უკრაინაში რუსული ჯარები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკას. მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის 1 ბავშვია.
ასევე, ინფორმაცია ვრცელდება 20-მდე დაჭრილის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს.
კონსტანტინოვკაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალურ ბაზარს S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენებით დაარტყეს, იარაღის ტიპი ჯერ კიდევ ზუსტდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა. მან სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც დაკარგა ახლობლები და თქვა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.