კახოვკის წყალსაცავის განადგურების ზემოქმედების ბაქტერიოლოგიური კვლევის უახლესი შედეგები ადასტურებს, რომ „შავი ზღვა მნიშვნელოვნად დაბინძურდა ბაქტერიოლოგიურად“. საუბარია შავი ზღვის წყლებში, ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში აღებულ ნიმუშებზე, რომლებშიც აღმოჩნდა პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები; ოდესის ყურის წყლებში კი გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც „მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ციანობაქტერიების რაოდენობა შემოდგომისთვის ნორმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები შესაძლოა კვლავ ცირკულირდეს ზღვის მიკროორგანიზმების ჯგუფებში“ – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში. – „ეს ვითარება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს სხვა დამაბინძურებლების შემოტანით [შავ ზღვაში] სამხედრო მოქმედებების შედეგად, რომლებიც ამჟამად გრძელდება. ამიტომ საჭიროა შემდგომი რეგულარული მონიტორინგი“.
კვლევის ანგარიში EU4EMBLAS პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. EMBLAS – „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტია, რომელსაც ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.
გასულ ზაფხულს რუსეთის არმიის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებამ გამოიწვია ფერმების დატბორვა, დახოცილი პირუტყვისა და სასაფლაოების ჩამორეცხვა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების განადგურება.
„შავი ზღვის წყლები დაბინძურდა ქიმიურად და ბაქტერიოლოგიურად, შესაბამისად შავ ზღვაში პათოგენური და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალი იყო“, – წერია ანგარიშში.
ამიტომ 2023 წლის 13-14 ივნისს, EU4EMBLAS პროექტის მხარდაჭერით, წყლის ნიმუშები შეგროვდა ოჩაკოვისა და ოდესის ყურის რაიონებში მიკროორგანიზმების ჯგუფების ტაქსონომიურ შემადგენლობაში ცვლილებების შესაფასებლად და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაზე მათ შესამოწმებლად. შავი ზღვის მიკროორგანიზმების ჯგუფების მდგომარეობა წყლის ხარისხის ცვლილების ერთ-ერთი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, ნიმუშები ერთდროულად იქნა აღებული მდინარე დუნაიდან და შავი ზღვიდან კონსტანტასთან (რუმინეთი) ახლოს.
„შავი ზღვის წყლებში – ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილია პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები – ბეტა-ლაქტამები, სულფონამიდები, ქინოლონები, ტეტრაციკლინი, ვანკომიცინი და კოლისტინი. დნეპრო-ბუგის შესართავი ზონისა და ოდესის ყურის მიდამოებში მიკრობული თემების ანტიბიოტიკორეზისტენტობის [ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის] ინდიკატორები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალაქ კონსტანცას მახლობლად მდინარე დუნაისა და შავი ზღვის წყლებში.
ოდესის ყურის წყლებში გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ. კერძოდ, გავრცელებული იყო პლანქტონრიქსი, აფანიზომენონი და მიკროკისტისი, რომლებსაც შეუძლიათ წყალმცენარეების აყვავების დროს ტოქსინების გამომუშავება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
- რატომ არის ზღვაში საშიში ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები?
ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა არის პროცესი, როცა ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ შეუცვლელ როლს ასრულებენ ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ისინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ პრაქტიკაში, მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობასა და აკვაკულტურაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები ხდება არაეფექტური, რის გამოც ინფექციების მკურნალობა სულ უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.
შავ ზღვაში ა-რეზისტენტობის გენები პირველად 2022 წელს, ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის ფარგლებში აღმოაჩინეს. პირველი კვლევისას შესწავლილ იქნა ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ემუქრება ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს: ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები და კოლისტინი.
მკვლევრები მაშინაც და ახლაც მიიჩნევენ, რომ საჭიროა ა-რეზისტენტობის გენების რეგულარული მონიტორინგი შავი ზღვისა და მასში ძირითადად შემოდინებულ მდინარეებში.
_____
ამავე თემაზე:
მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა
შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები