მთავარი,სიახლეები

ხაჭაპური გაიაფდა, მაგრამ ბათუმში გაძვირდა – რას აჩვენებს ახალი ინდექსი?

13.05.2023
ხაჭაპური გაიაფდა, მაგრამ ბათუმში გაძვირდა – რას აჩვენებს ახალი ინდექსი?

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ხაჭაპური საქართველოში გაიაფდა, თუმცა ბათუმში გაძვირდა.

2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის მომზადება 5 ლარად და 99 თეთრად იყო შესაძლებელი. ეს მაჩვენებელი 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მონაცემზე, თუმცა თვიურ ჭრილში – 2023 წლის მარტთან შედარებით – ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

2023 წლის მარტთან შედარებით, აპრილში „ხაჭაპურის ინდექსი“ ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა [-14.3%]. შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით.

„გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით, აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებში.

ISET-ის მონაცემებით, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხაჭაპური გაძვირდა , რადგან ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში კი, ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა.

ISET-ის მონაცემებით, მარტთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%). ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნის-ივლისში აღწევს.

„გარდა ამისა, იმპორტირებული აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს,“ – აღნიშნავენ ISET-ში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: