაგვიკავშირდა. ის კურირებს ხოლმე ასეთ ღონისძიებებს და გვითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავით. შევემზადეთ, მაგრამ მოხდა ისეთნაირად, რომ წერილი არ იყო მოსული.

ზუსტად არც ვიცოდით, სად მივდიოდით. ასე ვიცოდით, რომ შევარდნაძის „გარდენიაში“ უნდა ჩავსულიყავით ღონისძიებაზე. პრეზიდენტი ესწრებოდა თუ არა, ეს არ ვიცოდით“, – ამბობს ბადრი დარჩიძე.

მან სხვა დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა.

ანსამბლი „ფესვები“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ანსამბლის ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება.

სალომე ზურაბიშვილი მომხდარს „კულტურულ ბოლშევიზმს“ უწოდებს.

___

„თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია.

სამწუხაროა. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ძალიან ვწუხვარ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბათუმელები“ დეტალების გასარკვევად ნინო რაზმაძესთანაც ცდილობდა დაკავშირებას. ის ჯერჯერობით ტელეფონს არ პასუხობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: