მთავარი,სიახლეები

მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

11.07.2016
მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

მოკლული ჯარისკაცის – როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭა პროკურატურამ. ადვოკატ რამინ პაპიძის შეფასებით, ხელისუფლებამ ეს სტრასბურგის სასამართლოს თვალის ასახვევად გააკეთა, რადგან მკვლელობიდან ზუსტად 8 წელი გავიდა და გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როინ შავაძის მკვლელობა საქართველოს საერთო სასამართლოებს არ განუხილავთ.

როინ შავაძის ქვრივმა გამოძიების დაუსრულებლობის გამო მიმართა ევროპის ადამიანის უფლებთა დაცვის სასამართლოს. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. “ივანიშვილის ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი საჩივრის პასუხად მისწერა, რომ როინ შავაძის მკვლელობით როინ შავაძის ოჯახს არანაირი მატერიალური და მორალური ზიანი არ მისდგომია”, – აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის რიგითი წევრი იყო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: