მედიკამენტების არასწორად მიღება ან გარკვეული წამლების შერევა შეიძლება სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც წამლების მოხმარებას უკავშირდება, მათ შორის: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს კაფსულის გახსნამ და ზოგიერთი ტაბლეტის გაყოფამ.
- ქალბატონო დიანა, რამდენად უსაფრთხოა წამლის კაფსულის გახსნა და შიგთავსის ისე მიღება?
ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მედიკამენტს იმიტომ აქვს კაფსულა, რომ ის დაიშალოს არა კუჭში (მჟავა გარემოს ზემოქმედების შედეგად), არამედ გადავიდეს თორმეტგოჯა ნაწლავში და შემდეგ მოხდეს მისი დაშლა და ფილტრაცია წვრილ ნაწლავში. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული დრაჟეს ან კაფსულის ფორმის წამლის გახსნა და ისე მიღება.
თუ პრეპარატი იშლება კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად, ან გამაღიზიანებლად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, მაშინ ინიშნება სპეციალური ფორმით – კაფსულა/დრაჟე, რომელიც მხოლოდ წვრილ ნაწლავში იშლება.
თუ დროულად არ დავაყოლებთ წყალს და არ გადავყლაპავთ, წამალმა პირის ღრუშივე შეიძლება დაიწყოს ფერმენტების ზემოქმედების შედეგად დაშლა და შეწოვა.
კაფსულის გახსნისას ასევე შესაძლება დაირღვეს ზუსტი დოზირება შიგ მოთავსებული აქტიური ნივთიერებისა.
კაფსულის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ ეს დრაჟე ან კაფსულა ფარავს წამლის უსიამოვნო სუნს, ფერს [რაც ბავშვებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი] და არ აქვს კუჭის მჟავა გარემოს ზემოქმედებისგან დამცავი ფუნქცია.
იმ წამლის კაფსულის გახსნა, რომელიც უნდა გაიხსნას წვრილ ნაწლავში და არა კუჭში, იმოქმედებს მის ფარმაკოდინამიკასა [წამლის ორგანიზმზე ზემოქმედება] და ფარმაკოკინეტიკაზე [ნივთიერების შეწოვის, ორგანიზმში გადანაწილების, მეტაბოლიზმის და გამოყოფის საკითხები], შესაბამისად, მედიკამენტს ვერ ექნება ის მოქმედება, რაც გვჭირდება.
- რა მნიშვნელობა აქვს წამლის მიღებას ჭამამდე და ჭამის შემდეგ?
ზოგიერთი მედიკამენტი ინიშნება ჭამამდე, ზოგიერთი – ჭამის შემდეგ. ამას ის განსაზღვრავს, რომ ზოგადად, ფიზიოლოგიურ შემთხვევაში, ცარიელ კუჭში არის მჟავა გარემო და თუ გვინდა, რომ ამ მჟავა გარემომ იმოქმედოს წამალზე და მისი ბიოშეღწევადობა უკეთესი იყოს, მაშინ წამალი ინიშნება ჭამამდე, ეს ნიშნავს წამლის მიღებას კვებამდე 1 საათით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც, თუ მშიერ კუჭზე მივიღეთ, გააღიზიანებენ კუჭს. ეს მედიკამენტები მიიღება ჭამის შემდეგ [საკვებთან ერთად], რადგან საკვები ნივთიერებით შესაძლებელია კუჭში ტუტე [მჟავას ქიმიური მოწინააღმდეგე] გარემოს შექმნა. წამლის ანოტაციაში ყოველთვის წერია, როდის არის უმჯობესი ამ კონკრეტული მედიკამენტის მიღება, საკვების გარეშე, თუ საკვებთან ერთად.
- რამდენად უსაფრთხოა წამალზე წყლის გარდა სხვა სითხის დაყოლება?
უნივერსალური სითხე, ყველაზე ნეიტრალური, ჩვენს ბუნებაში არის წყალი და აუცილებელია წამლის დალევა წყლის დაყოლებით.
რძემ, მინერალურმა წყალმა, წვენებმა (განსაკუთრებით ციტრუსების), შესაძლებელია შეცვალოს წამლის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა. წამალზე სხვა სითხეების დაყოლებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გვერდითი ეფექტების (რომელიც თითქმის ყველა მედიკამენტს აქვს) განვითარებას, ცხადია, მათ შორის, არის ალკოჰოლი, რომელიც ასევე ზემოქმედებს მედიკამენტის მიერ ორგანიზმში შეღწევადობაზე.
ზოგიერთი მედიკამენტის ანოტაციაში წერია, რომ მისი დალევა საჭიროა ერთ ჭიქა/ 200 მლ.წყალთან ერთად, რათა უფრო ადვილად მოხდეს ორგანიზმში შეწოვა და გადანაწილება.
- შეიძლება თუ არა იმ ტაბლეტის გაყოფა, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი?
თუ წამალს აქვს გამყოფი, შესაძლებელია დოზის გაყოფა.
საქმე ის არის, რომ გარკვეული პათოლოგიის დროს, მოწოდებული არის კონკრეტული დოზით მკურნალობა, თუ გაყოფთ, იმ ეფექტს ვერ მივიღებთ, დაიკარგება, ანუ არასწორად მოხდება მისი კონცენრაცია სისხლში, სისხლის პლაზმაში და შესაბამისად, სამკურნალო ეფექტი საერთოდ წაიშლება. საერთოდ, მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე იმ მედიკამენტების გაყოფაც არ არის რეკომენდებული, რომელთაც აქვთ გამყოფი ხაზი.
Consumermedsafety: ზოგიერთი ტაბლეტი ძალიან პატარაა ან აქვს უჩვეულო ფორმა, ამიტომ მათი თანაბრად გაყოფა შეუძლებელია. სხვები დაფარულია ნივთიერებით, რომელიც ხელს უწყობს წამლის ნელა გამოთავისუფლებას. ასეთი ტაბლეტების გაყოფა ანადგურებს მის გარსს, რის გამოც შესაძლოა მოხდეს წამლის ძალიან სწრაფად შეწოვა.
კლივლენდის კლინიკა: კვლევამ აჩვენა, რომ გაყოფილი 8 აბიდან თითქმის 1 აბი მცირდება 20%-ზე მეტით.
- რატომ ინახავენ წამლებს მაცივარში?
მითია, რომ წამლები მაცივარში უნდა ინახებოდეს.
არის წამლების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ინახება სამაცივრე პირობებში 2-8 გრადუსზე, ასეთია ინექციები, ინსულინი, მაგალითად, ან რექტალური სანთლები, დანარჩენი მედიკამენტები უნდა შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას.
ზოგადად, მედიკამენტები კარგად შეიწოვენ სითხეს, ამიტომ უმჯობესია ნესტიან ადგილას ან ძალიან თბილ ადგილთან (მაგალითად, გაზქურის, გამათბობლის სიახლოვეს) ახლოს არ შევინახოთ.
აქვე საყურადღებოა ერთი დეტალი, რომელიც წამლის მოქმედების ვადას უკავშირდება. მაგალითად, შესაძლოა თვალის წვეთებს ეწეროს ვადა – 2023-დან 2026 წლამდე, მაგრამ თუ ეს წამალი შევიძინე, გავხსენი, გამოვიყენე, პირობითად ერთი კვირის განმავლობაში და მეტი აღარ მჭირდება, მისი მოხმარების ვადა მცირდება. ანუ წვეთების სახით წამლებს გახსნიდან 1-6 თვემდე მოქმედების ვადა გაუდით. ასევეა სუსპენზიები. ყველა ასეთ წამალს ანოტაციაში უწერია, გახსნიდან რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მათი გამოყენება.
რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ წამალი, რომელსაც შეეცვალა ფერი, ტექსტურა, სუნი და ა.შ.
შესაძლოა ნებისმიერ წამალს ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, ვთქვათ, 3 და 4 მედიკამენტის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში, ეს გვერდითი ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ აუცილებელია პაციენტმა მკაცრად დაიცვას რეცეპტში გაწერილი წესები, რომელი მედიკამენტი როგორ, რა ინტერვალით უნდა მიიღოს, რომ ერთმა მედიკამენტმა მეორე მედიკამენტზე არ იმოქმედოს – გამაძლიერებელი ეფექტი არ იქონიოს, ან პირიქით, მისი ეფექტურობა არ დათრგუნოს.
ასევე, პაციენტები ხშირად მიიჩნევენ, რომ ხალხური მედიცინით დამზადებული, ბალახეული საშუალებები, მათი ბუნებრივი წარმოშობის გამო, უსაფრთხოა მედიკამენტების პარალელურად მისაღებად, თუმცა ეს ასე არ არის. პაციენტებმა ყოველთვის უნდა უთხრან ექიმს, ხომ არ იღებენ რაიმე ბალახეულ წამალს, რადგან ის შეიძლება დანამატად მიიჩნეოდეს და დანიშნულ წამალზე ზეგავლენა მოახდინოს. ნებისმიერი ბალახეული საშუალება იგივე მეტაბოლიზმის გზას გადის და შესაძლოა მან წამლის მოქმედება გააძლიეროს ან პირიქით, შეასუსტოს.