ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

23.11.2023
ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს.

პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.“

ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ქონების მიმღები პირი, „უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ზემოთ აღნიშნული იურიდიული პირებისთვის/დაწესებულებებისთვის ქონების გადაცემაზე ბათუმის მერიის სახელით უფლებამოსილია „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“.

ასევე, „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „ბათუმის ბულვარი“, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის დროს.

პროექტის მიხედვით, ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღების და ქონების გადაცემაზე განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი/თანამშრომელი.

  • ქალაქის საკრებულო დადგენილების პროექტს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო გარევაჭრობაზე მერიის მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებს, ბულვარის ტერიტორიაზე – ბულვარის, ხოლო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე – ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია.

25 ოქტომბრიდან მთავარი სიახლე იყო ის, რომ მუნიციპალურ ინსპექციას [ასევე, ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციებს] უფლება მიეცათ რეაგირება მოახდინონ „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც.

ასეთ შემთხვევაში გარემოვაჭრე დაჯარიმდება 500 ლარით „სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.“

ამ თემაზე ვრცლად:

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: