მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვარიკოზული ვენები ზაფხულში და მათი მკურნალობა – ინტერვიუ სისხლძარღვთა ქირურგთან

18.07.2023 • 2634
ვარიკოზული ვენები ზაფხულში და მათი მკურნალობა – ინტერვიუ სისხლძარღვთა ქირურგთან

ზაფხული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისა და დაავადებასთან დაკავშირებული გართულებების პერიოდია. ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ზაფხულში ვარიკოზის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსა და მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.

  • ბატონო არჩილ, რა ემართება ვენებს ვარიკოზული დაავადების დროს?

ვენების ვარიკოზული დაავადება, იგივე ვენების გაფართოება, არის დაავადება, როდესაც ვენები დიდდება სიგანეში, არ მუშაობენ სარქვლები, აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ სისხლი ავიდეს კიდურებიდან ზევით, სისხლის რაღაც ნაწილი ბრუნდება უკან, კიდურში და ეს კიდევ უფრო მეტად აფართოებს ვენებს. 

ვარიკოზის მთავარი სიმპტომებია ქვედა კიდურების შეშუპება (შეშუპება კოჭის არეში შემთხვევათა 50 პროცენტში განპირობებულია ვენური პრობლემებით, თუმცა შეიძლება იყოს სახსრის პრობლემაც), ქავილის შეგრძნება; ასევე კიდურის ფერის ცვლა (უფრო წვივის არეში), კიდური ჯერ ღია ყავისფერი ხდება, მერე ნელ-ნელა მუქდება და გადადის მოშავო ფერში; შემდეგი კი უფრო მძიმე სტადიაა, როცა ადამიანს უჩნდება ვენური წყლული.

  • ზაფხულის სეზონზე რატომ მწვავდება ვარიკოზის სიმპტომები?

ცხელ პერიოდში უფრო უჭირს სისხლს მოძრაობა გაფართოებულ ვენებში, ამიტომ ადამიანს უფრო მეტად უშუპდება ქვემო კიდურები და ემატება სიმპტომები.

 გარდა ამისა, სიცხეს პირდაპირი კავშირი აქვს ვენების უფრო მეტად გაფართოებასთან და ეს ორი ფაქტორი განაპირობებს სიმპტომების მატებას ზაფხულში.

  • როგორია ვარიკოზის მკურნალობა?

ვარიკოზის მკურნალობის მეთოდები შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად:

კოსმეტიკური მკურნალობა, რომლის დანიშნულებაც არის უბრალოდ კიდურების ვიზუალური გაუმჯობესება. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა სიმპტომები არ აქვს პაციენტს, მაგრამ აქვს გამოხატული წვრილი კაპილარები. ასეთ დროს შეიძლება გაკეთდეს სკლერო-თერაპია, რომ კიდურები იყოს ნორმალურ ელფერის. სკლერო – თერაპიის დროს, ასე ვთქვათ, წებო შეგვყავს გაფართოებულ ვენაში, შეიძლება ეს იყოს კაპილარი, რომელიც ბადესავით არის კანზე, ან უფრო დიდი ვენა; ამ ვენიდან გამოგვაქვს სისხლი, რაც ვენის კედლებს ერთმანეთზე აწებებს და ვენა ვიზუალურად უკვე აღარ ჩანს. ფუნქციურად ეს ვენები ისედაც მუშაობდნენ მინუსში ანუ უკუღმა, ამიტომ, როცა ვენები დაიხურება, ეს კიდურის სისხლის მომარაგებაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

კონსერვატიული მკურნალობა – გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც სარქვლები ჯერ კიდევ მუშაობენ, ანუ არ ატარებენ სისხლს უკან, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ კონსერვატიული მკურნალობით, ელასტიკური კომპრესიით ან ვენოტონიკებით, მივაღწიოთ გარკვეულ დადებით შედეგს. ეს მკურნალობა ტარდება პერიოდულად, ერთი კურსი საკმარისი არ არის.

ქირურგიულ მკურნალობა – ამ შემთხვევაში მთავარი ჩვენებაა სარქვლოვანი უკმარისობა. სარქვლოვანი უკმარისობის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ექოსკოპიურად. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ვარიკოზული დაავადება, უნდა ჩაუტარდეს ექოსკოპია იმისთვის, რომ ვნახოთ მუშაობს მისი სარქვლები თუ არა, რა დიამეტრის არის ვენები, რომლებსაც თვალით ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დაახლოებითი პროგნოზი, რას შეიძლება ველოდოთ გაფართოებული ვენებიდან და თუ არის სარქვლოვანი უკმარისობა, დავგეგმოთ ოპერატიული მკურნალობა.

ვარიკოზის ოპერაციული მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში არის ორი ტიპის – ღია კლასიკური ოპერაცია და ლაზერული აბლაცია.

  • რა განსხვავებაა ღია წესით ჩატარებულ ოპერაციასა და ლაზერულ აბლაციას შორის?

ღია ოპერაცია ტარდება ნარკოზის ქვეშ. პაციენტის კიდურიდან, განაკვეთიდან ხდება ამოღება ვენების და პაციენტი მეორე დღეს მიდის სახლში. მთელ სიგრძეზე დაზიანებული ვენები ამოიკვეთება ორი პატარა განაკვეთიდან, სპეციალური მოწყობილობის, სტრიპერის საშუალებით და პაციენტს ეს ვენა უკვე აღარ გააჩნია კიდურში.

პაციენტები ხშირად მეკითხებიან, როგორ იცხოვრებენ მერე ვენის გარეშე. საქმე ის არის, რომ ეს არ არის მთავარი და არც ღრმა ვენური სისტემა, ეს არის ზედაპირული ვენა, რომელიც ისედაც მუშაობს უკუღმა.

ამ მეთოდის ალტერნატივა არის თანამედროვე მეთოდი – ლაზერული აბლაცია. ამ დროს ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, ნაჩხვლეტიდან (როგორც ინიექციის ნაჩხვლეტიდან) შეგვყავს ლაზერული მოწყობილობა ვენაში და ვხურავთ ვენას შიგნიდან, იმისთვის, რომ გაფართოებულ ვენაში სისხლმა უკან არ იმოძრაოს. ამ პროცედურიდან ერთ საათში ადამიანი ეწერება კლინიკიდან, შეუძლია სამსახურშიც დაბრუნდეს.

როგორც კლასიკურ, ღია წესით ჩატარებულ ოპერაციას, ისე ლაზერულ აბლაციას აქვს ზუსტად ერთნაირი შედეგი, რაც დადასტურებულია თანამედროვე პროტოკოლებით, სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ლაზერული აბლაცია პაციენტისთვის უფრო კომფორტულია და იოლი გადასატანია, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის განაკვეთები, არ არის ნარკოზი და პრაქტიკულად არ არის რეაბილიტაციური პერიოდი.

თანამედროვე მედიცინის, ლაზერული აბლაციის მიღწევა ის არის, პრაქტიკულად არ არსებობს პაციენტები, რომელთათვისაც არ შეიძლება ამ ოპერაციის ჩატარება.

  • ლაზერული აბლაციის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ვენის ამოღება, ვიზუალურად გამოხატული ვენა რჩება თუ სწორდება?

ოპერაციული მკურნალობის (ღია წესით და ლაზერული წესით) დროს მარტო სიმპტომებს არ ვმკურნალობთ, ჩვენ ასევე ვმკურნალობთ კოსმეტიკურ დეფექტსაც, ე.წ. ყურძნის მტევნის მსგავს ვენებს. გარდა ვენის ამოღებისა, ეს ეფექტი ლაზერული აბლაციის დროსაც არის შესაძლებელი.

პირველ რიგში, როცა ჩვენ დავხურავთ მთავარ ვენას, რომელიც ამ პრობლემას იწვევს, უკვე გაფართოებული ვენები თავისითაც იკლებენ დიამეტრში და უკვე ნაკლებად ჩანან. მაგრამ ოპერაციაზე ასევე ვაფასებთ, არის თუ არა საჭირო დამატებითი, პატარა, 0,3 მმ იანი განაკვეთებიდან ამოიკვეთოს ეს გაფართოებული შენაკადები; ან, შეიძლება, ლაზერული აბლაცია კომბინაციაში გაკეთდეს სკლეროთერაპიასთან ერთად.

რეკომენდაციები:

  • ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულში, რომ დავეხმაროთ გაფართოებულ ვენებს – ეს პირველ რიგში არის მინიმალური სტატიკური დატვირთვა, ანუ დიდი ხანი ერთ ადგილზე ჯდომისგან/დგომისგან თავის არიდება;
  • თუ გვიწევს სამსახურში, ოფისში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, ყოველ 40-60 წუთში ჩავატაროთ მცირე ვარჯიში, რომ სისხლი უფრო კარგად ამოძრავდეს; საქმე ის არის, რომ წვივის კუნთები არის ძალიან ძლიერი ტუმბო;
  • ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ გვაქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, არ არის რეკომენდებული მზის პირდაპირი, ულტრაიისფერი სხივების ქვეშ მოხვედრა და გარუჯვა. ეს გაფართოებულ ვენაში სისხლის შეგუბების კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია, ამიტომ ზღვაზე აუცილებლად უნდა ვიყოთ ქოლგის ქვეშ, რომ ავირიდოთ მზის პირდაპირი სხივები.
  •  თუ ადამიანს ფიზიკურად დატვირთული სამუშაო აქვს და დადასტურებული აქვს ვარიკოზული დაავადება, უნდა ატაროს ელასტიკური კომპრესია, რომელსაც პაციენტს მოარგებს ექიმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: