მთავარი,სიახლეები

1კვ. მეტრი 2400 ლარიდან – ხელვაჩაურის მერიამ სარფში საიჯარო ფასი გაზარდა

28.07.2023 •
1კვ. მეტრი 2400 ლარიდან – ხელვაჩაურის მერიამ სარფში საიჯარო ფასი გაზარდა

სარფში, საბაჟო პუნქტთან ახლოს მდებარე კომერციული ობიექტების საიჯარო ფასი ხელვაჩაურის მერიამ წელს კოლოსალურად გაზარდა. აქ ერთი კვ. მეტრის საწყისი ფასი 2400 ლარი იქნება.

შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. საკრებულომ ეს საკითხი 28 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

ობიექტები, რომელთა განკარგვასაც მერია აუქციონით გეგმავს, ამ დროისთვის ფუნქციურია, აქ მოიჯარეები აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ, რომელთა უმეტესობაც ვადაგასულია.

ამჟამად აქ სწრაფი კვების ობიექტები, მაღაზიები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები აქვთ გახსნილი. 

მოიჯარეების თქმით, საიჯარო ფასის გაზრდის შესახებ მერიას მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამბობენ იმასაც, რომ მათი ადგილით რუსეთის მოქალაქეა დაინტერესებული, რომელსაც აქ კაზინოს გახსნა სურს.

სარფი – ჯიხურები საბაჟო გამსვლელ პუნქტთან, რომელთა გასხვისებასაც ხელვაჩაურის მერია საიჯარო წესით გეგმავს

„არაოფიციალურად გვითხრეს, არ მიიღოთ მონაწილეობა და განმეორებით დაბალი ფასით გამოვიტანთო. მაგრამ გავიგეთ ისიც, რომ გვატყუებენ. აქ მოსულები იყვნენ თითქოს გზის თაობაზე – მაინც გზა გადის და ჯიხურებს გზის იქით მხარეს გადავიტანთო. გზის იქით სად არის ამხელა ადგილი, რომ გადაიტანონ? – ამ ადგილზე რუსეთის მოქალაქეს კაზინოს გაკეთება უნდა. თუმცა, არ ვიცით დაზუსტებით“, – გვითხრა  მოიჯარემ, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ მოისურვა.

ახალი ინვესტორის შესაძლო შემოსვლის ამბავი სხვებმაც ახსენეს.

„ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, ძალიან ავღელდით. ამხელა თანხის დადება ამ მაღაზიებზე ძალიან დიდი სისულელეა, კვადრატზე 2400 ლარი წელიწადში, თითოეულს 18 კვ.მეტრი მაინც გვაქვს. დილიდან აქ ვართ. ხალხი გაუბედურებულია. იმიტომ ვაძლევთ ხელისუფლებას ხმას, რომ ეს გაგვიკეთოს? აქედან გაგვყაროს? – ჭორის სახით ვიცით, რომ მსხვილი ბიზნესმენი აპირებს შემოსვლას. ჩვენთვის ეს პურის ფულია და აქედან გვყრიან. საიდან დაგვიდგინეს ეს ფასები? – ავღელდით ძალიან“, – ამბობს ლუდმილა გოროჟენკო.

დღეს სარფში პოლიციაც იყო მობილიზებული – სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მოიჯარეები აქციას გეგმავდნენ

მოიჯარეების ინფორმაციით, ისინი პანდემიამდე 1 კვ.მეტრში 80 ლარს იხდიდნენ, პანდემიის პერიოდში კი  გადასახადები არ გადაუხდიათ, რადგან ობიექტები დაკეტილი იყო.

„ძირითადად სწრაფი კვების ობიექტები გვაქვს. გავიგეთ, რომ მერია გადასახადს ზრდის. ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ჩვენ ამხელა გადასახადს ვერ გადავიხდით. ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაღაც პერიოდში ჩვენ 1 კვ.მეტრზე 130 ლარს ვიხდიდით, ჯამში 2600 ლარი გამოდიოდა. შემდეგ დაგვიკლეს პანდემიის გამო და 1კვ.მეტრზე 80 ლარი იყო გადასახადი“, – ამბობს მარინა კომახიძე.

„ამხელა გადასახადს ჩვენ ნამდვილად ვერ გავწვდებით, 12 წელია, რაც ეს ჯიხურები გვაქვს, არანაირ გადასახადს არ ვიხდით. გზა გადის და მაღაზიებიც უნდა ავიღოთო გვითხრეს. სოფელი, ფაქტობრივად, იქნება მკვდარი, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ამით არ გავმდიდრებულვართ, ოჯახები ვირჩენდით თავს“, – ამბობს  ხათუნა ჯევაიში.

განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია საიჯარო წესით გაასხვისებს 208 კვ.მეტრს ახალსოფელშიც. თუმცა აქ საწყისი საიჯარო ფასი 3640 ლარი იქნება, რაც კვ.მეტრზე 17,5 ლარია.

მერიის გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აპროტესტებს. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა ჯევაიშის განმარტებით, ის თანხა, რასაც ხელვაჩაურის მერია 1 კვ.მეტრში ითხოვს, აჩენს ეჭვს, რომ მერიას ამ ადგილის „გათავისუფლება“ უნდა.

დაინტერესებულ ინვესტორზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ინფორმაცია ფრაქციასაც აქვს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 28 ივლისს, 12 საათზე, საკრებულოს სხდომა იმართება, სადაც საიჯარო ფასების გაზრდასაც უყრიან კენჭს, მოსახლეობა კი ხელვაჩაურის კულტურის სახლში ავტობანის პროექტის განხილვაზე დაიბარეს. შეხვედრიდან როცა გამოვლენ, გაძვირებული ფასი დახვდებათ.“

მამუკა ჯევაიში – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი

ხელვაჩაურის მერიის განმარტებით, ფასი აუდიტმა განსაზღვრა.

განკარგულების პროექტს თანდართული აქვს აუდიტის დასკვნა. ავტორი შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტია“. დასკვნის მიხედვით, აუდიტორებმა საიჯარო ფასი „პროფესიული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე ჩატარებული განსჯის შედეგად“ განსაზღვრეს.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია რა მეთოდით განსაზღვრა აუდიტმა 1 კვ.მეტრი საიჯარო ღირებულება გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე სხვა აუდიტორულმა კომპანიამ ბათუმში ზღვასთან ახლოს მდებარე ფართობების ფასი.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას პროკურატურაში გადააგზავნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: