საქართველოს კულტურის სამინისტრო თბილისში, სანაპიროს ქუჩა №4-ში მდებარე შენობის გარე პერიმეტრის შემოღობვას და დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულებას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს, რისთვისაც 2,2 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.
სამინისტროს განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აგრომშენსერვისმა“, რომელიც სამინისტროს შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, „ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება“.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შენობის რემონტი მაქსიმუმ 2023 წლის 12 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, რაშიც 4 888 442 ლარი დაიხარჯებოდა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აგრომშენსერვისისთვის“, დღევანდელი მდგომარეობით, ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 3 635 203 ლარი, სამუშაოების დასასრულებლად კი, სამინისტრო დამატებით 2 276 341 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს. დოკუმენტებიდან არ ჩანს, თუ ვისთან აპირებს სამინისტრო ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ სამინისტროს შენობის რემონტი დაგეგმილზე 1 მილიონ 23 ათას 102 ლარით მეტი დაუჯდება.
„ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით და სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირების მიზნიდან გამომდინარე, შესყიდვის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება ატარებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც 2 276 341 ლარის გამარტივებული წესით დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სამინისტროს განაცხადს 2023 წლის 27 ნოემბერს განიხილავს.
სამინისტროს განაცხადის მიხედვით:
- „იმისათვის, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში, მათ შორის, შენობის გარე ტერიტორიის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების მინიმალური მოთხოვნების დაცვა და აღნიშნულისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აუცილებლობას წარმოადგენს შენობის გარე ტერიტორიის შემოღობვა;
- ამასთანავე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა და შენობაში არსებული, გარემონტებული ოთახების რიცხოვნობის გათვალისწინებით, საჭიროა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შენობის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანამშრომლებისათვის საჭირო შესაბამისი სამუშაო სივრცის მოწყობა;
- კომპანიის მიერ, ასევე დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდა სამინისტროს სათათბირო ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს სამინისტროს სათანადო ფუნქციონირებას, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს ესაჭიროება შეხვედრებისთვის შესაბამისი სივრცე;
- სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სამინისტროში არსებული ქონება/აქტივები, მათ შორის, საარქივო მასალა გადატანილ იქნა სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი სათანადო დაცვისა და აღრიცხვისათვის, საჭიროა შესაბამისი სასაწყობე სივრცის მოწყობა.“
ამავე განაცხადის მიხედვით, კომპანიას უნდა გაერემონტებინა სამინისტროს შენობის პირველი სართულიც და უნდა უზრუნველეყო შენობის გარე ტერიტორიაზე არსებული ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობაში სასაწყობე სივრცეებისა და შენობის გარე ტერიტორიაზე ღობის მშენებლობა „რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.“
სამინისტროს განცხადებით, კომპანიამ სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ ეზოში დაანგრია დამხმარე ნაგებობა, „რომლის უკანა კედელიც ესაზღვრებოდა სკოლას და ასრულებდა ღობის დანიშნულებას. შენობის რეაბილიტაციის პროცესში საჭირო გახდა ღობის ნაწილობრივი დემონტაჟი, რის გამოც, ამჟამად, სამინისტროს ტერიტორია არის დაუცველი და საჭიროებს უმოკლეს ვადებში ღობის მოწყობას.“
სამინისტრო სამუშაოების [თბილისში სანაპიროს 4-ში მდებარე სამინისტროს შენობის პირველი სართულის, ეზოს, საბრიფინგოს, საწყობის და სათათბირო დარბაზის რეაბილიტაცია] დასრულებას გამარტივებული წესით ახალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში გეგმავს.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარება, პოტენციური რისკების/საფრთხეების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს და ხანგრძლივმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს სამინისტროსთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელების შეფერხება.“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.
შესყიდვების პორტალისა და აქვე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით:
კულტურის სამინისტროს 2021 წლის 27 დეკემბერს ტენდერი 5 622 768 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მასში „აგრომშენსერვისის“ გარდა კიდევ 5 კომპანია მონაწილეობდა, „აგრომშენსერვისს“ კი ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დასახელებული. სამინისტრომაც ხელშეკრულება მასთან გააფორმა 2022 წლის 11 თებერვალს – 4 888 442 ლარზე.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 9 თვეში, ანუ 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ხელშეკრულებაში 4-ჯერ შეცდომა გაასწორეს და 15-ჯერ შეიტანეს ცვლილება.
„ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადად დადგინდა 2023 წლის 11 თებერვალი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2023 წლის 19 ოქტომბერი… აღნიშნულ პერიოდში ამოიწურა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების წარმოების ვადა, ხოლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.“ – წერს სამინისტრო.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულების ვადა 9 თვის წინ ამოიწურა, ხოლო ხელშეკრულების ვადა ერთი თვის წინ, შესყიდვების პორტალზე, 2023 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროს არ აუტვირთია დოკუმენტაცია კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის, ან მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
შავ სიაშიც „აგრომშენსერვისი“ ორი დღის წინ, 2023 წლის 21 ნოემბერს შეიყვანეს, თუმცა, არა კულტურის სამინისტროს, არამედ სხვა უწყების მიმართვის გამო.