ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟებს საზაფხულოდ ასხვისებს – აუქციონები დაწყებულია

15.05.2023 • 2137
ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟებს საზაფხულოდ ასხვისებს – აუქციონები დაწყებულია

გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ბათუმის მერია ნაკვეთებს ოთხთვიანი იჯარით გასცემს, რისთვისაც აუქციონები გამოაცხადა.

მერიას იჯარით გასაცემად ამჯერად 61 ნაკვეთი აქვს გამოტანილი ელექტრონულ აუქციონზე. ამ ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია და 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს.

შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ნაკვეთის 4 თვით სარგებლობის საიჯარო გადასახადიც.

მაგალითად:

  • 240 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური 2 808 ლარია [ბიჯი 85 ლარი];
  • 364 კვ.მ ფართობის ნაკვეთის – 4 260 ლარი;
  • 402 კვ.მ ფართობის ნაკვეთის – 4 704 ლარი [ბიჯი – 141 ლარი];
  • 657 კვ.მ ფართობის ნაკვეთის – 7 688 ლარი;
  • 754 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური კი – 8 822 ლარი [ბიჯი 256 ლარი].

აუქციონზე იჯარით გასაცემი პლაჟების სარგებლობის ვადები და პირობები თითქმის ყველა ნაკვეთისთვის იდენტურია:

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 2023 წლის პირველი ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და დაუზიანებელი საპლაჟე ინფრასტრუქტურა [შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი];

მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ასევე ვალდებულია:

  • სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
  • განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა,  დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.
  • მოიჯარეს [აუქციონში გამარჯვებულს] ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე [პლაჟის მონაკვეთზე] საპლაჟე ინფრასტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
  • მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;
  • მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს მეიჯარის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე;
  • მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა.

აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 22 მაისს დასრულდება.

როცა ბათუმის მერია პლაჟის იჯარით გაცემაზე საწყის ფასს ადგენდა, ითქვა, რომ ქალაქის მერია კაფეებისა და სხვა მცირე მასშტაბის კომერციულ ობიექტებს ერთიანი კონცეფციით თავად მოაწყობდა და შემდეგ გასცემდა იჯარით. მეორე ვერსიის თანახმად კი, პლაჟი გაიცემა პირობიან აუქციონზე – პირობა კი, ობიექტების წინასწარ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად მოწყობა იქნება.

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ „ბათუმელებთან“ არც გონიო-კვარიათის პლაჟების გარკვეული მონაკვეთების გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემაც გამორიცხა.

დღეს, 15 მაისს, მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება დეტალები და კაფე-ბარების მოწყობის პირობებით აუქციონებს ცალკე გამოაცხადებენ, „ამჯერად აუქციონები მხოლოდ საპლაჟე ინფრასტრუქტურის განთავსებაზეა გამოცხადებული და სხვა რაიმე კონსტრუქციების მოწყობას არ ითვალისწინებს. კაფე-ბარების მოწყობაზე აუქციონების გამოცხადება იგეგმება“.

ბათუმში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად 2-3 ივნისს გაიხსნება.

ამავე თემაზე:

მერია გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისების ორ ვარინტს განიხილავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: