მთავარი,სიახლეები

კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა

23.11.2023 •
კაცს ბათუმში 13 წლის გერზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ – ის მოსამართლემ გაამართლა

კაცს, რომელის ბათუმში ცხოვრობს და პროკურატურა ოჯახში ძალადობას, ასევე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, რ.ვ. სექსუალურად ძალადობდა გერზე, რომელიც 14 წლის არ იყო. გამოძიება მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

რ.ვ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს: „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული კაცი სამი წელი ძალადობდა მოზარდზე – გერზე. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული კაცი სექსუალურად ძალადობდა მოზარდზე საკუთარ სახლში 2020 წელს, 2021 წელს და 2022 წელს, როცა ერთ დღესაც მოზარდმა 112-ში დარეკა.

„2020 წლის ივლისში, ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, რ. ვ-მ იძალადა ოჯახის წევრებზე, კერძოდ, არასრულწლოვანი გერის – ა. კ-ის თანდასწრებით, ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ლ. დ-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახის არეში დარტყმებით, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ოჯახის წევრს, გერს – ა. კ-ს თმის მოქაჩვითა და სახის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა. კ-მ და ლ. დ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილების იმ ნაწილში, სადაც ოჯახში ძალადობის ეპიზოდია აღწერილი.

2022 წლის 18 ნოემბერს მიღებული განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული კაცი რ.ვ. გაამართლა. რ. ვ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა. პროკურორ პაატა ცეცხლაძეს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს.

საქმის მასალების მიედვით, 112-ში თავდაპირველად 13 წლის მოზარდს დაურეკავს და უთქვამს, რომ მის დედაზე მამინაცვალი ძალადობს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, „დაზარალებულმა ა. კ-მ არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო რ. ვ-ის მიერ მისი და დედის – ლ. დ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობებისა და ა. კ-ის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენის ფაქტი.

დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ მოსწონდა, რომ სიმთვრალის დროს რ. ვ-ძე ეკამათებოდა დედას, რის გამოც სურდა, რომ ლ. დ-ძე და რ. ვ-ძე დაშორებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ მიზნით მოუგონა რ. ვ-ს ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური ქმედებების ამბები.

ა. კ-მ უარყო მის გამოკითხვის ოქმებში მითითებული რ. ვ-ის მიერ ფიზიკური ძალადობებისა და სექსუალური ქმედებების ჩადენის შესახებ ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციები რ. ვ-ის ქმედებებთან დაკავშირებით მან მოიგონა და რეალურად აღნიშნული ქმედებები რ. ვ-ს არ ჩაუდენია.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი და რ. ვ-ს ბრალად წარდგენილი არცერთი ქმედება არ ჩაუდენია,“ – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

სასამართლოს საერთოდ არ მისცა ჩვენება მოზარდის დედამ, მოწმის სახით გამოკითხულ მ.კ-ს კი, უთქვამს, რომ იმ დღეს მობილურზე შვილიშვილმა დარეკა და თქვა, დედა და მისი ქმარი ჩხუბობენო.

„…დაუყოვნებლივ მივიდა შვილის ბინაში, სადაც არეულობა არ შეიმჩნეოდა, ლ-ი იყო განერვიულებული. მოწმე მიხვდა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა კამათს, მას არაფერი უკითხავს, ორივე შვილიშვილი წაიყვანა საკუთარ ბინაში. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, რა მოხდა 2022 წლის 16 ივლისს მის შვილს – ლ. დ-სა და რ. ვ-ეს შორის, იგი უშუალო კონფლიქტს არ შესწრებია, მას დაურეკა შვილიშვილმა – ა. კ-მ და უთხრა, რომ მშობლები ჩხუბობდნენ და აღარ უნდოდა მათი ჩხუბის მოსმენა. მოწმის განმარტებით, ლ. დ-ს მისთვის არ უთქვამს მის მიმართ რაიმე სახის ძალადობის ჩადენის შესახებ,“ – უთქვამს მოწმეს.

„ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც რ. ვ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

ამ თემაზე:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: